თუ ადრე განათლება მხოლოდ მდიდრებისთვის იყო, სტუდენტური სტიპენდიის იდეამ ეს მოსაზრება მარტივად დაავიწყდა კაცობრიობას. თუმცა არ გეგონოთ, რომ უახლეს წარსულზე გესაუბრებით, ყველაფერი ბევრად ადრე დაიწყო — ძველ საბერძნეთში განათლებას მდიდრები აფინანსებდნენ ხოლმე, რომში კი მხოლოდ პერსპექტიულ სტუდენტებს, რომლებიც განსაკუთრებულ ნიჭს ავლენდნენ რიტორიკაში, ფილოსოფიასა და პოლიტიკაში. როგორც ვიგებთ, შუა საუკუნეებში რელიგიური დაწესებულებებიც გასცემდნენ ფულად რესურსებს სასულიერო განათლების მისაღებად.
სტუდენტური სესხებიც არ გეგონოთ სიახლე, რადგან ეს ამბავი ბოლონიის უნივერსიტეტს უკავშირდება. 1088 წელს სტუდენტებმა სხვადასხვა ქვეყნიდან ე. წ. ერები ჩამოაყალიბეს, რაც შემდგომში მალევე გავრცელდა მთელ ევროპულ საუნივერსიტეტო სისტემაში. ეს ორგანიზაციები სესხებსა და სტიპენდიებს გასცემდნენ თანამემამულეებზე. შედეგად, სტუდენტებს სესხის ასაღებად გირაოსთვის ნივთების შეტანა უწევდათ, რაც მათ სწავლის გადასახადის დაფარვის საშუალებას აძლევდა.
მსგავსი სისტემა უკვე 1240 წელს ოქსფორდშიც დაინერგა, ესეც სტუდენტური სესხის მსგავსი იყო და „სესხის სკივრს“ ეძახდნენ — ჩათვალეთ, რომ ყულაბა გახლდათ, რომელიც ღარიბ სტუდენტებსა თუ მეცნიერებს ხმარდებოდა. ამიტომაც მას ფინანსური დახმარების ადრეულ ფორმად მიიჩნევენ და, ბოლონიის მაგალითთან ერთად, სტიპენდიების წინამორბედად.
რაც შეეხება უშუალოდ პირველ სტიპენდიას ისტორიაში, არსებული წყაროები ამ ამბავს პარიზის, იმავე სორბონის უნივერსიტეტს მიაწერს. ყველაფერი კი 1253 წელს დაიწყო, როცა საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის მოძღვარმა რობერტ დე სორბონმა Maison de Sorbonne დააარსა, როგორც თეოლოგიური კოლეჯი სპეციალურად ღარიბი სტუდენტებისთვის. მათ უფასო თუ დაბალფასიან განათლებას და საცხოვრებელს სთავაზობდნენ, რათა „ნაკლებად პრივილეგირებული წარმომავლობის მქონე სტუდენტებსაც“ შესძლებოდათ უმაღლესი განათლების მიღება.
როგორც სორბონის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, ღარიბი სტუდენტები დიდსულოვანი დონორების მიერ ფინანსდებოდნენ. მასწავლებლებმა და სტუდენტებმა კი საერო რელიგიური საზოგადოება შექმნეს. ისინი პირადი სახსრებით ცხოვრობდნენ და უფასო გაკვეთილებს ატარებდნენ, რაც ნებისმიერი სოციალური კლასის წარმომადგენელს აძლევდა განათლების მიღების საშუალებას. თუმცა თავდაპირველად თუ იგი თეოლოგიის 20 სტუდენტისთვის შეიქმნა, მეცამეტე საუკუნისთვის სორბონში 20 000-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობდა…
ამგვარად, შუა საუკუნეების ბოლოს პარიზის უნივერსიტეტი ევროპის დიდ კულტურულ და მეცნიერულ ცენტრად იქცა. მალე კი არაერთი უნივერსიტეტის დღის წესრიგში დადგა განათლების ფინანსური მხარის ორგანიზაციულ დონეზე განხილვის საკითხი.
გამოდის, სწორედ სორბონის იდეამ ჩაუყარა საფუძველი სტიპენდიების კონცეფციას იმ დროს, როცა განათლება მხოლოდ მდიდრებისთვის იყო. სოციალური წარმომავლობაც დაავიწყა კაცობრიობას და განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი