in

“ყველაფერი ყოველთვის არაა ის, რაც ერთი შეხედვით ჩანს” – ილუსტრაციები სტიგმების წინააღმდეგ

გქონიათ განცდა, მოძრაობთ ქუჩაში ან, უბრალოდ, თქვენთვის ხართ, ხელს არავის უშლით და მაინც, უცნაურ მზერებს გრძნობთ, მოულოდნელ კომენტარებს ისმენთ? საზოგადოება ხშირად განსჯის განსხვავებული ქცევის თუ გარეგნობის გამო და თუ საკუთარ თავთან გულწრფელები ვიქნებით, შესაძლოა, საკუთარი თავიც ამოვიცნოთ მსგავს სიტუაციაში. პროექტი, რომელზეც ახლა გიამბობთ, პირველ შთაბეჭდილებას და იმ განსჯასა და სტიგმატიზაციას ეხება, რაც არცთუ იშვიათი მოვლენაა ყოველდღიურ რეალობაში. ილუსტრაციები, სახელწოდებით “პირველი შთაბეჭდილება” დამწყებმა გრაფიკოსმა დიზაინერმა სალომე ჭინჭარაულმა, ჯეოლაბისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნა. ამგვარად, მას სურდა გამოხმაურებოდა საზოგადოების განწყობას, “რომელიც ყველა გაუგებარ საკითხს ან თავისგან განსხვავებულს “გიჟს” უწოდებს”.

სალომე ჭინჭარაული: “სოციალურ გარემოში და ყოველდღიურობაში იმდენად გამჯდარია სიძულვილის ენა (ზოგჯერ ჩვენც ვერ ვსაზღვრავთ ისე ვიყენებთ ხოლმე), რომ ვერ ვიაზრებთ, სანამ ყურში ან მტკივნეულად ან სუბიექტურად არ მოგვხვდება. სულ მაწუხებდა სტიგმატიზაციის თემა და მინდოდა რამენაირად შემძლებოდა სულ მინიმალურის შეცვლა, მეთქვა, რომ ყველაფერი ყოველთვის არაა ის, რაც ერთი შეხედვით ჩანს.

ესაა GEolab-ისა და GITA-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი. გრაფიკული დიზაინის კურსი გავიარე და ეს ფინალური პროექტია. ჩემთვის ეს იმითაა მნიშვნელოვანი, რომ გავლილი კურსის ფარგლებში მიღბული ცოდნა დამეხმარა ჩემი სათქმელის ვიზუალურად გადმოცემაში და ეს, ვფიქრობ, ბევრად სჯობს მხოლოდ სიტყვით ნათქვამს. ეს კომიქსის ფორმატით შექმნილი ილუსტრაციებია და ჩვენი თანამედროვეობის ენაზე საუბრობს. ზოგჯერ იმასაც ამბობს, რის ხმამაღლა თქმასაც ვერიდებით ხოლმე. ჩემთვის, ეს ნამუშევრები კიდევ იმითაა გამორჩეული და მნიშვნელოვანი, რომ მე EBRD-ის ხელშეწყობით არსებული პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა მქონდა საექთნო მიმართულებით თარგმნილი ლიტერატურა დამერედაქტირებინა და სხვებზე მეტად გავცნობოდი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც სულ მწვავეა და რატომღაც ნაკლებმნიშვნელოვანი. სწორედ ეს სათავეები გახდა იმის განმაპირობებელი, რომ ჩემეული ფორმით მეთქვა, რომ პირველი შთაბეჭდილება შეიძლება (ხშირად) მცდარი იყოს და რომ ყველა შეიძლება ჩემი კომიქსის მთავარი გმირის ადგილას აღმოვჩნდეთ. ტოლერანტობა და ემპათია გვმართებს ერთმანეთის მიმართ და მეტი პასუხისმგებლობა, როგორც ინდივიდებსა და საზოგადოების წევრებს.”

“აბა, მნახე, ვინა ვარ!” – “რიგის” ქალაქთან დამეგობრების არნახული ამბავი

Lenovo-ს ახალი ლეპტოპი, რომელშიც უსადენო ყურსასმენებს დამუხტავთ