დაახლოებით შეგიძლიათ იმის წარმოდგენა, როგორი იქნებოდა ბეჭდურ რეკლამირებებს მიჩვეული ადამიანების გადაყვანა ციფრულ სამყაროში? ინტერნეტიც რომ ახალი ხილი იყო, კომპიუტერებიც და ვებგვერდებიც. აი, გაზეთები კი კარგად გამოცდილი… ასე იყო თუ ისე, რეკლამირების ინდუსტრიასაც მოუწია, ფეხი აეწყო ტექნოლოგიური წინსვლისთვის და მალევე პირველ ციფრულ რეკლამამდე მივედით. იმ ფორმატის იყო, რომელსაც მარკეტერის ვებგვერდზეც ხედავთ ხოლმე, თუმცა სულ პირველად ეს საკმაოდ ძვირად დაუჯდათ.
ამ კითხვას 1978 წლისკენ მივყავართ, როცა გარი თიერკმა Digital Equipment Corporation-დან (DEC) პირველი ელ.ფოსტა გაუგზავნა 400 პოტენციურ მომხმარებელს. მისივე მტკიცებით, ეს პროდუქტების გაყიდვებში გადაიზარდა და კომპანიას 13 მილიონი დოლარის ღირებულების მოგება მოუტანა. თუ დავუფიქრდებით, ციფრული რეკლამირების ნიმუშად შეგვიძლია ჩავთვალოთ, მაგრამ ისტორიამ გარი „პირველი სპამის ავტორად“ უფრო მონათლა, ვიდრე პირველი ციფრული რეკლამის…
ამიტომ, ახლა იმაზე გესაუბრებით, რაც აღნიშნულ სტატუსს ირგებს — 1994 წლის 27 ოქტომბერს რეკლამირების ინდუსტრია სრულად გარდაქმნა პატარა გრაფიკამ ცისარტყელასფერებიანი წარწერით: „Have you ever clicked your mouse right here? You will“ — აი, ასე დაიწყო ე. წ. ბანერული რეკლამების (Banner Ads) ეპოქა. ვებგვერდებს რომ სტუმრობთ და ხშირად გიგდებთ „სარეკლამო ზოლში“, აი, ის… ეს კი შეგიძლიათ, Wired-ის ყოფილ ციფრულ გამოცემა HotWired-ს დააბრალოთ, რომელსაც შემოსავლის მისაღებად და მწერლების შესანახად მოუწია, რაღაც გზას მიეგნო.
ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, გადაწყვიტეს, ვებგვერდის გარკვეული ნაწილები სარეკლამო სივრცედ ექციათ და გაეყიდათ ზუსტად ისე, როგორც სარეკლამო სივრცეები იყიდებოდა ბეჭდურ ჟურნალ-გაზეთებში. მათ Banner Ads უწოდეს, თუმცა იმდროინდელი სისტემა დიდად განსხვავდება დღევანდელი თითო კლიკის მოდელისგან. ამბობენ, რომ რეკლამის განმთავსებლებს გარკვეული დროით კონკრეტული სივრცის ასაღებად საიტზე წინასწარ უნდა გადაეხადათ თანხა. თანაც Dial-up კავშირს ეყრდნობოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკლამა ვებგვერდზე ძალიან ნელა იტვირთებოდა.
პირველი ციფრული რეკლამის ავტორი კი AT&T აღმოჩნდა, რომელმაც, როგორც ვიგებთ, HotWired-ს 30 ათასი დოლარი გადაუხადა, რათა ის ბანერი, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ, ვებგვერდზე 3 თვით განეთავსებინათ. რეკლამაზე დაკლიკების სიხშირე დაახლოებით 44%-ს უდრიდა, როცა დღეს საშუალო დაკლიკების კოეფიციენტი 0.06%-ს უახლოვდება…
ოღონდ მაშინ ამ ბანერულ რეკლამას ისეთ ირიბ ფორმად თვლიდნენ, რომელიც ღირებულ კონტენტს სთავაზობდა მომხმარებლებს. იმდროინდელი რეკლამებისგან განსხვავებით, პირდაპირ კი არ გაყიდდნენ რაიმეს, არამედ თუ დააკლიკებდნენ, „დააჯილდოებდნენ“. თუმცა ბანერულ რეკლამას რომ ემუშავა, დაკლიკებადი უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, სააგენტოებს ვებგვერდების შექმნა მოუწიათ მომხმარებლებისთვის, რომლებიც იმ დროს დარწმუნებულნიც არ იყვნენ, რომ ონლაინ ინტერაქცია მოგებიანი იქნებოდა მათი ბიზნესისთვის. წარმოიდგინეთ, მაშინ მსგავსი რეკლამების კანონიერების საკითხიც კი კითხვით ნიშნის ქვეშ იდგა…
თუმცა გამოწვევები რომ დაძლიეს, აშკარაა, რადგან მალევე ინტერნეტ სივრცე ე. წ. ბანერულმა რეკლამებმა მოიცვა. HotWired-მაც მალე თანამშრომელთა რაოდენობით Wired-ის გაზეთს გადაუსწრო, HotBot-ის საძიებო სისტემაც აამოქმედა და წლიურ შემოსავალს 20 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა!
და არ გაინტერესებთ, რა ხდებოდა პირველ ციფრულ რეკლამაზე დაკლიკების შემდგომ? მომხმარებლები AT&T-ის საწყის გვერდზე გადაჰყავდათ — ვიზიტორებს შეეძლოთ, მსოფლიოში არსებული ღირსშესანიშნაობებისა და მუზეუმების ინფორმაციები ენახათ, რათა მათ ხაზი გაესვათ ინტერნეტის უნარზე, რომელიც ვირტუალურად სხვადასხვა ადგილზე მოგზაურობის შესაძლებლობას აჩენდა.
წარმოიდგინეთ, მაშინ AT&T-ის რეკლამას ისე ხსნიდნენ, რომ ვერც იაზრებდნენ, რამხელა ციფრული რევოლუციის ნაწილნი ხდებოდნენ. თავად კომპანიამ კი ეს რევოლუცია 30 ათას დოლარად დაიწყო…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი