თუ სტატისტიკურ მონაცემებს დავეყრდნობით, დღეს ინტერნეტში 1,98 მილიარდზე მეტი ვებგვერდია ხელმისაწვდომი, მაგრამ სულ რაღაც 32 წლის წინ მათგან არცერთი არსებობდა… ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ბრიტანელი მეცნიერი ტიმ ბერნერს-ლი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN-ის თანამშრომელი გახდა. ჩვენ გასული საუკუნეების 80-იან წლებზე გესაუბრებით, როცა მან შეამჩნია, რამდენად რთული იყო მსოფლიოს მასშტაბით ორგანიზაციის ათასობით მკვლევრის პროექტებსა თუ კომპიუტერულ სისტემებზე თვალყურის დევნება…
იმ დროს სხვადასხვა ინფორმაცია სხვადასხვა კომპიუტერში ინახებოდა და ყველა მათგანზე წვდომისთვის იმდენ კომპიუტერთან უნდა დამსხდარიყავით, რამდენშიც არსებობდა იგი. ხოლო, თუ პროგრამები განსხვავებული იყო, მათი სწავლაც მოგიწევდათ. ბუნებრივია, ამან ბერნერს-ლისთვის რაღაც ერთიანი სისტემის შექმნის იდეა გააღვიძა, რითაც უდავოდ სასიკეთო რამ გააკეთა კაცობრიობისთვის. წარმოიდგინეთ, დღეს რამდენი ინფორმაციის წყაროც არსებობს, იმდენი კომპიუტერით სარგებლობა რომ გიწევდეთ…
მსგავსად, ბერნერს-ლი 1989 წლის მარტში CERN-ის მენეჯერებს ინფორმაციის მართვის სისტემების შესახებ ესაუბრა, რომელიც სხვადასხვა კომპიუტერში არსებული დოკუმენტების დასაკავშირებლად ჰიპერტექსტებს გამოიყენებდა. მაშინ ეს „რაღაც“ საკმაოდ ბუნდოვნად ჟღერდა, ამიტომ პირველი შეთავაზება უარყვეს.
თუმცა ბრიტანელი მეცნიერისთვის ეს საერთოდ არ აღმოჩნდა დანებების მიზეზი, შედეგად, 1990 წლისთვის CERN-ის ბელგიელ ინჟინერ რობერტ კაილიუსთან გაერთიანდა, იდეის დახვეწაზე დაიწყო მუშაობა და თანხმობის მოპოვებაც შეძლო. თავდაპირველად სისტემა, რომელიც ახლა ჩვენთვის World Wide Web-ის (WWW) სახელით არის ცნობილი, Information Management-ის, შემდგომში Mine of Information-ისა და Information Mesh-ის სახელებს გვთავაზობდა. (თქვენ რომელი ვერსია უფრო მოგწონთ?)
1990 წლის ბოლოს კი ბერნერს-ლიმ სტივ ჯობსის NeXT კომპიუტერის გამოყენებით ძირითადი ტექნოლოგიებიც შეიმუშავა, რომლებიც ვების შექმნის საფუძველი გახდა. მათ შორისაა ჰიპერტექსტური მარკირების ენა (HTML), რომელიც საჭიროა ვებგვერდების შესაქმნელად, ჰიპერტექსტის გადაცემის პროტოკოლი (HTTP), ანუ ინტერნეტში არსებული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ინფორმაციის გაცვლა უნდა მოხდეს, URL-ები და ვებმისამართები, რომლებიც დოკუმენტის ან გვერდის პოვნაში გვეხმარება. ასევე, მან შეიმუშავა პროგრამები ძირითადი ბრაუზერისა და ვებსერვერისთვის.
რადგანაც უკვე ყველა პირობა არსებობდა, 1991 წლის 6 აგვისტოს პირველი ვებგვერდი ჩაეშვა — http://info.cern.c. ალბათ, გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ საიტი WWW-ს ეფუძნებოდა, საუბრობდა ვებზე და აღწერდა, როგორ შეგვეძლო მისი გამოყენება.
1992 წელს ბერნერს-ლიმ პირველი სურათიც ატვირთა ინტერნეტში, ეს ცერნის თანამშრომლების მიერ დაფუძნებული პაროდიის პოპ ჯგუფი Les Horribles Cernettes იყო. დიახ, ის ფოტო, რომელსაც ქვემოთ ხედავთ:
ალბათ, ფიქრობთ, რომ ამ ამბის გაგრძელება კომერციული ამბებია, რომლებმაც მის მფლობელს დიდი ფინანსური მოგება მოუტანა, მაგრამ აქ იმედები უნდა გაგიცრუოთ, რადგან ბერნერს-ლი სულ სხვაგვარად ფიქრობდა — მას ფულის შოვნა არ უცდია, მსგავსად, CERN-ის შეთავაზებაც უარყო, რომელიც ვებტექნოლოგიის დაპატენტებას ეხებოდა. უბრალოდ სურდა, ეს სივრცე ღია და თავისუფალი ყოფილიყო, რათა გაფართოება და განვითარება მაქსიმალურად სწრაფად მომხდარიყო.
„ტექნოლოგია ჩემს საკუთრებაში რომ ყოფილიყო და ჩემი სრული კონტროლის ქვეშ, იგი ვერ განვითარდებოდა. თქვენ ვერ შესთავაზებთ რაღაც უნივერსალურ სივრცეს ისე, რომ მასზე კონტროლიც შეინარჩუნოთ“, — ამბობდა ბერნერს-ლი.
ამგვარად, 1993 წლის 30 აპრილს CERN-მა WWW საჯარო დომენში მოათავსა, შემდეგ კი ღია ლიცენზიით გამოუშვა, საიდანაც მისი რენესანსიც დაიწყო. სწორედ ასე მოხდა ბრიტანელი მეცნიერი ჟურნალ Time-ის მე-20 საუკუნის 100 ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს შორის და სწორედ ამ ხელმისაწვდომობამ გახადა შესაძლებელი მომდევნო წლებში ისეთი საიტების შექმნა, რომელთაგანაც ზოგიერთს დღეს ტექნოლოგიური სფეროს გიგანტებადაც კი მოიხსენებიან, მათ შორისაა Yahoo (1994), Amazon (1995), eBay (1995) და Google (1998).
თუმცა არ იფიქროთ, „ნეტავ, ამან საქართველომდე როდის მოაღწიაო“, რადგან პირველი ქართული ვებგვერდი „შავლეგო“ არც მეტი არც ნაკლები 1996 წლით თარიღდება, მისი დამაარსებელი ბესარიონ გუგუშვილი კი ამაზე მარკეტერს წლების წინ ესაუბრა.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი