ადამიანებმა პირველი თვითმფრინავების გაჩენიდან მალევე დაიწყეს ფრენა, თუმცა ხშირი იყო ავიაკატასტროფებიც. მიზეზის დადგენა დიდ გამოწვევას ჰგავდა, რადგან ვისაც ეცოდინებოდა, რა მოხდა სინამდვილეში, ყველა გარდაცვლილი იყო… არადა, რაც უფრო ვითარდებოდა ავიაცია, მით უფრო სწრაფი ხდებოდა ფრენები, შესაბამისად, ავიაკატასტროფების ალბათობაც იზრდებოდა და გამოსავლის პოვნაც გადაუდებელი ამოცანა იყო კაცობრიობისთვის. ამიტომაც, დეივიდ ოურენმა გადაწყვიტა, რაღაც ისეთი მოეფიქრებინა, რითაც პილოტების საუბრის გაგებას შეძლებდა ავიაკატასტროფამდე.
თუმცა, მოდით, ახლა ამ საკითხზე საუბარი ისტორიული ფაქტებით გავაგრძელოთ — 1949 წელს ბრიტანული ავიაციის კომპანია De Havilland-მა მსოფლიოში პირველი რეაქტიული თვითმფრინავი გამოუშვა — 1952-1954 წლებში დაფრინავდა, რა პერიოდშიც 7 კომეტა განადგურდა და 110 ადამიანი გარდაიცვალა. არც მომსწრე იყო, არც გადარჩენილი და არავინ, ვისაც შეეძლო მიზეზებზე ესაუბრა… ამიტომ, მალევე დიდი გამოძიება დაიწყო, საბოლოოდ კი დაადგინეს, რომ ავიაკატასტროფას ლითონის გამოფიტვა იწვევდა.
ამის პარალელურად, ავსტრალიაში სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტმა ექსპერტთა შეხვედრა გამართა, რომელთა შორისაც 28 წლის დოქტორი დევიდ უორენი გახლდათ. სწორედ უორენმა თქვა, რომ პრობლემა ინფორმაციების სიმწირეში იყო. არადა, რეალურად ის, ვინც ავიაკატასტროფის მიზეზი იცოდა, თვითმფრინავში იჯდა… ამასთან, გაახსენდა, რომ არსებობდა გერმანული დიზაინით შექმნილი მოწყობილობა, დიქტოფონი, რომელსაც ხმის ჩაწერა შეეძლო. ეს კი ზუსტად ის იყო, რაც გამოსავლის პოვნაში დაეხმარებოდა.
იმ დროს ფრენის მონაცემების ჩამწერები მხოლოდ სამხედრო ცდების თვითმფრინავებში გამოიყენებოდა და არა, კომერციულში. ხმის ჩამწერი კი საერთოდ არ იყო პრაქტიკაში დანერგილი. ეს უკანასკნელი უორენმა შეძლო, მსგავსი დიზაინით ავსტრალიაში 1950 წელს პროტოტიპი და 1954 წელს The ARL Flight Memory Unit ხმის ჩამწერი განავითარა — მოწყობილობა, რომელიც, ფრენის მონაცემებთან ერთად, ძრავისა და სხვა ხმებსაც იწერდა.
თუმცა ვერ ვიტყვით, რომ თავიდანვე დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ მას, არადა, დღეს შავი ყუთი, იგივე ფრენის ჩამწერი, აუცილებელია ყველა სამგზავრო თვითმფრინავისთვის. მიუხედავად ამისა, უორენმა პროტოტიპზე მუშაობა საკუთარ გარაჟში გააგრძელა…
საბედნიეროდ, 1957 წელს უორენს Aeronautical Research Laboratories-ში, სადაც იგი ქიმიკოსად მუშაობდა და საავიაციო საწვავი ებარა, ახალი მენეჯერი ტომ კიბლი დაუნიშნეს. სწორედ მან შესთავაზა დეივიდს დეტალური ნაშრომის შედგენა, რათა იგი ავსტრალიის საავიაციო ორგანოებში გაეგზავნა. 600 ფუნტიც კი მისცა მას პროფესიონალური დონის ჩამწერის პროტოტიპის შესაქმნელად — მიღებული მოწყობილობა 4 საათს იწერდა, თან განსაკუთრებული არაფერი სჭირდებოდა, ჩვეულებრივ ძრავის გააქტიურებისას ირთვებოდა და დაფრენისას ითიშებოდა. თუმცა ვერც ავსტრალიელები დააინტერესა. ამ ფაქტს კი იმით ხსნიან, რომ იმ დროს ავსტრალიაში ნაკლები ავიაკატასტროფა ხდებოდა…
მიუხედავად ამისა, დევიდ უორენსა და მთელ კაცობრიობას ბედმა 1958 წელს გაუღიმა, როცა British Air Registration Board-ის მდივანი Aeronautical Research Laboratories-ის ესტუმრა. როგორც აღმოჩნდა, ბრიტანელმა არაფერი იცოდა მსგავსი მოწყობილობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ადრე იგი უორენს წარდგენილი ჰქონდა ბრიტანული ავიაციისთვის… მოკლედ, მოწყობილობით მოიხიბლა და უორენს მისი გაერთიანებულ სამეფოში წაღება შესთავაზა. იქ 1 თვე გაატარა და ყველაფერი ისე გამოვიდა, რომ ფრენის ჩამწერი სავალდებულო მოწყობილობადაც იქცა ბრიტანული ავიაციისთვის, შემდგომ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
დაბოლოს, ამ შავი ყუთის ფერი თუ არ გასვენებთ, ერთ ამბავსაც მოგიყვებით — ეს მეორე მსოფლიო ომში გავრცელებულ ბრიტანულ თქმულებას უკავშირდება: რადიოების, რადარებისა და ელექტრონული სანავიგაციო სისტემების განვითარებიდან მოდის, რომლებიც ბრიტანული საიდუმლო მოწყობილობები იყო, მეტალის ყუთებში ათავსებდნენ და შავი საღებავით ღებავდნენ, რომელიც არც ირეკლავდა და დაჟანგვისგანაც იცავდა მას. იმის გამო, რომ მასში გასაიდუმლოებული ინფორმაცია იყო, ფრენის ჩამწერ მოწყობილობასაც შავი ყუთი დაარქვეს, მიუხედავად იმისა, რომ მალევე მკვეთრ ფორთოხლისფრად შეღებეს, რათა მისი პოვნა მარტივი ყოფილიყო…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი