თუ ელ.ფოსტას ხშირად იყენებთ, თქვენთვის არც სპამები იქნება უცხო. ჩვეულებრივი ელ.ფოსტაა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ კომპანია ან ინდივიდი რეციპიენტს საკუთარი სურვილის ან ნებართვის გარეშე უგზავნის. ძირითადად ასე რეკლამებს ან სხვა კომერციული შინაარსის კონტენტს შემოგვაპარებენ ხოლმე, თუმცა მხოლოდ ჩვენ არ ვართ იღბლიანები, სპამები ადამიანთა დიდ ჯგუფებს ეგზავნება. ოღონდ ზოგჯერ მეტად საზიანო მიზანსაც ემსახურება, ასე ჩვენი პირადი ინფორმაციის ან ფულის დაუფლება სურთ, რაც ფიშინგის სახელითაა ცნობილი…
ამ „კეთილშობილურმა“ მიზანმა კი სპამები მხოლოდ ელ.ფოსტებამდე კი არა, სოციალურ ქსელებამდე, ახალი ამბების სააგენტოებამდე, ტექსტურ შეტყობინებებამდე და ზარებამდე მიიყვანა… თუმცა სულ პირველი სპამი ისტორიაში ელექტრონულ ფოსტაში დაიბადა ზუსტად მაშინ, როცა გაანალიზეს, რომ ეს უკანასკნელი იდეალური საშუალება იყო სარეკლამო შეტყობინებების ფართო აუდიტორიისთვის გასაცნობად.
თავად ტერმინი დაახლოებით 1972 წელს სატელევიზიო შოუ Monty Python’s Flying Circus-ში გაჩნდა, ოღონდ არა იმ მნიშვნელობით, რომლითაც დღეს ვიცნობთ. შოუს ერთ-ერთ ეპიზოდში ვიკინგებს ვხედავთ, რომლებიც დაუზარლად მღერიან Spam, Spam, Spam… და ასე ჩვენთვის სპამებივით შემაწუხებლები ხდებიან:
თუ გაინტერესებთ, რაშია აქ საქმე, გეტყვით, რომ სპამი მაშინ ხორცის ბრენდს ერქვა, მათი სიმღერა კი იმდენად განმეორებადი გახდა, რომ ყველაფერი გადაფარა. ზუსტად ასე მოახერხა ამ სკეტჩმა შემაწუხებელი შეტყობინების სინონიმად ქცევა და „სპამი ელ.ფოსტაც“ გაგვაცნო.
მართალია, სპამი თავისი თანამედროვე გაგებით აქედან 6 წელში გამოჩნდა ჩვენი შეტყობინებების ყუთებში, მაგრამ 1993 წლამდე არასასურველი ელ.ფოსტის აღმნიშვნელად არ გამოუყენებიათ — Usenet newsgroup-ის ქსელში შემთხვევით გავრცელებულ 200 შეტყობინებას უწოდეს… თუმცა ამაზე ბევრი რომ არ გაგვიგრძელდეს, პირდაპირ ისტორიაში პირველი სპამის ამბავზე გადავალთ.
კი ვერასდროს გავიგებთ, რა ეწერა პირველ ელ.ფოსტაში, მაგრამ სპამების შემთხვევაში ყველაფერი ნათელია — სულ პირველი სპამი ელ.ფოსტა 1978 წლის 3 მაისს მარკეტინგის მენეჯერი გარი თიერქის მიერ გაიგზავნა ARPANET-ის (Advanced Research Projects Agency Network) ქსელში. აი, ეს უკანასკნელი კი ინტერნეტის წინამორბედად ითვლება…
ისტორიაში პირველი სპამი Digital Equipment Corporation-ის სახელით გაგზავნეს DECSYSTEM-20-ის პროდუქტების წარსადგენად. ზოგიერთი წყარო კი გვეუბნება, რომ იგი პირდაპირ VAX კომპიუტერის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. თუმცა დაზუსტებით ვერ გეტყვით, სულ რამდენ ადამიანს მიუვიდა. არსებული მონაცემების მიხედვით, 300, 400 ან 600 პირი შეძლებდა მის წაკითხვას, ზოგიც პირდაპირ 400-დან 2600-მდე ადამიანს ასახელებს. ზოგიც კი ამბობს, რომ მაშინ ARPANET-ის ქსელში სულ 2600 მომხმარებელი იყო და ამ ელ.ფოსტამ გლობალური ონლაინ პოპულაციის მხოლოდ 15%-მდე მიაღწია, რაც რეალურად 400 კაცამდე გამოდის.
და რა შედეგი გამოიღო ამან? Microsoft-ის მიხედვით, ამ ძალისხმევამ კომპანიას გაყიდვებით 13 მილიონი დოლარი მოუტანა, თუმცა ზოგიერთი წყარო 12 მილიონს ასახელებს. ამის პარალელურად ვიგებთ, რომ ისტორიაში პირველი სპამის ელ.ფოსტით გავრცელებას ერთბაშად ნეგატიური რეაქციები მოჰყვა, ARPANET-ს უჩივლეს და დიდი ხნის მანძილზე მსგავსი არაფერი განმეორებულა. თავად გარის კი ამის გაკეთება აეკრძალა და, სიმართლე რომ ვთქვათ, მეტჯერ არც არაფერი უცდია. ხოლო, თუ ისტორიაში პირველი სპამი ელ.ფოსტის მიერ მიღებულ მოგებაზე ინფორმაციები სიმართლეს შეესაბამება, ალბათ, უღირდა კიდეც გაჩერება…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი