სკანირებამ ერთ დროს ქაღალდზე დატანილი დოკუმენტების შენახვის პრობლემა მოაგვარა, ფიზიკური მასალები გააციფრულა და ასე მეტად პრაქტიკული გზა შესთავაზა კაცობრიობას. ფურცლების დანაკარგიც შეამცირა, საქმეც ააჩქარა და დოკუმენტების მიმოცვლის საკითხიც გაგვიმარტივა… სკანერის ისტორიაში ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურა იკვეთება, რაც სულ პირველის დადგენას ართულებს, თუმცა, ახლა ჩვენ იმის შესახებ მოგვიყვებით, რომლის ისტორიაც ყველაზე ადრე, 1860-იან წლებში, დაიწყო.
თანამედროვე სკანერების საწყისად „პანტელეგრაფი“ მიიჩნევა, რომლის ავტორიც ჯოვანი კასელი გახლავთ. თუმცა, სანამ კასელი პანტელეგრაფს შემოგვთავაზებდა, ფლორენციის უნივერსიტეტში შეისწავლიდა, როგორ გადაიცემოდა სურათები ტელეგრაფის დახმარებით. პირველი პანტელეგრაფი კი 1958 წელს შექმნა — სკანირებისა და სურათების წარმოებისთვის ელექტრომაგნიტებს იყენებდა, ხოლო შემდეგ ტელეგრაფის ხაზებით გადასცემდა.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოძრავი ქანქარის დახმარებით რეციპიენტი გამოსახულებას ელექტრული დენის მეშვეობით მიიღებდა, რომელიც ქაღალდის თითოეულ წერტილში გაივლიდა, რა დროსაც სკანერი სიბნელეს დაინახავდა და ქაღალდს სპეციალური ქიმიური ნივთიერებებით შეღებავდა. პანტელეგრაფით ხელმოწერების, ხელნაწერებისა და ნახატების გადაცემა იყო შესაძლებელი 150×100 მმ-ის მასშტაბზე.
როგორც ვიგებთ, ამ გამოგონებით კასელმა იმდროინდელი ლიდერების, ტოსკანის ჰერცოგის ლეოპოლდ II-ისა და ნაპოლეონ III-ის ყურადღება მიიპყრო…
პრაქტიკაში კი 1860 წელს მისი გრძელ მანძილზე მუშაობის შესაძლებლობები გამოცადეს — 140 კილომეტრის მანძილზე პარიზსა და ამიენს შორის ტელეგრაფის ხაზის გამოყენებით კასელმა წარმატებით გაგზავნა კომპოზიტორ ჯოაკინო როსინის ხელმოწერის ასლი. თუმცა, საკმაოდ ნელა მუშაობდა, რის გამოც, ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ნაკლებად დამკვიდრდა ბაზარზე და მას მხოლოდ ბანკები იყენებდნენ ხელმოწერების დასადასტურებლად.
ასე იყო თუ ისე, 1864 წლისთვის საფრანგეთის მთავრობამ ოფიციალურად მიიღო იგი და დიდ ქალაქებს შორის 1870-იანი წლების დასაწყისამდე გამოიყენებოდა. მართალია, დღეს თანამედროვე სკანერები პანტელეგრაფების საპირისპირო რეალობას გვაჩვენებს — ტელეგრაფი ელექტროგადამცემმა ჩაანაცვლა, დაბალი ხარისხი წარსულს ჩაბარდა და არც შედეგს სჭირდება საათები, მაგრამ იგი მაინც რჩება თანამედროვე სკანერების წინამორბედად, რომლის კონცეფციაც დღემდე ცოცხალია.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი