in

პირველი ტელეფონი ისტორიაში — ალექსანდერ გრეიამ ბელის ინოვაცია

შესაძლოა, ამ სტატიის წაკითხვამდე რამდენიმე წამით ადრე სატელეფონო ზარი განახორციელეთ… თუმცა წარმოდგენაც არ გქონდათ, როდის და როგორ დაიწყო ამ მოწყობილობის ისტორია. სტატიაში სწორედ პირველი ტელეფონის შესახებ გიამბობთ, რომელმაც სრულიად ახალ ეპოქას დაუდო სათავე.

1870-იან წლებში, ორმა ცნობილმა გამომგონებელმა, დამოუკიდებლად შეიმუშავა მოწყობილობები, რომლებსაც ელექტრო კაბელების მეშვეობით ხმის გადაცემა შეეძლო. ესენი იყვნენ ალექსანდერ გრეიამ ბელი და ელისა გრეი. ორივე მოწყობილობა საპატენტო ოფისში რამდენიმე საათის სხვაობით დარეგისტრირდა. ცხადია, ამას მძაფრი სამართლებრივი ბრძოლა მოჰყვა, რომელშიც გამარჯვებული ბელი დარჩა.

თავისი არსით, ტელეფონი და ტელეგრაფი ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. ეს უკანასკნელი ნამდვილად წარმატებული საკომუნიკაციო სისტემა იყო, თუმცა მთავარ პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ იგი მორზეს კოდს იყენებდა და მხოლოდ ერთი შეტყობინების გაგზავნა/მიღებით შემოიფარგლებოდა. ბელს კი კარგად ესმოდა ხმისა და მუსიკის ბუნება — ის ხომ გამომგონებელთან ერთად რიტორიკისა და მუსიკის მასწავლებელიც იყო. სწორედ ეს დაეხმარა ალექსანდერს იმის გაცნობიერებაში, რომ ერთსა და იმავე მავთულზე ერთზე მეტი შეტყობინების გადაცემა შესაძლებელი იყო. ასე გამოიგონა მან Harmonic Telegraph.

უკვე 1874 წლის მეორე ნახევრისთვის ბელის ექსპერიმენტი საკმარისად განვითარდა იმისთვის, რომ რამდენიმე ადამიანისთვის გაემხილა მრავალჯერადი ტელეგრაფის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. როგორც ჩანს, მისმა სიმამრმა, ადვოკატმა გარდინერ გრინ ჰაბარდმა, დიდი პოტენციალი დაინახა. მან ალექსანდერს ფინანსური მხარდაჭერა შესთავაზა, რომლის მეშვეობითაც, გამომგონებელმა ელექტრიკოს თომას უოტსონთან ერთად დაიწყო ისეთი მოწყობილობის შექმნა, რომელსაც ადამიანის ხმის ელექტროენერგიით გადაცემა შეეძლო.

ბელმა და უოტსონმა ჰაბარდის გარდა სხვა რამდენიმე სპონსორიც გამონახეს, მათ შორის, ჯოზეფ ჰენრი — სმიტსონიანის უნივერსიტეტის დირექტორი. 1875 წლის ივნისისთვის აშკარა გახდა, რომ ისინი მიზანთან ძალიან ახლოს იყვნენ. წარმატებულმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ სხვადასხვა ტონები მავთულში ელექტრული დენის სიძლიერეს ცვლის. შემდეგ ნაბიჯს შესაფერისი მემბრანისა და მიმღების მქონე მოწყობილობის შექმნა წარმოადგენდა, რათა ხმის გადაცემა/მიღების სრული ჯაჭვი შეკრულიყო.

აი, ასე მივიდა გამომგონებელი 1876 წლის 7 მარტამდე, როდესაც მან ტელეფონი საბოლოოდ დააპატენტა. პირველი სატელეფონო ზარი კი რამდენიმე დღეში, 10 მარტს თავად ბელმა განახორციელა — მან თავის ასისტენტს დაურეკა და უთხრა:  “Mr. Watson, come here – I want to see you”. ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორი მოულოდნელი და შთამბეჭდავი იყო ეს წამები, როდესაც სხვადასხვა ოთახში მყოფმა ადამიანებმა ხმოვანი კავშირი დაამყარეს…

მოწყობილობა სწრაფად გავრცელდა და 1877 წლისთვის პირველი რეგულარული სატელეფონო ხაზი შეიქმნა — ბოსტონიდან სომერვილამდე. 1880 წლის ბოლოსთვის შეერთებულ შტატებში 49000-ზე მეტი ტელეფონი იყო. მომდევნო წელს სატელეფონო კავშირი დამყარდა ბოსტონსა და პროვიდენსს შორისაც. ამას მოჰყვა ნიუ-იორკსა და ჩიკაგოს შორის განხორციელებული ზარი 1892 წელს, ხოლო ორი წლის შემდეგ ნიუ-იორკსა და ბოსტონში მცხოვრებ ადამიანებს შეეძლოთ ერთმანეთთან სატელეფონო კავშირის დამყარება. ტრანსკონტინენტური კომუნიკაცია კი 1915 წელს დაიწყო.

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში კი ვოლტას ლაბორატორიის ჩანაწერიდან ბელის ხმას მოისმენთ, რომელიც 1885 წელს განხორციელდა. ჩანაწერი 2013 წელს აღადგინეს სმიტსონიანის უნივერსიტეტში.

ავტორი: ქეთია ბელქანია

საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა სატელიტებთან საბრძოლველი ცენტრი შექმნა

სამშენებლო ხარისხი, რომელსაც გუნდის ენთუზიაზმი განაპირობებს