in

კლინიკას პირველი გადანერგილი გულის ფოტოსთვის მილიონი დოლარი შესთავაზეს!

ფაქტი ფაქტად კი დარჩა, მაგრამ შეთავაზება პირდაპირ იმას არ ნიშნავს, რომ მასზე თანხმობა განაცხადეს… თუმცა რატომ უნდა ეთქვათ უარი? ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ, მანამდე კი დაფიქრდით ამბავზე, რომელმაც ადამიანებს სიცოცხლის კიდევ ერთი შანსი მისცა. მესამე ცდა აქაც წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა ქირურგმა მაინც ჩვეულებრივ გადააგდო ხელთათმანები, რომლითაც პირველი წარმატებული გულის ტრანსპლანტაცია გააკეთა ან რა იცოდა ამაში ათასობით დოლარს თუ შესთავაზებდნენ?! მარკეტინგული გათვლების რა გითხრათ, მაგრამ ასე სამხრეთ აფრიკამ სამედიცინო რუკაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

M2
M2

ყველაფერი 1959 წელს დაიწყო, როცა ნორმან შამვეიმ გული 2 წლის მეტისს გადაუნერგა და დაამტკიცა, რომ ტექნიკურად სისხლის ცირკულაციისა თუ დონორისგან მიღებული ორგანოს შენარჩუნება შესაძლებელი იყო. შემდგომი წლები კი კოლეგებთან ერთად არსებული ტექნიკის დახვეწას მიუძღვნა, რითაც გადარჩენის მაჩვენებელი 60-70%-ით გააუმჯობესა. უკვე 1967 წლისთვის მზად იყო, გულის გადანერგვა ადამიანზეც შეესრულებინა, თუ ამისთვის შესაბამისი დონორი და მისი მიმღები გამოჩნდებოდა. აქ მოვლენები როგორ განვითარდა, ნაკლებადაა ცნობილი, მაგრამ თუ შამვეის პირველი წარმატებული გულის ტრანსპლანტაციის ავტორობის სურვილი ჰქონდა, გამოდის, ვერ აიხდინა.

ამავე წლის 3 დეკემბერს კეიპტაუნში, Groote Schuur-ის კლინიკაში სამხრეთ აფრიკელმა ქირურგმა კრისტიან ბარნარდმა, სწორედ შამვეისა და მისი დამხმარე რიჩარდ ლოუერის ტექნიკის გამოყენებით, გულის გადანერგვის პირველი ოპერაცია ადამიანზე ჩაატარა — ბარნარდმა გული დენის დარვალისგან, 25 წლის ქალისგან, რომელიც სასიკვდილოდ დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ლუის ვაშკენკსის გადაუნერგა, 53 წლის სამხრეთ აფრიკელს, რომელსაც გულის ქრონიკული დაავადება ჰქონდა. 

ლუის ვაშკენკსი და კრისტიან ბარნარდი ოპერაციის შემდგომ

გასაოცარი კი ის არის, რომ ბერნარდის 2 მთავარ ასისტენტს ამ ოპერაციამდე არასდროს უნახავთ გულის გადანერგვის პროცესი, ძაღლებშიც კი… მეტიც, როგორც ამბობენ, 53 წლის კაცის გული დაავადების გამო გაფართოებული და ჩვეულებრივი ადამიანის გულზე ბევრად დიდი იყო, ხოლო დონორის გული იმაზე ბევრად პატარა, ვიდრე ჯანმრთელი კაცის გულია… აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაშკენკსი იღბალსაც არ უნდა უჩიოდეს.

ოპერაცია 5 საათი გაგრძელდა — ტრანსპლანტაციის შემდგომ, ბარნარდმა საშუალება მისცა მიმღებს, სისხლი ახალი გულისთვის მიეწოდებინა. გულ-ფილტვის აპარატის მეშვეობით, სისხლი გაათბო და პაციენტის სხეულის ტემპერატურა ნორმალურ მაჩვენებელსაც დაუბრუნა. ქირურგთა გუნდი ელოდებოდა, როდის დაიწყებოდა გულისცემა, მაგრამ ასე არ მოხდა… ბერნარდი ძალიან წუხდა იმის გამო, რომ გულის კუნთი სერიოზულად დაზიანდა, როცა დონორისგან ჟანგბადის მიწოდება შეწყდა… თუმცა მაინც ელექტრული დეფიბრილაცია გაუკეთა ორგანოს, რის შედეგადაც მან ნორმალურად, მაგრამ სუსტად დაიწყო შეკუმშვა და ცირკულაცია მაინც ვერ შეძლო. 

ბერნარდი არ დანებებულა, პაციენტის ჟანგბადიდან გათიშვა ორჯერ კი სცადა, მაგრამ გული საკმარისად ძლიერად არ ცემდა იმისათვის, რომ ადეკვატური არტერიული წნევა შეენარჩუნებინა. ამიტომ, დონორის გულს გასაძლიერებლად მეტი დრო მისცა, პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნებას კი სპეციალური აპარატით ახერხებდა. მესამე ცდა უკვე წარმატებული აღმოჩნდა — არტერიულმა წნევამ მატება დაიწყო, რამაც მათ ოპერაციის წარმატებით დასრულების შესაძლებლობა მისცა. 

როგორც ამბობენ, ბარნარდს ამ ისტორიული ოპერაციის შესახებ არც კლინიკის ხელმძღვანელი და არც ქირურგიის განყოფილების თავმჯდომარე გაუფრთხილებია… ეს ამბავი მხოლოდ ოპერაციის დასრულების შემდგომ გაიგეს, ნასიამოვნებიც დარჩნენ პაციენტის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო, მაგრამ ნეტავ, რა მოხდებოდა ასე რომ არ მომხდარიყო? ან რატომ არ გააფრთხილა ბარნარდმა ისინი? ეჭვი ხომ არ ეპარებოდა საკუთარ წარმატებაში? ან ვერ იაზრებდა, რა გავლენა ექნებოდა ამ ოპერაციას მთელ მსოფლიოზე?!

მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება ზემოთ მოცემულ კითხვებზე პასუხი, მთავარი რომ შედეგია, ამაში თავადაც დარწმუნდებით — ოპერაციიდან 30 წუთში ეს ამბავი სამხრეთ აფრიკის პრემიერ-მინისტრმა გაიგო, პოლიტიკოსებმა კი მალევე გააცნობიერეს ოპერაციის პოტენციური გავლენა მსოფლიოზე, ეს სამხრეთ აფრიკას სამედიცინო რუკაზე მნიშვნელოვანი ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარებოდა. თანაც ცუდი რეპუტაციის გამო, ოპერაცია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო სამხრეთ აფრიკისთვის, ვიდრე ეს სხვა ქვეყნებისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო. 

ისტორიული მომენტების კადრებად აღბეჭდვა კი ძალიან გვიყვარს, მაგრამ გულის გადანერგვის პირველ წარმატებულ ოპერაციას ფოტოგრაფები არ ესწრებოდნენ, რაშიც ძალიან შეცდნენ — როგორც უკვე გითხარით, საავადმყოფომ ოპერაციიდან რამდენიმე საათში დონორის გულის ფოტოს სანაცვლოდ, მილიონდოლარიანი შეთავაზება მიიღო. თუმცა, ბუნებრივია, მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილეს… ეს ამბავი კი, შესაძლოა, იმაზე მეტყველებდეს, რომ ქირურგები ოპერაციის წარმატებაში დარწმუნებულნი არ იყვნენ ან ყველაფერი უეცრად მოხდა, მაგრამ რას იტყვით ბერნარდზე, რომელმაც წარმატებული ოპერაციის შემდეგ ხელთათმანები ურნაში ჩვეულებრივ მოისროლა? ოპერაციიდან რამდენიმე დღეში იმ ხელთათმანებისთვის, რომლითაც გულის გადანერგვა წარმატებით შესრულდა, გაზეთმა ქირურგს 25 000 დოლარი შესთავაზა… 

3 დეკემბრის შემდგომ კი, მთელი მსოფლიო და ყველა მედია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებოდა. ხოლო 21 დეკემბერს, გადანერგვიდან 18 დღის შემდგომ, ირონიულად, დონორის გული იყო ბოლო ორგანო, რომელიც გაჩერდა. გვამი დაუყოვნებლივ გაკვეთეს, აღმოჩნდა, რომ გარდაცვალების მიზეზი ფილტვების ანთება იყო, ოპერაცია კი უნაკლოდ ჩატარებული გახლდათ. ამ უკანასკნელში ბარნარდის შემდგომი წარმატებული ტრანსპლანტაციებიც დაგარწმუნებთ — მეორე პაციენტის სიცოცხლე 19 თვით გახანგრძლივდა, მეხუთე და მეექვსე პაციენტებმა კი 13 და 24 წელი იცოცხლეს… 

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

სიკეთით გაჯერებული კომუნიკაციის ძალა

კრიპტო გადახდები: მზარდი ტენდენცია და სარგებელი ბიზნესისთვის