in

როგორ გაფრინდნენ ადამიანები?

სქაიდაივინგი ბევრს თანამედროვე კონცეფცია კი ჰგონია, მაგრამ იდეა საუკუნეების წინ დაიბადა. მკვლევრები პარაშუტების ჩინურ სკეტჩებზე საუბრობენ, რომლებიც 1100 წლით თარიღდება. მართალია, არ ვიცით, ეს სკეტჩები ოდესმე გამოიყენეს ან აქციეს თუ არა რეალობად, მაგრამ ისინი პირველები ნამდვილად იყვნენ მათ შორის, ვისაც ადამიანის ფრენის იდეა მოუვიდა. თუ ჩინურ ისტორიაში ჩავიხედავთ, ძველი წელთაღრიცხვით 86 წელს ისტორიკოსი სიმა ქიანის ჩანაწერებს შევხვდებით — ზღაპარს იმპერატორის შესახებ, რომელსაც ცეცხლმოკიდებული შენობიდან თავი უნდა დაეღწია. ამისთვის კი სწორედ პარაშუტის მსგავსი რამ შექმნა…

bog
bog-mob

შემდგომი მნიშვნელოვანი თარიღი 1495 წელია, როცა ლეონარდო და ვინჩიმ სფერული ფორმის პარაშუტის სკეტჩი შექმნა — პირამიდის ფორმის მსგავსი იყო და, როგორც ვიგებთ, სწორედ და ვინჩის ეკუთვნის პარაშუტის პირველი დიზაინი. თუმცა ის, რასაც პირველი სქაიდაივინგი შეგვიძლია ვუწოდოთ, 1797 წლის 22 ოქტომბერს მოხდა, ნახტომი საჰაერო ბურთის პატარა კალათიდან, ერთი წყაროს მიხედვით 610, ხოლო მეორე წყაროს თანახმად, 915 მეტრიდან განხორციელდა. თუმცა სანამ ფრენაზე მოგიყვებით, ჯერ ანდრეი-ჟაკ გარნერინი უნდა გაგაცნოთ, პირველი პარაშუტისტი ისტორიაში. 

გარნერინი პარიზში დაიბადა, პარაშუტის შექმნის იდეა კი ციხეში ყოფნის დროს მოუვიდა, საფრანგეთის რევოლუციის დროს უნგრეთის ციხეში იყო და გაქცევის საშუალებაზე ფიქრობდა… არ გეგონოთ, რომ რაღაც ფილმის სიუჟეტივით გავაგრძელებთ მოყოლას, რადგან კონცეფცია ციხეში არასდროს გამოუცდია, თუმცა არც დავიწნია. გატაცებული იყო საჰაერო ნაკეთობებით, ამიტომ გამუდმებით ექსპერიმენტების ჩატარების სურვილი ჰქონდა. საჰაერო ბურთების მრავალ დიზაინსა და იდეაზე მუშაობდა, საბოლოოდ კი Official Aeronaut of France-ის წოდებაც მიიღო.

გარნერინის ექსპერიმენტების ადრეული პარაშუტები ქოლგის ფორმის მოწყობილობებს ეფუძნებოდა. შესაბამისად, პარაშუტის დღევანდელი იდეისა თუ ფორმისგან ძალიან განსხვავდებოდა — 7 მეტრი სიგანის იყო, რომელიც ქოლგის მსგავსად იკეცებოდა. მის ქვეშ კი ჩვეულებრივ კალათი იყო დამაგრებული. ამგვარად, პირველი სქაიდაივინგიც განსხვავდებოდა იმისგან, რასაც დღეს ჩვენ ვიცნობთ: პარიზში Parc Monceau-ში გარნერინი საჰაერო ბურთით ავიდა სიმაღლეზე და გადაჭრა თოკი, რომელიც მის პარაშუტს საჰაერო ბუშტთან აკავშირებდა. შედეგად, ვარდნა დაიწყო, ქოლგა გაიხსნა და ნელ-ნელა გარნერინი თავისი კალათით დაეშვა მიწაზე. თუმცა პარაშუტს მაშინ თითქმის ვერ აკონტროლებდა, საკმაოდ მოძრავიც იყო და დაშვებაც არც ისე კომფორტული აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, გარნერინმა არაერთი შთამბეჭდავი ფრენა შეასრულა და 1802 წელს ინგლისში 2500 მეტრამდე სიმაღლიდანაც კი გადმოხტა. 

როგორც ვიგებთ, პირველი სქაიდაივინგის სანახაობის დამსწრეთა შორის ჯინ-ჯენევივ ლაბროსიც გახლდათ. ქალი, რომელიც თავადაც დაინტერესებული იყო ამ სფეროთი და დიდად მოხიბლული დარჩა გარნერინის გამბედაობით. იმდენადაც, რომ მოგვიანებით მისი ცოლი გახდა და პირველი პარაშუტისტი ქალი, რომელიც 1799 წლის 12 ოქტომბერს პარაშუტით გადმოხტა და ქმრის რეკორდი 304 მეტრით გააუმჯობესა. თუმცა თუ სხვა წყაროებსაც გადავხედავთ, იქ ამბობენ, რომ ლაბროსი გარნერინის სტუდენტიც იყო — ამიტომ, რეკორდის მოხსნა ორივეს მიღწევად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

ჩვენთვის კი დღეს სახალისო და საოცნებო აქტივობად მიიჩნევა (თუ სიმაღლის შიში არ გაქვთ), მაგრამ პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს მას სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა — სამხედროები საჰაერო ბურთებს სადაზვერვო მისიისთვის იყენებდნენ, რომლებიც გადაუდებელი შემთხვევებისთვის პარაშუტებით იყო აღჭურვილი. შესაბამისად, საფრთხის შემთხვევაში თავის დაღწევასაც მარტივად ახერხებდნენ. პარაშუტებს დღესაც აქტიურად იყენებენ როგორც სამხედრო, ისე სამაშველო თუ საძიებო ოპერაციებში, რაც გვარწმუნებს, რომ ადამიანების ფრენის კონცეფციის რეალობად ქცევა ნამდვილად ღირდა…

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

გაიცანით თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი“

იმპელ დეველოპმენტი — კომპანია, რომელიც პირველივე პროექტით EBRD-ის „მწვანე სერტიფიკატის“ ნომინაციაში წარადგინეს