თუ მეცნიერებს დავეყრდნობით, მათ ახლახან ამოხსნეს მრავალსაუკუნოვანი საიდუმლო — რომელი მრავალუჯრედიანი ცხოველი არსებობდა პირველად დედამიწაზე. ღრუბლები (Porifera) დიდი ხნის მანძილზე იკავებდა „პირველის“ სტატუსს თავისივე ანატომიური სიმარტივისა და ნერვული სისტემის ნაკლებობის გამო. თუმცა როგორც კი მკვლევრები გენეტიკურ ისტორიას ჩაუღრმავდნენ, ამ სტატუსის კონკურენტიც გაჩნდა.
„ალბათ, ცხოველების საერთო წინაპარი 600-700 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და რთულია, იმის ცოდნა, თუ როგორები იყვნენ, რადგან რბილი სხეული ჰქონდათ და არც ნამარხების ჩანაწერები მოიპოვება. თუმცა შეგვიძლია ცოცხალი ცხოველების შედარებები გამოვიყენოთ, რათა გავიგოთ მათი საერთო წინაპრის შესახებ“, — აცხადებს დენიელ როქსარი, კვლევის ავტორი.
ამგვარად, მკვლევრებმა აღმოაჩინეს ნიმუშები, რომლებიც ნათლად მიუთითებდა ორგანიზმებს შორის ევოლუციურ მოვლენათა თანმიმდევრობაზე. კონკრეტულად კი, მათ ერთმანეთს შეადარეს სავარცხლურები, ორი ზღვის ღრუბელი, ორი ერთუჯრედიანი ცხოველი (choanoflagelates და amoeba) და მიკრობული თევზის პარაზიტი, რომელიც უკავშირდება როგორც ცხოველებსა და სოკოებს, ისე სხვა თანამედროვე არსებებს.
ერთსა და იმავე ქრომოსომაში ნაპოვნი გენის თანმიმდევრობების კავშირმა ყველა ცხოველში გამოავლინა აშკარა ნიმუში — ღრუბლებსა და უფრო თანამედროვე ცხოველებს აქვთ ანალოგიური თვისებები იშვიათი ტიპის ქრომოსომების შერწყმისა და ხელახალი განლაგების შედეგად. თუმცა ასე არ იყო სავარცხლურებში, რომლის გენომი ერთუჯრედიანი ცხოველებისას ჰგავდა. ამის უმარტივესი ახსნა ის არის, რომ ისინი ქრომოსომურ გადაწყობამდე სხვა მიმართულებით წავიდნენ. ამგვარად, მეტად სავარაუდო ხდება, რომ სავარცხლურები პირველად განვითარდნენ, შემდგომში კი მათ ღრუბლები მოჰყვა…
„კვლევა გვაწვდის კონტექსტს, რათა გავიგოთ, რა აქცევს ცხოველს ცხოველად. ეს დაგვეხმარება იმ საბაზისო ფუნქციების გაგებაში, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ, როგორ შეიგრძნობენ გარემოს, როგორ ჭამენ ან როგორ მოძრაობენ“, — აცხადებს დარინ შულცი, ვენის უნივერსიტეტის ბიოინფორმატიკოსი.