მართალია, ტელეფონის გაჩენა თავდაპირველად სენსაცია იყო ადამიანებში, რომელთაც ერთმანეთთან დაკავშირება მხოლოდ პირისპირ შეხვედრით შეეძლოთ, თუმცა ამის გემო კარგად გაიგეს და ტელეფონის გამოგონებიდან მალევე, სადღაც 1800 წლის ბოლოს, დიდად კმაყოფილები აღარ იყვნენ მხოლოდ მეორე მხარის მოსმენით. დიახ, მათ უკვე მეორე მხარეს არსებული ადამიანის დანახვის სურვილი გაუჩნდათ. მაშინ აუდიო გადაცემა ტექნოლოგიურად მეტად მარტივი კი იყო, თუმცა ვიდეო ტრანსლირების საკითხს კამერების არაარსებობა ართულებდა… და არც შავ-თეთრი გამოსახულებიდან 4K გარჩევადობამდე მისვლა ყოფილა მარტივი…
ე. წ. ვიდეო კონფერენციის პირველი კონცეფცია 1870-იან წლებში გაჩნდა, როცა Bell Labs-მა გამოსახულებისა და აუდიოს კაბელით გადაცემის კონცეფცია შემოგვთავაზა, მაგრამ ამის რეალობად ქცევას ათწლეულები დასჭირდა. კამერების არარსებობის გამო, რომლებიც პირველად ბაზარზე 1920-იან წლებში გამოჩნდა.
შედეგად, 1927 წლის 7 აპრილს AT&T Bell Telephone Laboratories-მა პირდაპირი ტრანსლაცია შემოგვთავაზა — ჰერბერტ ჰუვერის მოძრავი ფოტო თეთრი სახლიდან ნიუ-იორკში აჩვენა, რაც დაახლოებით 322 კილომეტრს მოიცავდა. ნიუ-იორკში არსებულ აუდიტორიას ჰუვერის დანახვა კი შეეძლო, მაგრამ თავად ჰუვერი მათ ვერ ხედავდა. ამიტომ, პირველი ონლაინ შეხვედრის ტიტულს ამას ვერ ვუბოძებთ… AT&T-ისთვის ეს მხოლოდ 1931 წელს გახდა შესაძლებელი, თუმცა კომუნიკაციის განვითარებას „დიდმა დეპრესიამ“ მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი.

უკვე 1936 წელს გერმანელმა გამომგონებელმა ჯორჯ შუბერტმა თანამედროვე ვიდეო ტელეფონის პროტოტიპი შემოგვთავაზა, რომლის გამოყენებაც კომერციული მიზნებისთვის შეიძლებოდა. სახელწოდებით Gegensehn-Fernsprechanlagen-მა, ანუ ვიზუალურმა სატელეფონო სისტემამ თავდაპირველად კავშირი ბერლინსა და ლაიფციგს შორის დაამყარა და თუ მაშინ ამას 160 კილომეტრზე ახერხებდა, მალევე კონკრეტული მაჩვენებელი 1000 კილომეტრამდე გაზარდა. ამგვარად, ვიდეო ზარის ჯიხურებიც მოეწყო, სადაც ადამიანებს სხვა ქალაქებში არსებულ ჯიხურებთან შეეძლოთ დაკავშირება. თუმცა პოლიტიკამ საქმე აქაც გააფუჭა და მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ტექნოლოგიამ მუშაობა შეაჩერა.
ეს უკანასკნელი უფრო მეტად აკმაყოფილებს თანამედროვე ონლაინ შეხვედრების კონცეფციის ელემენტებს, თუმცა ფაქტია, ტექნოლოგიის განვითარებასა და ექსპერიმენტებს შორის ჩაიკარგა პირველი ონლაინ შეხვედრის ამბავიც… მიუხედავად ამისა, საინტერესოა Picturephone-ის მარცხი, მოწყობილობის, რომელმაც გასული საუკუნის 60-იან წლებში ვიდეო ზარების განხორციელება თუ ონლაინ შეხვედრების ჩატარება შესაძლებელი გახადა.
Bell Telephone Laboratories-მა1959 წელს ორმხრივი ვიდეო კომუნიკაციის სისტემის პროტოტიპი შექმნა — ყოველ ორ წამში 1 კადრს გადასცემდა, მაგრამ მკაფიო და სტაბილური გამოსახულებით გამოირჩეოდა. 10 წლის შემდეგ კი მას უკვე წამში 30 კადრის გადაცემა შეეძლო. მოწყობილობა ეკრანისა და კამერისგან შედგებოდა, რომელზეც მომხმარებლებს ტელეფონის ნომრის აკრეფა შეეძლოთ და თუ მიმღებსაც ჰქონდა Picturephone, ვიდეო ზარი წარმატებით განხორციელდებოდა, თუმცა მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში.
ეს რაღაც სამეცნიერო-ფანტასტიკურ რეალობას კი ჰგავდა მაშინ მომხმარებლებისთვის, თუმცა კომპანიამ სწორად ვერ გათვალა, რამდენის გადახდას ისურვებდნენ ამ გამოცდილებისთვის. აი, მაგალითად 1964 წლისთვის ნიუ-იორკიდან ჩიკაგოში 3-წუთიანი ვიდეო ზარი 27 დოლარი, ანუ დღევანდელი 200 დოლარი დაგიჯდებოდათ… შესაბამისად, ტექნოლოგიური წინსვლით გაოცებას ცარიელი ჯიბეები ფარავდა.
თუმცა კომპანიაში PicturePhone-ის მარცხს ფასს კი არა, იმას მიაწერდნენ, რომ ადამიანებმა კარგად არ იცოდნენ, რამდენად სურდათ ვინმეს ისინი ტელეფონიდან დაენახათ… თითქოს, იმაზეც ბევრს ფიქრობდნენ, როგორ გამოიყურებოდნენო… ამ და სხვა მიზეზებზე ბევრი დავაც შეიძლება, მაგრამ რადგან დღეს ვიდეო ზარების განხორციელება ჩვენთვის აღარც სენსაცია და აღარც რაიმე განსაკუთრებული გამოცდილებაა, გამოდის Picturephone-ს თავისი წილი საქმე გაუკეთებია…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი