უფრო სწორად რომ ვთქვათ, ისლამური პერიოდის მეჩეთი, რომელიც მრავალფუნქციური იყო და რელიგიურ თუ სამოქალაქო აქტივობებთან ერთად სწავლასაც მოიცავდა…. თუმცა საუკუნეების შემდგომ, ოფიციალურად იქცა უნივერსიტეტად და დღესაც ფუნქციონირებს. UNESCO-სა და Guinness World Records-ის თანახმად, მსოფლიოში პირველი უნივერსიტეტი ქალმა დააარსა — ალ-კარავიინი (ალ–კაირუანი) ფეზში, მაროკოში 859 წელს ფატიმა ალ-ფიჰრის მიერ შეიქმნა! არაბული სახელიც რომ გავშიფროთ, ყველაფერი კიდევ უფრო ნათელი გახდება — „კაირუანის ხალხის უნივერსიტეტი“.
ამგვარად, იგი წინ უსწრებს პირველ ევროპულ უნივერსიტეტებსაც, მათ შორის ერთ-ერთ უძველეს ბოლონიის უნივერსიტეტს, რომელზეც 2 საუკუნით ადრე დაარსდა. პლანეტაზე უძველეს სასწავლო დაწესებულებადაც გვევლინება და პირველ ადგილსაც იკავებს მათ შორის, რომელიც ქალმა და მუსლიმმა დააარსა. ალ-კარავიინი ისლამის ოქროს ხანის ერთ-ერთი წამყვანი სულიერი და საგანმანათლებლო ცენტრი გახლდათ.
ბუნებრივია, ისტორიკოსებისთვის ფატიმას ცხოვრება მეტად საინტერესოა, თუმცა დღემდე ბევრი რამ საიდუმლოებებით არის მოცული. მითია თუ რეალობა? ზოგიერთი ამ კონტექსტშიც კი განიხილავს… ვიცით, რომ მისი ოჯახი ერთ-ერთი იყო იმათგან, ვინც კაირუანიდან ფეზში მიგრაციის შედეგად მოხვდა. მამამისი მდიდარი ვაჭარი იყო, რომლის გარდაცვალების შემდგომ, ფატიმამ და მისმა დამ მარიამმა დიდძალი ქონება მიიღეს. დები მორწმუნეები იყვნენ, ამიტომ ამ ფულით მეჩეთების აგება გადაწყვიტეს. აქ ზოგიერთი წყარო ფატიმას ქმრის გარდაცვალებაზეც საუბრობს…
მას სურდა, მეჩეთი ფეზში მუსლიმური საზოგადოებისთვის აეშენებინა და იგი იმდენად დიდი უნდა ყოფილიყო, რომ მორწმუნეთა მზარდი რაოდენობა დაეტია… Hawaara-ს ტომისგან მიწის ყიდვის შემდეგ კი მშენებლობა დაიწყო — ალ-კარავიინის მეჩეთი გახდა პირველი რელიგიური სასწავლებელი და ყველაზე დიდი არაბული უნივერსიტეტი ჩრდილოეთ აფრიკაში.
მართალია, ზუსტად არ არის ცნობილი, როდის გადაიქცა ალ-კარავიინის მეჩეთი სასწავლო დაწესებულებად, თუმცა მკვლევრები XIII-XIV საუკუნეებიდან ალ-კარავიინს ინტელექტუალურ და მეცნიერულ ცენტრად თვლიან. აქ ისეთი ტრადიციული რელიგიური საგნები ისწავლებოდა, როგორებიცაა ყურანი და ისლამური კანონები, ისეთი მეცნიერებები, როგორებიცაა გრამატიკა, ლოგიკა, მედიცინა, მათემატიკა, ასტრონომია და გეოგრაფია. როგორც ამბობენ, ქიმია ოფიციალურად არასდროს ყოფილა ამ ჩამონათვალში, რადგან ტრადიციულად მიჩნეულ მოსაზრებებს ეწინააღმდეგებოდა…
ამ დროს ალ-კარავიინის მთავარი შენობის ირგვლივ მედრესეებიც ააგეს, რაც მეჩეთთან მდებარე საშუალო ან უმაღლესი სასწავლებელია. აქ უკვე კონკრეტული კურსები, ჩვეულებრივზე მოკლე სასწავლო სილაბუსები და სპეციალიზაციები იყო წარმოდგენილი. მედრესეს ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია იმ სტუდენტების დაბინავებაც გახლდათ, რომელთაც ალ-კარავიინში სურდათ სწავლა.
თუმცა 1912 წელს საფრანგეთის პროტექტორატი დაიდო, ალ-კარავიინში არსებული მდგომარეობა გაუარესდა და მნიშვნელოვანი რეფორმები მოხდა… მაგრამ მსოფლიოში პირველი უნივერსიტეტი ე. წ. მაროკოს ეროვნულ მოძრაობაში თავის როლს მაინც თამაშობდა და საფრანგეთის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ არსებულ აქციებშიც იღებდა მონაწილეობას…
საინტერესოა ისიც, რომ ფატიმა ალ-ფიჰრის „ბიჭების დედას“ / „ბავშვების დედას“ ეძახდნენ, ისტორიკოსის მუჰამედ იასერ ჰილალის მოსაზრებით კი: „ეს ზედმეტსახელი, სავარაუდოდ, მისი ქველმოქმედებიდან მომდინარეობს და იმ ფაქტით არის განპირობებული, რომ იგი სტუდენტებს მფარველობდა“… „ბიჭების დედაზე“ პირველი, ალბათ, ის საკითხი გახსენდებათ, რომ ქალებს ადრე სწავლის უფლება არ ჰქონდათ… აქაც, მიუხედავად იმისა, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენელმა დააარსა, ქალები პირველად დაწესებულებაში 1940-იან წლებში მიიღეს. მანამდე კი, როგორც ამბობენ, მხოლოდ ე. წ. რივაკში ყოფნისას შეეძლოთ მოსმენა, ისიც იშვიათად…
უკვე მაროკოს დამოუკიდებლობის შემდეგ, 1963 წელს ალ-კარავიინი ოფიციალურად გადაკეთდა უნივერსიტეტად, მაროკოს თანამედროვე სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში შევიდა და 2 წლის შემდეგ ოფიციალურად University of Al Quaraouiyine ეწოდა. აქ უკვე 4 ფაკულტეტი ისწავლებოდა ისლამური სამართლის, არაბული მეცნიერებისა და 2 თეოლოგიის ფაკულტეტი. თავად მეჩეთის შენობა კი დღემდე მაროკოსა და ისლამური არქიტექტურის მნიშვნელოვან კომპლექსს წარმოადგენს სხვადასხვა პერიოდის ელემენტებით…
და თუ გაინტერესებთ, რას საქმიანობს დღეს 859 წელს დაარსებული უნივერსიტეტი, alqarawiyyeenuniversity.com-ს შეგიძლიათ ესტუმროთ.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი