in

პირველი სოციალური ქსელი თაობა ზეტთან ერთად დაიბადა

მართალია, სოციალურ ქსელებზე ახლა პირველად Facebook, Instagram და TikTok გვახსენდება, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ პირველი სოციალური ქსელი თაობა ზეტთან ერთად დაიბადა… რამდენი წლისაა სოციალური მედია? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვმარტავთ მას, თუმცა ფაქტია, სოციალური მედიაპლატფორმები 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა…

აქ PLATO-ს სისტემაზეც კი საუბრობენ, რომელიც ილინოისის უნივერსიტეტმა 1970 წელს შექმნა. მას ადრეული სოციალური მედიის ქსელის მრავალი მახასიათებელი ჰქონდა, მაგრამ ძირითადად მაინც აკადემიურ წრეში გამოიყენებოდა. აქვე ახსენებენ Bolt-საც, რომელიც 1996 წელს ჩაეშვა… თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ონლაინ პლატფორმა შეიქმნა, პირველი ვებგვერდი, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებდა თანამედროვე სოციალური ქსელის სტანდარტებს Six Degrees იყო. 

Six Degrees პირველ სოციალურ ქსელად აღიარეს იმის გამო, რომ პირველი პლატფორმა იყო, რომელმაც მომხმარებლებს ელ.ფოსტებით პირადი პროფილების შექმნის საშუალება მისცა. არც სურათების ატვირთვა, მეგობრების დამატება, შეტყობინებების გაგზავნა და პოსტების გაზიარება იყო მისთვის უცხო… ეს ამბავი კი ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო, როცა Six Degrees ენდრიუ ვაინრაქმა Web of Contacts-ის მოდელზე დაფუძნებით დააარსა.

ხოლო მომდევნო წელს, ანუ 26 წლის წინ, პირველი სოციალური ქსელი MacroView-ის მიერ გაეშვა. როგორც ამბობენ, Six Degrees-ს დაახლოებით 100 თანამშრომელი ჰყავდა და საიტზე 3.5 მილიონი ადამიანი იყო რეგისტრირებული. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავდა, ნაკლებ ადამიანს ჰქონდა ინტერნეტთან წვდომა, რის გამოც ქსელები მაინც შეზღუდული იყო. სიმართლე ითქვას, ინტერნეტის ინფრასტრუქტურას რამდენიმე წელიც კი დასჭირდა იმისათვის, რომ სოციალური ქსელების კონცეფციას დასწეოდა… 

საინტერესოა პირველადწოდებული სოციალური მედიის სახელის ისტორიაც. იგი არც რაიმე კოდებს უკავშირდება და არც ინტერნეტის განვითარებას, Six Degrees სათავეს სოციალური თეორიიდან იღებს, რომელსაც განცალკევების ექვსი ხარისხის, 6 ხელის ჩამორთმევის თეორიისა და პატარა სამყაროს ეფექტის სახელითაც კი მოიხსენიებენ. თავდაპირველად თეორია უნგრელი მწერლის მოთხრობაში 1929 წელს გამოჩნდა, რომლის თანახმადაც, სამყაროში ნებისმიერ ორ ინდივიდს შორის 6-ზე მეტი მეგობრის მეგობარი არ არის. შესაბამისად, პატარა სამყაროს ეფექტით ყველა ადამიანი ყველასთანაა დაკავშირებული.

კონკრეტული თეორია ამერიკელმა სოციოლოგმა სტენლი მილგრამმა და სხვა მკვლევრებმა პატარა ექსპერიმენტითაც კი დაადასტურეს: ამერიკის ერთ-ერთ პატარა ქალაქის მცხოვრებლებს 300 წერილი დაურიგეს, რომელთა ადრესატები სხვა ქალაქებში ცხოვრობდნენ, წერილების ფოსტით გაგზავნა არ შეიძლებოდა და მათი გადაცემა მხოლოდ ნაცნობებისთვის იყო დაშვებული. კონკრეტული წერილის ერთი ადამიანიდან მეორე ქალაქში მცხოვრებ ადამიანზე გადაცემის გზა კი საკმაოდ მოკლე აღმოჩნდა — ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ყველა მეექვსე ადამიანი ადრესატს პირადად იცნობდა. 

კონკრეტული თეორია სოციალური მედიის იდეასთან რომ ძალიან ახლოს დგას, ფაქტია და იგი თანამედროვე სოციალური ქსელების სახელებსაც რომ შევადაროთ, მგონი, ტექნოლოგიურ გიგანტებს რაღაცებზე გადახედვა მოუწევთ. ჩვენ ხომ სოციალურ კავშირებს სწორედ 6 ხელის ჩამორთმევის თეორიის მიხედვით ვამყარებთ.

და რა ბედი ეწია პირველ სოციალურ ქსელს? არსებული ცნობებით, 1999 წლის დეკემბერში იგი YouthStream Media Networks-მა 125 მილიონ დოლარად იყიდა. თუმცა როგორც ჩანს, ეს შესყიდვა არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, რადგან 2000 წელს ფუნქციონირება შეწყვიტა… მაგრამ ყველაფერი ასე მაინც არ დასრულებულა, შემდგომში დაბრუნდა და დღესაც არსებობს. მართალია, არც დიზაინით და არც ფუნქციებით გამოირჩევა, მაგრამ პირველობის სტატუსს მაინც ვერავინ წაართმევს…

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში

17 ადამიანი დედამიწის ორბიტაზე და ახალი რეკორდი