in

„დასინეს“ თუ არა პირველი SMS ისტორიაში?

დაფიქრდით, რამდენ შეტყობინებას აგზავნით დღეში? და რამდენს იღებთ? კომპანიებმა ცოტა გადააჭარბეს, მაგრამ ნეტავ თუ იციან, რომ პირველი კომერციული მოკლეტექსტური შეტყობინება ბოყინის ხმას ჰბაძავდა? აი, სულ პირველი SMS კი შობას უკავშირდება, რომელიც დაseenეს თუ არა, ერთად გავარკვიოთ.

მანამდე კი ერთ ფაქტსაც გაგიზიარებთ, თურმე „მესიჯობას“ ცერა თითის დაავადება გაუჩენია…

1992 წლის 3 დეკემბერს კომპიუტერიდან პირველი SMS გაიგზავნა. ნილ პაპვორთი, 22 წლის ბრიტანელი ინჟინერი, Vodafone UK-ისთვის IT სერვისების კომპანია Sema Group Telecoms-ში Short Message Service Centre-ზე მუშაობდა. მას შემდეგ, რაც სისტემა დააინსტალირა, კომპიუტერთან დაჯდა და გაერთიანებული სამეფოს ტელეკომუნიკაციების კომპანიაში დასაქმებულ რიჩარდ ჯარვისს მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნა: Merry Christmas“ — გილოცავ შობას! აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს SMS-ის შობაც გახლდათ ტექნოლოგიების ისტორიაში, მაგრამ ბანალურობებსა და რაღაცების ამოხსნებს თავი რომ დავანებოთ, გეტყვით, მაშინ ჯარვისი უბრალოდ შობის აღსანიშნ წვეულებაზე იმყოფებოდა.

თუმცა დაseenეს… ნუ, თუ ამ ტერმინს პასუხის ტექსტის ფორმით უკან დაბრუნებად ჩავთვლით, რადგან იმდროინდელი მობილური ტელეფონებით შეტყობინებების გაგზავნა შეუძლებელი იყო. მხოლოდ სატელეფონო ზარების განსახორციელებლად საჭირო კლავიატურა ჰქონდა. თანაც მალევე პაპვორთმა მიიღო ზარი და გაიგო, რომ ცდა წარმატებული აღმოჩნდა. ის ფაქტიც გავითვალისწინოთ, რომ საპასუხო შეტყობინების გაგზავნის რეალური შანსის არარსებობის გამო, დასინვას მაშინ ისე არ განიცდიდნენ, როგორც ჩვენ დღეს… 

ჩემთვის ეს ჩემივე საქმის შესრულება იყო და იმაში დარწმუნება, რომ პროგრამა, რომელსაც ამდენი დრო დავუთმეთ, კარგად მუშაობდა, — ამბობდა პაპვორთი.

ერთი წლის შემდეგ კი NOKIA-მ პირველი ტელეფონი გამოუშვა SMS-ის ფუნქციით, თუმცა აქ შეტყობინებებით მხოლოდ 160 სიმბოლოს გაგზავნა იყო შესაძლებელი, თანაც იმავე მობილურ ქსელში, რაც უდავოდ სწორი მარკეტინგული გათვლაა. ერთ-ერთი ასეთი პირველი ტელეფონი კი Nokia 2110 იყო. რაც შეეხება კონკურენტ კომპანიებს შორის შეტყობინებების გაგზავნას, ეს მხოლოდ 1999 წელს დაიწყო… უკვე 2000 წლისთვის ტრენდადაც იქცა, იმდენად პოპულარულიც გახდა, რომ მესიჯობამ ახალი სამედიცინო მდგომარეობა გააჩინა, რომელსაც ინტერნეტ წყაროები ტექსტური ტენოსინოვიტიის სახელით მოიხსენიებენ — ცერა თითის მყესების ანთებაა, რასაც სხვაგვარად BlackBerry thumb-საც ეძახიან.

ნოკიაში შესრულებული სამუშაოების გამო, მატი მაკონენი, ფინელი მობილური კავშირგაბმულობის ინჟინერი, SMS-ის მამად მიიჩნიეს. მაგრამ რადგანაც პროცესში მის გარდა უამრავი ინჟინერი იყო ჩართული, თავად არ თვლიდა ასე… თანაც ეს ტექნოლოგია მას არ გამოუგონებია. სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ SMS მრავალეროვნული თანამშრომლობის ძალისხმევის შედეგია.

კონცეფცია 1984-1985 წლებში გაჩნდა, როდესაც ბერნარდ გილბერტმა და ფრიდჰელმ ჰილებრენდმა შექმნეს GSM დოკუმენტები: სტანდარტები ტექსტური შეტყობინებებისთვის — პირველი SMS შეტყობინებები 160 შვიდბიტიანი სიმბოლოებით შემოიფარგლებოდა, რათა მას არსებულ ფორმატზე მორგება შესძლებოდა. 

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თურმე ჰილებრენდმა 160 სიმბოლო თავისი ექსპერიმენტის შედეგად შემოგვთავაზა: საბეჭდ მანქანაზე შემთხვევითობის პრინციპით კრეფდა წინადადებებს, რომლებიც პოტენციურად სმს-ის შინაარსი შეიძლებოდა ყოფილიყო; ითვლიდა ყველა ასოს, რიცხვსა და დაშორებას, მიღებული შედეგი კი თითქმის ყოველ ჯერზე 160 სიმბოლოს არ აღემატებოდა… 

სწორედ ამიტომ, ტექსტური შეტყობინებების ადრეულმა ავტორებმა ისეთი სიმბოლოები მოიგონეს, როგორებიცაა LOL ხმამაღლა სიცილის აღსანიშნად და IDK „არ ვიცის“ მისანიშნებლად. ემოციების გამოხატვა კი სიმბოლოებით დაიწყეს. აქედან იღებს სათავეს გაღიმებული სმაილი ორი წერტილითა და ფრჩხილით — 🙂 კოცნის სმაილი — :* და ა. შ. დიახ, ეს გახდა ემოჯების შთაგონების წყაროც…

ბოყინი და SMS-ის მობილურ მარკეტინგში ჩართვა

ბიზნესები თვლიან, რომ მოკლეტექსტური შეტყობინებები ერთ-ერთი ძლიერი იარაღია მომხმარებლებთან დასაკავშირებლად, რადგან ტექსტები ფიჭური ქსელის მეშვეობით იგზავნება და არც ინტერნეტი სჭირდება… ბუნებრივია, იმ მომხმარებლების გამოკლებით, რომლებსაც 3872 შეტყობინება გაუხსნელი აქვთ ან რომლებიც გახსნის გარეშე შლიან შეტყობინებებს.

თუმცა არც ეს ამბავია ძალიან ახალი მარკეტერებისთვის, რადგან ყველაფერი 30 წლის წინ, SMS-ების გამოჩენიდან ერთ წელში დაიწყო — უკაბელო ტელეფონების კომპანია Aldiscon-ის ინჟინერმა ბრენან ჰეიდენმა პირველი კომერციული ტექსტური შეტყობინება გაგზავნა — „burp“. ეს უკანასკნელი არც მეტი, არც ნაკლები, ბოყინის მსგავს ხმას აღნიშნავს და მართალია, გასტროენტეოროლოგიასთან არავითარი კავშირი ჰქონია, მაგრამ ტექსტური შეტყობინებების ისტორიაში კომუნიკაციის ახალი ფორმა ნამდვილად გააჩინა. ზოგიერთი წყარო იმასაც ამბობს, რომ ჰეიდენი ტექნოლოგიას საკმაოდ ადრეულ ეტაპზე მიიჩნევდა, ეს კი უბრალოდ ხუმრობა იყო, თუმცა ფაქტია, ტექნოლოგიამ იმუშავა.

მეტიც, ეს შეტყობინება ჰეიდენის უფროსებს მიუვიდა… არა, სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ, არც შენიშვნა მიუციათ, უბრალოდ ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ფრაზამ: გააგზავნე სხვა შეტყობინება ჩაანაცვლა. ასეც მოხდა და გაიგზავნა უკვე მეორე კომერციული შეტყობინება — „Watson come here“. აი, უოთსონმა რა ქნა, ეგ უკვე აღარ ვიცით…

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

#სადანროგორ გავერთოთ 7-9 ივლისს — ღონისძიებების კალენდარი

Deepfake პერსონაჟის გზავნილი მომავლიდან