იმ დროზე გესაუბრებით, როცა არც სოციალური ქსელები იყო და არც ციფრული მარკეტინგი. თუმცა არსებობდნენ ცნობისმოყვარეობით სავსე ადამიანები, რომელთაც ინტერნეტში თავგადასავლების ძიება სურდათ… ზუსტად მაშინ გაჩნდა Hotmail — ვებგვერდზე დაფუძნებული ელ.ფოსტების იდეა, რომელიც Apple-ის ყოფილმა ინჟინერებმა შემოგვთავაზეს. მალევე დადგა ამ ამბის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საჭიროებაც და ბილბორდებზე განსათავსებლად ფული რომ არ ეყოთ, მოუწიათ, რაღაც უფრო იაფიანი და ეფექტური ეპოვათ — ასე დაიბადა პირველი ვირუსული მარკეტინგული კამპანია.
მანამდე კი Apple-ის ყოფილმა ინჟინრებმა საბირ ბჰატიამ და ჯეკ სმიტმა ფული Draper Fisher Jurvetson-ის ბიზნესისგან მოიზიდეს. 1996 წლის 27 მარტს კი უკვე დომენი დაარეგისტრირეს Hotmail-ის სახელით. აი, ამ უკანასკნელში სმიტს ცოლი დაეხმარა, არსებულ ვარიენტებში Cool Mail, Run Mail, This mail და That mail იყო…
ამ დროს უკვე პროტოტიპიც დასრულებული ჰქონდათ, რომელიც 2 კვირაში შეიმუშავეს და იგი მეგობრების მცირე წრეს გაუზიარეს. როგორც ვიგებთ, მათგან ძალიან სასარგებლო უკუკავშირიც მიიღეს და ვებგვერდი შესაბამისად დახვეწეს. ხოლო, როცა საქმე ინფორმაციის გავრცელებაზე მიდგა, დრაპერმა დასვა კითხვა: როგორ უნდა გავავრცელოთ ინფორმაცია ამის შესახებ? ბჰატიასგან პასუხად კი ბილბორდებზე განთავსება მიიღო.
თუმცა ეს ძვირი სიამოვნება იყო და ამჯობინეს, რაღაც ისეთი მოეფიქრებინათ, რაც ამ ამბავს ინტერნეტის მქონე ყველა ადამიანთან მიიტანდა. სმიტი კი უცბად ერთ აზრამდე მივიდა: რა მოხდება ყველა ეკრანის ბოლოს პატარა გზავნილი რომ დავტოვოთ? შეგვიძლია ამის ტექნიკურად შესრულება? — პასუხი დადებითი იყო. თუმცა სანამ ყველას ეკრანზე წარწერა — PS: I love you. Get your free e-mail at Hotmail გაჩნდებოდა, ბჰატიას დათანხმება იყო საჭირო, რომელიც ფრთხილად საზღვრავდა ამ შეტყობინების რისკებსა და სარგებელს.
Hotmail 1996 წელს დამოუკიდებლობის დღეზე ჩაეშვა. პირველივე საათში 100 რეგისტრაცია ჰქონდათ. ბჰატია კი მალევე მიხვდა, რომ სარგებელი რისკებს ბევრად აღემატებოდა, ამიტომ დათანხმდა ყველა ელ.ფოსტის ბოლოს ზემოთ მოცემული ფრაზა დაეწერათ, ოღონდ P.S. I Love You-ის გარეშე. შედეგიც მყისიერი იყო — საშუალოდ დღეში 3000 მომხმარებლამდე მიაღწიეს, რამდენიმე თვეში 75000 რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავდათ, ხოლო 6 თვეში 1 მილიონს გადააჭარბეს!
სლოგანს მოქმედი URL-ც ახლდა და კომპანიის სარეკლამო გზავნილის როლს მშვენივრად ასრულებდა. ამ პროდუქტის გამოყენებით კი ყველა უნებლიედ Hotmail-ის მხარდამჭერი ხდებოდა. უნდა ითქვას, რომ მისი წარმატება იმ დროისთვის არაერთმა ინოვაციურმა მიდგომამ განაპირობა — უფასო ვებზე დაფუძნებული ელ.ფოსტა გახლდათ, რომელიც წვდომას პირდაპირ ვებბრაუზერიდან აძლევდა მომხმარებლებს. ყველგან ხელმისაწვდომი იყო, თუ მომხმარებელს კომპიუტერი და ინტერნეტი ჰქონდა, ეს კი მნიშვნელოვანი სიახლე გახლდათ მაშინ, რადგან ტრადიციული ელ.ფოსტის სერვისი კონკრეტულ მოწყობილობებზე იყო მიბმული…
აღნიშნული დადებითი მხარეები არავის დარჩენია ყურადღების მიღმა, ამაზე ლაპარაკი ხალხმაც მალევე დაიწყო, რასაც ხელი შეუწყო Hotmail-ის სწორმა სარეკლამო გზავნილმა, რომელიც ვირუსულად იქცა და ინდუსტრიაში რევოლუციაც შემოგვთავაზა. ამგვარად, ბილბორდებისთვის საჭირო ფულის არქონა პრობლემა კი არა, შესაძლებლობაა, მოიფიქროთ რაღაც უკეთესი, რაღაც ისეთი, რაც თქვენამდე არავის გაუკეთებია…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი