in

პირველი ვაქცინა 8 წლის ბიჭზე ჩატარებული ექსპერიმენტით შეიქმნა!

და რა შუაშია აქ ძროხა?

ბოლო დროს ჩვენ მიერ გაკეთებული ვაქცინების ამბავი ჩვენთვისვე კარგად ცნობილ ღამურასა და ჩინეთს, Pfizer-სა და AstraZeneca-ს, პირბადეების რიგსა და საქართველოში პირველი შემთხვევის დაფიქსირებით მიღებულ ემოციას გვახსენებს, მაგრამ ისტორიაში სულ პირველი ვაქცინის შექმნა ძროხებს უკავშირდება. ეს არც გამოგონილი ამბავია, არც მითებს მოგიყვებით, რომლითაც კოვიდის დროს თავი ძალიან „გავინებივრეთ“… აქ ვისაუბრებთ, ყვავილზე, ძროხის მეწველ ქალებსა და 8 წლის ბიჭზე ჩატარებულ ექსპერიმენტზე.

M2
M2

შესაძლოა, ცოტა გაგიკვირდეთ, მაგრამ ტერმინი ვაქცინა ლათინური სიტყვიდან ძროხა (vacca) მოდის. და რა შუაშია?! მოდით, სანამ ამას გაგიზიარებთ, მანამდე გეტყვით, რომ თავდაპირველად მედიცინას ყვავილთან ბრძოლა მოუწია, თუმცა მისი გამოვლინებები ნამდვილად შორს იყო ამ სახელისგან — სხეულის ტკივილი, მაღალი სიცხე, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, გამონაყარი მთელ სხეულზე — ჩირქით სავსე ბურთები, რომლებიც რამდენიმე დღეში შრება და ცვენას იწყებს… 

სწორედ ამ დაავადებასთან საბრძოლველად შეიქმნა პირველი ვაქცინა, თუმცა სანამ აქამდე მივიდოდნენ, სხვადასხვა მეთოდს ცდიდნენ. დღევანდელი ცოდნით ზოგიერთზე, შესაძლოა, გაგეცინოთ კიდეც, მაგრამ მაშინ ეს ღიმილს ნამდვილად არავის ჰგვრიდა — ყვავილით დაავადებულ ადამიანებს ძალიან ცხელ ან ძალიან ცივ ოთახებში ათავსებდნენ, ნესვის ჭამისგან თავშეკავებას ურჩევდნენ, წითელ ქსოვილებშიც ხვევდნენ, მე-17 საუკუნეში კი პაციენტებს ექიმები ყოველ 24 საათში ლუდის 12 პატარა ბოთლს აძლევდნენ…

ვაჭრობის საზღვრების გაფართოებასთან ერთად, ყვავილიც ვრცელდებოდა ისე, რომ მთლიან ტომებსაც ანადგურებდა: მოზრდილებიდან ყვავილით ინფიცირებულთა მესამედი დაიღუპა, ახალშობილებიდან კი 10-დან 8. მხოლოდ ევროპაში ყოველწლიურად დაავადებით 400 000 ადამიანი კვდებოდა… მაშინაც კი, თუ ამას ვინმე გადაურჩებოდა, ეს ხშირად სიბრმავით მთავრდებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ შემზარავ ნაწიბურებზე. ყვავილი იმდენად ამახინჯებდა ადამიანებს, რომ ზოგიერთმა ამის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობითაც კი დაასრულა. 

როგორ უკავშირდება ეს ამბავი ძროხის მეწველ ქალებს?

1700-იან წლებში ყველასთვის კარგად ცნობილი გახდა, რომ ინგლისის სოფლების მცხოვრებლები ყვავილის მიმართ მაღალი იმუნიტეტით გამოირჩეოდნენ. ქალები, რომლებიც ძროხებს წველიდნენ, ყვავილით კი არა, პირუტყვის შედარებით მსუბუქი დაავადებით „ძროხის ყვავილით“ ავადდებოდნენ, რაც შედარებით მცირე ნაწიბურებსაც ტოვებდა.

შეძლეს თუ არა ვაქცინის გამოგონებამდე ყვავილთან გამკლავება?

1774 წელს ინგლისის დასავლეთში ყვავილის ეპიდემიის დროს ფერმერმა ბენჟამინ ჯესტიმ გადაწყვიტა რაღაც ეცადა. მან ამჯერად ძროხის ყვავილიდან აღებული ჩირქი ცოლისა და ვაჟების კანში შეიყვანა და შედეგად, არცერთი მათგანი დაავადდა. ეს ამბავი კი მნიშვნელოვანი არა მარტო კონკრეტული შედეგის გამოა, არამედ იმიტომ, რომ ადამიანმა, რომელსაც პირველი ვაქცინის გამომგონებლად მიიჩნევენ, სწორედ მსგავს მეთოდს მიმართა.

ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ინოკულაციის სახელით არის ცნობილი. თავდაპირველად აფრიკასა და აზიაში მიმართავდნენ, მაგრამ მე-18 საუკუნეში ევროპამდეც მიაღწია, სადაც უკვე ვარიოლაციის სახელით მოიხსენიებდნენ — ყვავილით დაავადებული ადამიანის გამონაყარიდან ჩირქს იღებდნენ და ჯანსაღი ადამიანის კანში შეჰყავდათ. კიდევ ერთი ტექნიკა კი გამომშრალი ნიმუშის პუდრად ქცევას, ბამბუკის მილში მოთავსებასა და ცხვირში შესხურებას მოიცავდა. ინოკულაციის შედეგად, დაავადება უფრო მსუბუქად გადაჰქონდათ, მაგრამ ზოგჯერ პირიქით, დაავადების გადაცემის წყარო ხდებოდა… ამიტომ, აქ რაღაც ახალი გამოსავლის პოვნაზე უნდა ეზრუნათ.

8 წლის ბიჭზე ჩატარებული ექსპერიმენტი

პირველი ვაქცინის ავტორი ედუარდ ჯენერი, ინგლისელი ექიმი იყო, რომელიც ბერკლის პატარა ქალაქში მუშაობდა. მასაც სურდა, რაღაც უკეთესი ალტერნატივა ეპოვა, ამიტომ 1796 წელს ფერმერებისა და ქალებისგან, რომლებსაც ძროხებზე ზრუნვა ევალებოდათ, გარკვეული ინფორმაციები მოაგროვა და ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. თანაც, ბავშვზე და თანაც, ის ექსპერიმენტი, რომელსაც ფატალურად დამთავრების უდიდესი პოტენციალი ჰქონდა… 

ჯენერმაც ინოკულაციის მეთოდს მიმართა — ახალგაზრდა ქალის, სარა ნელმსის, ხელებიდან ძროხის ყვავილის ჩირქი აიღო და 8 წლის ბიჭს ჯეიმს ფიპს კანში შეუყვანა. რამდენიმედღიანი მსუბუქი ავადმყოფობის შემდეგ, ჯეიმსი გამოჯანმრთელდა, არც ყვავილი დამართვია და ეს არც იმ ადამიანებს გადასდებიათ, ვისაც მასთან შეხება ჰქონდათ.

ორი თვის შემდეგ, 1796 წლის ივლისში, ჯენერმა ფიპსს უკვე ადამიანის ყვავილის წყლული შეუყვანა, რათა დაენახა, რამდენად შეძლებდა იგი დაავადებასთან გამკლავებას. ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა და ასე 8 წლის ბიჭი პირველი ადამიანიც გახდა, რომელსაც ყვავილის ვაქცინა ჩაუტარდა. 

აი, ასე შეიქმნა პირველი ვაქცინა, რომლის მიზანიც ჯენერისთვის რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა იყო და არა, ფულის შოვნა. ამიტომ, თავის ბაღში არსებული საზაფხულო სახლი ვაქცინაციისთვის გამოყო და მოსახლეობას იქ კვირაობით წირვის შემდეგ იწვევდა. 

მას შემდეგ, რაც ჯენერმა თავისი მიგნებები გამოაქვეყნა, ახალი ამბავი მთელ ევროპას მოედო და ესპანეთის მეფის მხარდაჭერით მთელ მსოფლიოსაც — მეფე ჩარლზ IV-მ ყვავილის გამო ოჯახის რამდენიმე წევრი დაკარგა, თავის ქალიშვილს მარია ლუიზას კი საშინელი ნაწიბურები დაუტოვა… ამიტომ, მეფემ ვაქცინის ესპანეთის იმპერიაში გავრცელება ბრძანა, შემდგომ კი, ეტაპობრივად, მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამგვარად ინგლისელმა მეცნიერმა მილიონობით ადამიანი გადაარჩინა და ყვავილი 1970-იანი წლებისთვის სრულადაც კი გააქრო!

დაბოლოს „ვაქცინა“ რას ნიშნავს, ხომ გახსოვთ? როგორც ამბობენ, უკვე 1881 წელს ლუი პასტერი, რომელმაც შემდგომში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა, იყო ინიციატორი იმისა, რომ ჯენერის პატივსაცემად, კონკრეტული ტერმინი სხვა აცრებისთვისაც გამოეყენებინათ… 

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

ალდაგის შეთავაზება თეგეტა ეფრუვდის მომხმარებელს

#სადანროგორ გავერთოთ 7-8 აპრილს — ღონისძიებების კალენდარი