in

პირველი ტატუ ისტორიაში „ყინულის კაცს“ ეკუთვნის

დღეს თუ ადამიანებისთვის ტატუები თვითგამოხატვის საშუალებაა, ადრე მას სამედიცინო, თერაპიული, კრიმინალური თუ სოციალური მიზნებისთვის იყენებდნენ. ზოგიერთ კულტურაში რაღაც საზოგადოების წევრობას, სტატუსის, მემკვიდრეობის, პატივისცემისა თუ სიამაყის ნიშნებს წარმოადგენდა, ზოგიერთში კი ID-ის დანიშნულებაც ჰქონდა, რის გამოც ადამიანები სახეს იხატავდნენ. რაღაც უნარებსაც აღნიშნავდნენ ტატუებით და მეზღვაურებშიც საკმაოდ ხშირად გვხვდებოდა. ფაქტია, სხვადასხვა კულტურაში ტატუები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაჩნდა, რაც მის ისტორიას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

bog
bog-mob

თანაც ტატუების ისტორია იმ დროიდან იწყება, როცა თავად ეს ტერმინი არ არსებობდა… კაპიტან ჯეიმს კუკს ეკუთვნის, რომელმაც მე-18 საუკუნეში შემოიღო ტაიტური სიტყვის tatau-ს სახით. ეს სიტყვა, თავის მხრივ, ტატუირების დროს გამოყენებული ხელსაწყოების ხმას ასახავს. როგორც ვიგებთ, ამ მიზნით კუს ჯავშანსა და ტახის კბილებსაც იყენებდნენ… ეს კი 1769 წელს მოხდა, როცა კაპიტანი ჯეიმს კუკი ტაიტიში გაემგზავრა და ტატუებში დახელოვნებული ადამიანების კულტურა აღმოაჩინა. ტაიტისა და საფრანგეთის პოლინეზიის სხვა კუნძულებზე ტატუებს რიტუალური ხასიათი ჰქონდა — ცერემონიებს აწყობდნენ ახალგაზრდა მამაკაცებისთვის, რომლებიც მამის კვალს უნდა გაჰყოლოდნენ და უფროსები გამხდარიყვნენ… 

ლოგიკურია, თუ კაპიტანმა ისეთი კულტურა აღმოაჩინა, რომელიც ტატუს ხელოვნებაში რევოლუციას მოახდენდა, გამოდის, ეს პრაქტიკაც ტერმინის დაბადებამდე არსებობდა. ამაზე უძველესი მუმიების კანიც მოწმობს. მართალია, საკმაოდ მწვავე დებატები მიდიოდა იმაზე, თუ რომელი შეიძლება ჩაითვალოს პირველ ტატუდ მსოფლიოში, მაგრამ თითქმის 20-წლიანი კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ეს სტატუსი Ötzi-ის ეკუთვნის — ევროპაში ყველაზე ცნობილ მუმიას, რომელსაც The Iceman-საც უწოდებენ. იგი სხეულზე დატანილი ტატუების ყველაზე ადრეულ ნიმუშს გვთავაზობს. 

მართალია, არ ვიცით, სულ პირველი ტატუ როგორ გამოიყურებოდა, მაგრამ თუ ისტორიულ წყაროებს დავეყრდნობით, იგი Ötzi-ის სხეულზე უნდა ვეძებოთ… 1991 წელს ალპებში გერმანელმა მოლაშქრეებმა აღმოაჩინეს. დაახლოებით 5200-5300 წლის წინ Ötzi ტიროლში, იტალიისა და ავსტრიის საზღვარზე მთიან რეგიონში ცხოვრობდა. მისი ნაშთი და ტატუები კი ყინულოვანმა საფარმა და სხვა ელემენტებმა შემოგვინახა. მუმიის შესწავლა 20 წელზე მეტია მიმდინარეობს, შესაბამისად, უკვე ბევრი დეტალია ცნობილი მისი ჯანმრთელობის, გარდაცვალების, ვიზუალისა თუ ტატუების შესახებ. როგორც ვიგებთ, Ötzi სიმაღლეში 165 სანტიმეტრი იყო და 50 კილოს იწონიდა, რომელიც, მხარზე მიყენებული ჭრილობის გამო, სისხლდენით, 45 წლის ასაკში უნდა გარდაცვლილიყო.

მუმიას სხეულზე 61 ტატუ აქვს, რომლებიც, სავარაუდოდ, კანში ნახშირის შეყვანით უნდა მომხდარიყო. აქვე საუბრობენ ფერფლსა და ჭვარტლზე… Ötzi-ის სხეულზე შავი ხაზების 19 ჯგუფიც გამოავლინეს, რომელთა სისქე 1-დან 3 მმ-მდეა, ხოლო სიგრძე 7-დან 40 მმ-მდე.

აქ მნიშვნელოვანია ტატუების მდებარეობაც, რადგან ეს მათ დანიშნულებაზე მეტყველებდა. როგორც ვიგებთ, ზოგიერთი ისეთ ადგილებში იყო, რომლებიც ასაკში შესვლისას ტკივილს უკავშირდება, იქნება ეს მუხლები თუ მწვივები, რის გამოც, ვარაუდობენ, რომ იგი ტკივილის შესამსუბუქებლად სამკურნალო საშუალება შეიძლებოდა, ყოფილიყო. ასევე არსებობს მოსაზრებაც, რომ ტატუებით უბრალოდ მოტეხილობებსა და სხეულის სხვა დაზიანებებს აღნიშნავდნენ.

ნახატებს Ötzi-ის მკერდზეც ნახავთ, რომლებიც საკმაოდ გეომეტრიულია. სწორედ ამის გამო ფიქრობენ, რომ ნეოლითურ ხანაში მას რიტუალური ან რაღაც რელიგიური დანიშნულება შეიძლებოდა ჰქონოდა… ასეა თუ ისე, ფაქტია, ისტორიაში პირველი ტატუ Ötzi-ის ეკუთვნის და აქვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იგი ხაზებით იქნებოდა წარმოდგენილი.

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვის სფეროში — Viz.AI

„პირველი მერცხალი ქალები“ ზუმერის კამპანიაში