in

პირველი ციფრული შრიფტი კომპიუტერისთვის არ შექმნილა!

შრიფტებზე აქამდეც ბევრი გვისაუბრია, რომ შექსპირის პიესებისა თუ არქიტექტურის შთაგონებით შეიქმნა, რომ ამისთვის ადამიანების სხეული და ლეგოები გამოიყენეს, რომ კიდევ ერთი ახალი შრიფტი გამოვიდა ან ახალმა ტრენდმა იჩინა თავი… თუმცა სანამ ამ ეტაპამდე მივიდოდით და ფანტაზიის უსასრულო შესაძლებლობებს გამოვავლენდით, იყო პირველი შრიფტი ისტორიაში, რომელიც ყველაფრის საწყისად შეგვიძლია ჩავთვალოთ. თუ აქ მართლწერის საკითხებს შევეხებით, ლოგიკური იქნება იმის თქმა, რომ პირველი შრიფტი გამოქვაბულის კედლებზე უნდა ვეძებოთ ან, თუ ასე შორს არ გვინდა წასვლა, ძველ ჩანაწერებში…

თუმცა ისიც მართალია, რომ თაობა ზეტის წარმომადგენლებს შრიფტებზე პირველი კომპიუტერში აკრეფილი სიტყვების ვიზუალი ახსენდებათ, მაგრამ ფაქტია, ჯერ იყო ასოების ფიზიკური, როგორც ამბობენ, კერამიკული ფორმები, შემდგომ ხის, შემდგომ მეტალის… საბოლოოდ კი, 1439 წელს იოჰან გუტენბერგის ბეჭდური პრესის გამოგონებამდე მივედით. ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა წიგნებს ხელით წერდნენ, შესაბამისად, შეზღუდული რაოდენობით და მაღალ ფასში გამოდიოდა. ამგვარად, მხოლოდ ელიტური საზოგადოების ფუფუნება გახლდათ, თუმცა მასზე დიდი მოთხოვნა სხვა ფენებშიც არსებობდა.

ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება მეტად მოგებიანი რომ იქნებოდა, გუტენბერგმაც შესანიშნავად იცოდა, ამიტომ წიგნების მასიური წარმოების გზებზე მუშაობა გადაწყვიტა. ამოცანა შემდეგი იყო — წიგნები სწრაფად უნდა ეწარმოებინათ, ფასი კი შეემცირებინათ. მან ასოების გამძლე ფორმების შექმნა გადაწყვიტა, რომლის გამოყენებას მრავალჯერადად შეძლებდა. შესაძლოა, ამ ფორმების ერთ გვერდზე მოთავსებას მთლიანი დღე დასჭირვებოდა, მაგრამ შემდგომ მის დაბეჭდვას მრავალჯერ შეძლებდნენ. გუტენბერგის ფორმები Blackletter-ის კალიგრაფიაზე იყო დაფუძნებული, რომლებიც ჩვეულებრივ დოკუმენტების შესადგენად გამოიყენებოდა. თუმცა ერთ გვერდზე არსებული ტექსტის ოდენობა შეზღუდული იყო, რის გამოც უფრო გრძელი წიგნები გამოდიოდა და მეტი დროც სჭირდებოდა.

მიუხედავად ამისა, Blackletter ბეჭდვისთვის სტანდარტულ სტილს წარმოადგენდა, ძირითადად კი იმიტომ, რომ მეტად წააგავდა იმდროინდელი ხელნაწერების სტილს. დროთა განმავლობაში არსებული პრობლემებიც მოგვარდა, საქმეში სხვა მეცნიერებიც ჩაერთნენ და Blackletter მეტად წაკითხვად თუ პრაქტიკულ შრიფტადაც აქციეს. ეს ამბები მეთხუთმეტე საუკუნიდან დაიწყო, რის შემდეგაც საზოგადოებამ უფრო მეტი შრიფტიც იხილა და გაუმჯობესებული ბეჭდვის ტექნოლოგიის მომსწრენიც გახდნენ. დიახ, ზუსტად ისე, როგორც სხვა ყველაფერი მსოფლიოში, ხელნაწერებიც გაციფრულდა და ასე მივედით Digi Grotesk-ამდე:

თუმცა გაციფრულებამ არ მოგატყუოთ და არ გეგონოთ, რომ იგი ჩვენთვის კარგად ნაცნობი კომპიუტერული ეკრანებისთვის შეიქმნა… 1968 წელს რუდოლფ ჰელმა ჯერ Digiset 50T1-შექმნა, პიონერული კათოდური სხივების საბეჭდი მანქანა, რომელიც ტექსტებს CRT გამოსახულებების შექმნით გვაწვდიდა და შემდეგ სწორედ ამ მოწყობილობისთვის წარმოგვიდგინა Digi Grotesk-ის შრიფტი — პირველი ციფრული შრიფტი, რომელსაც bitmap-ის ფორმატი ჰქონდა. მარტივად რომ აგიხსნათ, ეს პატარა ზომის შრიფტებს მეტად წაკითხვად სიმბოლოებად აქცევდა. ამგვარად კი, Hell Design Studio-ში შექმნილი პირველი ციფრული შრიფტით ჰელმა ასოების ფიზიკური ფორმები წარსულში დატოვა, მათ პატარა წერტილებისა თუ კუბიკების სახე მისცა და ეს პროცესი ციფრული ფოტოკომპოზიციიის სახით გაგვაცნო…

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

თექაზე მომუშავე არტისტის 90-იანებით შთაგონებული ნამუშევრები

AI თუ ნამდვილი ავტორი? — Amazon-ზე ყალბი წიგნები იყიდებოდა