წარმოგიდგენიათ თანამედროვე სამყარო თვითმფრინავების გარეშე? რამდენ დროს დაკარგავდნენ ადამიანები ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში წასასვლელად… უფრო მასშტაბური პერსპექტივით კი, ჩვენი ეკონომიკა საგრძნობლად შენელდებოდა, რადგან ნივთების ამ სისწრაფით გადატანა შეუძლებელი იქნებოდა. მალფუჭებადი პროდუქტები კი გრძელ სახმელეთო მოგზაურობას სათანადოდ ვერ უძლებს — მით უმეტეს, სპეციალური გაგრილების აღჭურვილობის გარეშე.
და, ალბათ, ფილმებიც შედარებით მოსაწყენი იქნებოდა საჰაერო კადრების გარეშე.
სტატიაში კი სწორედ ამ ინოვაციური მოწყობილობის შესახებ გიამბობთ, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში. ადამიანთა ფრენის ეპოქა 1903 წლის 17 დეკემბერს დაიწყო, როდესაც ორვილ და უილბურ რაიტებმა წარმატებით განახორციელეს 12-წამიანი მდგრადი ფრენა — პირველი ძრავიანი აპარატის პილოტირებული ფრენა.
ამ დღეს რაიტებმა კიდევ ორი ფრენა შეასრულეს, რის შემდეგაც მამას დეპეშით ამცნეს პირველი ნამდვილი თვითმფრინავის დაბადების შესახებ…

ვიდრე ძმები რაიტები პირველ ფრენას განახორციელებდნენ, სხვა მრავალი მცდელობის მომსწრე გახდა საზოგადოება. მათ შორის იყო ისეთი საფრენი მოწყობილობები, როგორებიც არის საჰაერო ხომალდები, პლანერები, ბუშტების მქონე აპარატები და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი ნამდვილად არსებობდა ამ კუთხით, ყველაფერი შეიცვალა, როდესაც რაიტებმა პილოტირებადი თვითმფრინავის შექმნა გადაწყვიტეს.
ადრეული ტესტირება და უპილოტო ფრენები
1899 წელს, მას შემდეგ რაც უილბურ რაიტმა სმითსონიანის ინსტიტუტს მისწერა და ფრენის ექსპერიმენტების შესახებ მოითხოვა ინფორმაცია, მან და ორვილმა თავიანთი პირველი თვითმფრინავი დააპროექტეს. ეს იყო პატარა ბიპლანი, რომელიც ფრენისას ფრანის ტექნიკას იყენებდა, რათა მისი მოძრაობისა და წონასწორობის კონტროლი შესაძლებელი ყოფილიყო.

საგულისხმოა, რომ ძმები რაიტები დიდ დროს უთმობდნენ ფრინველების ფრენის დაკვირვებას. შედეგად, შენიშნეს ის, რაც შემდგომში მათი მოწყობილობის ერთ-ერთ მთავარ ღერძად იქცა — ფრინველები ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით იწყებენ აფრენას, რათა ამწეობა შეიქმნას. ასევე, ჩიტები ფრთების ფორმას იცვლიან მობრუნებისა და მანევრირების მიზნით. უილბურს და ორვილს სჯეროდათ, რომ ამ ტექნიკის გამოყენება თავადაც შეეძლოთ.
მომდევნო სამი წლის განმავლობაში ძმები პლანერების სერიაზე მუშაობდნენ, რომელთა მართვაც შესაძლებელი იქნებოდა როგორც უპილოტოდ, ისე მფრინავით. უკვე 1900 წელს მათ წარმატებით გამოსცადეს პირველი პილოტირებული, 50-კილოგრამიანი ბიპლანი, 17 ფუტის სიგრძითა და არც თუ ისე ლამაზი ვიზუალით. შემდგომ მოდელში კი კონტროლისა და სადესანტო აღჭურვილობის დახვეწას და უფრო დიდი საჰაერო ჩარჩოს აშენებას გეგმავდნენ.

1901 წელს Kill Devil Hills-ში ძმებმა რაიტებმა მანამდე არსებულ პლანერებზე ყველაზე დიდი ზომის მოწყობილობა გამოსცადეს. მისი სიგრძე 22 ფუტს აღწევდა, წონა კი — 100 ფუნტს. თუმცა მის შემთხვევაში მრავალი პრობლემა წარმოიქმნა — ფრთები სათანადოდ არ მუშაობდა, მათი მექანიზმი ზოგჯერ კონტროლიდან გამოდიოდა და ა. შ. ამ ყველაფრის უკან არასწორი გამოთვლები იდგა, რაც, საბედნიეროდ, მალევე გააცნობიერეს გამომგონებლებმა და ახალი საჰაერო ჩარჩოს შემუშავება დაგეგმეს, 32 ფუტის ფრთებითა და კუდით.
1902 წელს რაიტებმა მრავალი საცდელი ფრენა განახორციელეს თავიანთი ახალი პლანერით. მათმა კვლევამ აჩვენა, რომ მოძრავი კუდი ხელს შეუწყობდა ხომალდის დაბალანსებას… ამიტომ, მოძრავი კუდი ფრთების დეფორმირებად კაბელებთან დააკავშირეს. ამ დროს გამომგონებლები ძრავიანი თვითმფრინავის აშენებას გეგმავდნენ და შეძლეს კიდეც, რისი შედეგიც იყო 1903 წლის პირველი პილოტირებული ფრენა.

პროპელერების მუშაობის რამდენიმეთვიანი შესწავლის შემდეგ, მათ შეიმუშავეს საკმარისად ძლიერი ძრავა და ახალი თვითმფრინავი, რომელიც 700 ფუნტს იწონიდა და გახდა ცნობილი, როგორც Flyer.
ამ ყველაფრის პარალელურად, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს იმ დროისათვის ფართოდ გავრცელებული სკეპტიციზმი რაიტების გამოგონებების შესახებ… 1906 წლის 10 თებერვალს New York Herald-მა პირდაპირ განაცხადა: „რაიტები ან გაფრინდნენ, ან — არა. ან ფლობენ ამ მოწყობილობას, ან — არა. ისინი ან მფრინავები არიან, ან მატყუარები“.
თვითმფრინავის წარმატებები ძმები რაიტების შემდეგ
1911 წელს Wright’s Vin Fiz გახდა პირველი თვითმფრინავი, რომელმაც გადალახა შეერთებული შტატები. ფრენა 84 დღეს გაგრძელდა და იგი 70-ჯერ გაჩერებას მოიცავდა. ამასთან, იგი იმდენჯერ დაეშვა ავარიულად, რომ როდესაც კალიფორნიაში ჩავიდა, ორიგინალი სამშენებლო მასალის ძალიან ცოტა ნაწილი იყო დარჩენილი…

ძმები რაიტების შემდეგ გამომგონებლებმა განაგრძეს თვითმფრინავების გაუმჯობესება. ამან გამოიწვია რეაქტიული თვითმფრინავების გამოგონება, რომელსაც იყენებენ როგორც სამხედრო, ისე კომერციული ავიახაზები. ასევე, მას შემდეგ ზოგიერთმა კომპანიამ შეიმუშავა ელექტრო თვითმფრინავები, რომლებიც შიდა წვის ძრავების ნაცვლად ელექტროძრავებზე მუშაობს.
ვნახოთ, რას გვიმზადებს ტექნოლოგიური წინსვლა… იქნებ, ამჟამად არსებული თვითმფრინავები ჯერ კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მომავალში ვიხილავთ.
ავტორი: ქეთია ბელქანია











