დღეს ჩვენთვის ცნობილ ყველა პლატფორმას ჰყავდა წინამორბედი, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა თუ ვიცით. საძიებო სისტემაზე ავტომატურად Google კი გვახსენდება, მაგრამ იგი პირველი ნამდვილად არ ყოფილა. ასეა ვიდეო პლატფორმების შემთხვევაშიც, ჯერ Youtube გვახსენდება, მაგრამ სინამდვილეში 2005 წელს შეიქმნა, ერთი წლით ადრე მას Vimeo-მაც დაასწრო ბაზარზე გამოჩენა და სულაც პირველი ვიდეო პლატფორმა 1997 წელს შეიქმნა. თუმცა სხვებისთვის საკუთარ ხელით გადაღებული ვიდეოების გაზიარების იდეას მეტად სკეპტიკურად უყურებდნენ, უბრალოდ კარგ გზად თვლიდნენ მეგობრებისთვის თავის მოსაბეზრებლად…
თუ ამაზე თქვენი სოციალური ქსელის ძალიან აქტიური მეგობარი გაგახსენდათ, შესაძლოა, ეთანხმებოდეთ კიდეც… მაგრამ ამაზე საუბარმა შორს რომ არ წაგვიყვანოს, მოდით, ვიდეოს გაზიარების პირველ პლატფორმას დავუბრუნდეთ — ShareYourWorld.com 1997 წელს ჩეის ნორლინის მიერ დაარსდა. მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, აეტვირთათ კლიპები და ხანგრძლივი ვიდეოები განსხვავებულ ფორმატებში. მიუხედავად ამისა, ინტერნეტზე წვდომისა თუ ვიდეოების გადაცემის ტექნოლოგია იმ დროს შეზღუდული იყო, რის გამოც საიტზე ვიდეობის სტრიმინგი ისე, როგორც ეს YouTube-მა შემოგვთავაზა, შეუძლებელი იყო.
თუმცა ტექნოლოგიებიც დროდადრო ვითარდებოდა — მაგალითად, 1999 წელს P2P ფაილების გაზიარების ქსელი შემოვიდა, რამაც ადამიანებს ვიდეოების გაზიარების პროცესი გაუმარტივა. ადრეული ვირუსული ვიდეოები კი, როგორც ვიგებთ, ჩვეულებრივ ელ.ფოსტების საშუალებით ვრცელდებოდა და არა ისე, როგორც დღეს, სოციალურ მედიაში. თუმცა 2000-იანი წლების ცვლილებებმა ეს რეალობა მალევე უკან მოიტოვა — მას შემდეგ, რაც სცენაზე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი გამოჩნდა, გაზიარების პროცესი ბევრად გამარტივდა.
ყურადღების გარეშე არც 2000 წელს გაკეთებული სიუჟეტი უნდა დავტოვოთ ShareYourWorld-ის შესახებ, სადაც ვიდეოს გაზიარების იდეას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ. შესანიშნავ გზადაც კი თვლიან „მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის თავის მოსაბეზრებლად“. თუმცა ინტერნეტით ფულის კეთების იდეა საინტერესოდაა მიჩნეული. იმ დროს ვიდეოები მხოლოდ ჰოლივუდის პროდუქტად მიაჩნდათ, ამიტომ ერთდროულად სკეპტიკურად და ცინიკურად მოუწოდებდნენ მომხმარებლებს, აეტვირთათ თავიანთი „შედევრები“ ShareYourWorld-ის პლატფორმაზე.
მართალია, დიდ ხანსაც არ გასტანა, მაგრამ ShareYourWorld.com-ის ისტორია არც ისე მალე დასრულებულა — 4 წლის მანძილზე, 2001 წლამდე ფუნქციონირებდა. დახურვის მიზეზი კი ფინანსური და გამტარიანუნარიანობის პრობლემები გახლდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი ვიდეოპლატფორმის ავტორი ჩეის ნორლინი დღეს ვიდეო-აუდიო კვლევითი კომპანიის Pixsy-ის მფლობელია.
ShareYourWorld.com-ის გამოჩენასა და ტექნოლოგიურ წინსვლას მოჰყვა სოციალური მედიების შექმნაც, Vimeo-სა და YouTube-ის გამოჩენაც, რომლებმაც რევოლუცია შემოგვთავაზეს იმაში, თუ როგორ ქმნიან და აზიარებენ ადამიანები ვიდეოებს ონლაინ. ხომ გახსოვთ, დღეს ყველაზე ეფექტურად ვიდეო კონტენტი მიიჩნევა… და მოდით, ამის პირველ მაგალითსაც გადავხედოთ — YouTube-ზე ატვირთულ პირველ ვიდეოში პროგრამისტსა და პლატფორმის თანადამფუძნებელს ჯავდ კარიმს ნახავთ. კადრები 2005 წლის 23 აპრილს ზოოპარკში სპილოების ფონზეა გადაღებული, რომელშიც კარიმი უბრალოდ გვეუბნება, რომ „სპილოს ძალიან, ძალიან გრძელი ხორთუმი აქვს და ეს მაგარია“:
ავტორი: მაკუნა ჯუღელი