მართალია, დღეს ტელესკოპებზე პირველი ჯეიმს ვები გვახსენდება, რომელმაც წარმოუდგენელი შთაბეჭდილებების ქვეშ დაგვტოვა, მაგრამ აქამდე მეცნიერებამ საკმაოდ დიდი გზა განვლო. JWST-ს დღევანდელი როლი ადრე გალილეო გალილეის ეკუთვნოდა, რომელმაც სამყაროს შესახებ იმჟამინდელი წარმოდგენები თავდაყირა დააყენა. გვითხრა, რომ მთვარე კრატერებით არის დაფარული, ირმის ნახტომში უამრავი ვარსკვლავია, იუპიტერს თავისი მთვარეები აქვს და ა. შ. ამიტომ, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პირველი ტელესკოპის ავტორიც ის უნდა იყოს… აქ კი მცირე შესწორებებია საჭირო — იგი იყო პირველი, ვინც უკვე მის მიერ გაუმჯობესებული ტელესკოპი ცისკენ მიმართა. გამოდის, ტელესკოპების ისტორიაში სხვა ადამიანის ან ადამიანების სახელები იკვეთება… მცირე მინიშნების სახით კი გეტყვით, რომ ყველა ნიდერლანდებს უკავშირდება.
თუმცა სანამ ტელესკოპების გამოგონებაზე ვისაუბრებთ, ლინზების ისტორიას უნდა შევეხოთ, რომლის გამოგონებასაც ეგვიპტელ ფიზიკოსს ალ-ჰაისამს უნდა ვუმადლოდეთ. დიახ, ეს ტელესკოპის უმთავრესი ნაწილია და საგნების გადიდების საშუალებას გვაძლევს. თუმცა ლინზებს ევროპაში მე-13 საუკუნემდე ვერ ვხვდებით. 1300 წლისთვის კი პირველი სათვალეები ვენეციასა და ფლორენციაში ხდება ხელმისაწვდომი, რასაც მალევე მოჰყვა ლინზების დამზადების ტექნიკის გაუმჯობესება და გაპრიალება.

ამ უკანასკნელზე კი ექსპერიმენტების ჩატარება ჰოლანდიელმა სათვალეების მწარმოებელმა ჰანს ლიპერშეიმ დაიწყო — ტელესკოპს „ნიღაბი“ ჩამოაფარა, რაც მასში უკვე მცირე რაოდენობის სინათლეს უშვებდა, ასე, ფოკუსირებაც მოახდინა და სურათები მეტად მკაფიო გახდა, თუმცა ცოტათი ბუნდოვანი მაინც იყო… ეს კი, ლიპერშეიმდე არავის გაუკეთებია, რის გამოც მის მოწყობილობას ტელესკოპის ევოლუციის საწყისად თვლიან. 1608 წელს მან წარმოადგინა ტელესკოპი, რომელსაც ობიექტების 3-ჯერ გადიდება შეეძლო.
ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, პირველი ტელესკოპის დიზაინის იდეა ჰანსს მას შემდეგ მოუვიდა, რაც მაღაზიაში 2 ბავშვი დაინახა ლინზებით ხელში, რითაც შორს არსებული ფლუგერი უფრო ახლოს გამოჩნდა… სხვები კი ამტკიცებენ, რომ მან დიზაინი ასევე სათვალეების მწარმოებელ ზაქარაიას ჯენსენს მოჰპარა. საინტერესოა ისიც, რომ ისინი ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ და ორივე ოპტიკურ ინსტრუმენტებზე მუშაობდა. თუმცა მკვლევრების თქმით, ამის რეალური მტკიცებულება არ არსებობს…

ეს ამბავი აქ არ მთავრდება, რადგან პირველი ტელესკოპის ავტორობისთვის კიდევ ერთ კანდიდატად, კვლავ ჰოლანდიელი, იაკობ მეტიუსი განიხილება — მან ლიპერშეის განაცხადიდან რამდენიმე კვირაში ტელესკოპის პატენტის მიღებაზე დაიწყო ზრუნვა. ამ გადაკვეთის გამო კი ნიდერლანდების მთავრობამ ორივეს უარი განუცხადა. თანაც, ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ მოწყობილობის წარმოება ძალიან მარტივი იყო, რაც მის დაპატენტებას ართულებდა… საბოლოოდ, მეტიუსმა მცირე ჯილდო მიიღო, ლიპერშეის კი მთავრობამ თანხა გადაუხადა, რათა ტელესკოპის ასლების გაკეთება შეძლებოდა.
აი, ასე გავრცელდა ისინი მთელ ევროპაში — 1609 წლის მაისის ბოლოს მას მარტივად იპოვიდით და შეიძენდით ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც პარიზია. ერთი წყარო ამბობს, რომ გალილეომ სწორედ ეს ტელესკოპი აიღო და გაუმჯობესა, მეორე კი ამტკიცებს, რომ ეს დამოუკიდებლად მოახერხა მას შემდეგ, რაც ლინზების შესახებ გაიგო… ასე იყო თუ ისე, ფაქტია, გალილეო გალილეიმ საკუთარი ტელესკოპის დიზაინი მალევე შემოგვთავაზა. იმდენად განვითარებული იყო, რომ საგნის არა 3-ჯერ, არამედ 8-ჯერ გადიდება შეეძლო, თუმცა ზოგიერთი საგნის 20-ჯერ გადიდებაზეც საუბრობს… მისი დაკვირვებები და ინტერპრეტაციები ვარსკვლავებზე, მთვარეზე, იუპიტერზე, მზესა და ვენერას ფაზებზე გარდამტეხი მნიშვნელობის იყო. საინტერესოა ისიც, რომ გალილეომ ცაზე პირველი დაკვირვებებისთანავე ესკიზების ხატვა დაიწყო, რომლის ნახვა უკვე თქვენც შეგიძლიათ:

თუმცა ადრეულ ტელესკოპებს საკმაოდ ბევრი პრობლემა ჰქონდა. თუ ძირითადად შორეულ წარსულში დიდი ზომის მოწყობილობებს ვხვდებით, რომლებიც დღეს იმდენად დაიხვეწა, რომ ულტრათხელ ან კომპაქტურ მოწყობილობებად ხასიათდება, აქ ეს პირიქით იყო — თავდაპირველი ტელესკოპები იმდენად პატარა იყო ზომით, რომ შეზღუდული ხედვაც ჰქონდა, არც ფიქსირებული „თვალი“ გააჩნდა, რის გამოც ხედვა ხან ფოკუსს მოკლებულიც იყო… და ნეტავ, რას იტყოდნენ პირველი ტელესკოპების ავტორები, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი რომ ენახათ?!
ავტორი: მაკუნა ჯუღელი