მგონი, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ ყურსასმენები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. თუმცა ადრე ამ იდეასაც დასცინოდნენ…
ისტორია საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიწყო. ყურსასმენები მარტო იმიტომ გაჩნდა, რომ ოპერატორებს ტელეფონით სარგებლობისას ხელები გათავისუფლებოდათ. ის არც მოსახერხებელი იყო და არც სატარებლად მსუბუქი. თანაც, არა თავზე, არამედ მხრებზე თავსდებოდა…
ხოლო კომპანია Electrophone-ის მიერ შექმნილი მოწყობილობა, რომელიც ასევე ყურსასმენების წინამორბედად ითვლება, ნიკაპის ქვეშ მაგრდებოდა თითქოს ახლანდელი ვერსიის ამობრუნებულ ვარიანტს ჰგავდა და მას „ხელის ყურსასმენსაც“ კი უწოდებდნენ. Electrophone მომხმარებელს ლონდონის თეატრებსა და ოპერებში სპექტაკლების მოსმენის საშუალებას აძლევდა. თუმცა ამისთვის მსმენელებს წელიწადში 5 ფუნტის გადახდა უწევდათ, რაც მაშინ საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო.
მართალია, ყურსასმენების შექმნა ბევრმა ადამიანმა სცადა, მაგრამ ნათანიელ ბოლდუინი პირველია, ვინც 1910 წელს თანამედროვე ყურსასმენების პროტოტიპი შექმნა. ის ხმის გაძლიერების ექსპერიმენტებს ატარებდა, თითოეული ყურსასმენისთვის კი 1.6 კმ-ზე მეტ მავთულს იყენებდა. ბოლდუინი იმედოვნებდა, რომ მისი მოწყობილობით ტაძარში ქადაგებების მოსმენასა და ხმის გაძლიერებას შეძლებდა… და ეს ასეც მოხდა, მან პირველი ყურსასმენები თავის სამზარეულოში, იუტაში შექმნა. ხმა ელექტროენერგიის გარეშე მიიღო და დიზაინი, რომლითაც დღეს თანამედროვე ყურსასმენების უმეტესობაა წარმოდგენილი, დიახ, 112 წლის წინ შეიმუშავა.
მიუხედავად ყველაფრისა, კერძო ინვესტორები ბოლდუინის გამოგონებას დასცინოდნენ… მაგრამ შემდეგ ნათანიელმა ყურსასმენები აშშ-ის საზღვაო ძალებს შესთავაზა. თავდაპირველად, თითქოს, არც მათ მიიღეს შეთავაზება, ძველ ვერსიებთან შედარების შემდეგ კი მიხვდნენ, რომ ეს მკვეთრად გაუმჯობესებული მოწყობილობა იყო. სწორედ ამიტომ, ბოლდუინს რადიოოპერატორებისთვის ათობით ახალი მოწყობილობა შეუკვეთეს. დიზაინში კი რამდენიმე დეტალის შეცვლაც სთხოვეს. საბოლოოდ, ყურსასმენი მხოლოდ ორ ტყავით დაფარულ მავთულს მოიცავდა. წონით კი ნახევარ კილოს აღწევდა. თუმცა ყურსასმენის მორგება და ზომების დარეგულირებაც კი იყო შესაძლებელი.
აი, ასე გახდა საზღვაო ფლოტისთვის ყურსასმენების ყოველდღიურად გამოყენება უფრო კომფორტული. მათ ბოლდუინს ბევრად მეტი ვარიანტის დამზადებაც სთხოვეს. თუმცა გამომგონებელმა ეს ვერ შეძლო — ის ხომ ყველაფერს მარტო, საკუთარი ხელით და საკუთარ სამზარეულოში აკეთებდა… პირველ ყურსასმენს კი ტრივიალურად მიიჩნევდა და არ აპატენტებდა, მაგრამ საზღვაო ფლოტის წყალობით მაინც გამდიდრდა. ალბათ, ფიქრობთ, რომ მან ამ ფულით კიდევ უფრო გააუმჯობესა ყურსასმენები, თუმცა რეალურად, ინვესტიცია მორმონთა პოლიგამიური მოძრაობის მხარდასაჭერად განახორციელა და გაკოტრდა.
მომდევნო წლების განმავლობაში კი კომპანიები თუ კერძო პირები ყურსასმენების დახვეწაზე მუშაობდნენ და მას მრავალი მიზნით იყენებდნენ. მათ შორისაა ხმების დახშობა და სამხედრო მისიების დროს კონკრეტული სიგნალის მიღებაც. ამბობენ, რომ ამ გზით ყურსასმენებს გერმანიის საჰაერო ძალები მეორე მსოფლიო ომის დროს იყენებდა.
ხოლო ადამიანი, რომელმაც ყურსასმენები ყველასთვის საყვარელი ნივთი გახადა ჯაზის მოყვარული ჯონ კოსია. პირველი მათ შორის, ვინც ყურსასმენი — Koss SP-3 მუსიკის მოსასმენად შექმნა. ფაქტობრივად, ის მუყაოთი და ბამბით დაფარული მინი-დინამიკები იყო, სადაც, ხმის ხარისხის შესანარჩუნებლად, ტელევიზორის ელემენტები გამოიყენეს. მეტიც, 1960-იან წლებში კოსმა უახლესი ყურსასმენები Beatles დაუკავშირა და Beatlephones შექმნა… ბოლდუინისგან განსხვავებით კი, კომპანია დღემდე ფუნქციონირებს.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი