in

როდის დავიწყეთ ამბების წერა? — რომაული ისტორია

ახალი ამბების ერთმანეთისთვის გაზიარება რომ გვიყვარს, სწორედ ამან დაუდო სათავე ჟურნალისტიკას. თუმცა, თუ ადრე ინფორმაციებს მხოლოდ სიტყვიერად გადასცემდნენ ერთმანეთს ტომიდან ტომში, სოფლიდან სოფელში და ა. შ. მალე ამან წერილობითი ფორმა მიიღო და ასე ისტორიაში პირველი ჟურნალისტური სტატიაც დაიბადა. მიზეზი, ალბათ, გაფუჭებული ტელეფონის პრინციპში უნდა ვეძებოთ, თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდია. 

BOG
BOG

ფაქტი კი ის არის, რომ რომში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 59 წელს Acta Diurna, იგივე Daily Acts, დაიწერა — ყოველდღიური პუბლიკაცია, რომელიც ქალაქში რიგდებოდა, რათა ყველას წაეკითხა. როგორც ვიგებთ, ჯერ სასამართლო პროცესის შედეგებს მოიცავდა, შემდეგ საჯარო განცხადებებს და სხვა ისეთ საყურადღებო ინფორმაციებს, როგორებიცაა ადამიანების დაბადება, ქორწინება და გარდაცვალება, მასში საჯარო სფიჩებსაც ამოიკითხავდით, ამინდზეც გაიგებდით ინფორმაციებს და მოსავლიანობაზეც. 

თავად Acta-ს იდეა კი იულიუს კეისარს ეკუთვნის, რომელმაც საჯარო მოხელეებს ხალხის ამბების აღბეჭდვა და გამოქვეყნება დაავალა. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, მას ყოველდღიურად ადგენდნენ, ნაწერს ქვებსა და ლითონზე დაიტანდნენ და საზოგადოებრივ ადგილებშიც გამოფენდნენ ხოლმე, მათ შორის Roman Forum-ზეც, ტაძრებსა თუ ბაზრებში. თეთრ დაფაზე თავსდებოდა, რომელსაც Album ეწოდებოდა. გარკვეული დროის შემდეგ იღებდნენ და სხვა საჯარო დოკუმენტებთან ერთად ინახავდნენ, რათა სამომავლოდ კვლევითი მიზნებისთვის გამოეყენებინათ — სწორედ ეს ხელნაწერი მოხსენებები უხსნის გზას ჟურნალისტიკას იმ ფორმით, როგორსაც დღეს ვიცნობთ.

ზოგიც ამბობს, რომ Acta რამდენიმე ტიპის იყო და ამ ტიპებში ზემოთ აღნიშნული მიმართულებები გვხვდება: ახალი ამბები, იურიდიული, მუნიციპალური, სამხედრო საკითხები და, რაც ყველაზე საინტერესოა, ისეთი ნაწერები, რომლებიც საიდუმლო ინფორმაციას მოიცავდა. ერთ-ერთი Acta Senatus გახლავთ — ზოგადად, ამ ტერმინის ქვეშ სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებს განიხილავდნენ, რომელზეც წვდომა არ ჰქონდა ფართო საზოგადოებას, სენატის ბიულეტენს წარმოადგენდა და მასში კანონებიც იწერებოდა.

თუ ქართულ ლექსიკონში ჩავიხედავთ, Acta Diurna დღიურ აქტებად, იგივე ხალხის აქტებად მოიხსენიება და ოფიციალურ მაცნეს წარმოადგენს, რომელიც კეისარმა სამართლებრივი ნორმების, მათ შორის, სენატის დადგენილებათა გამოსაქვეყნებლად შემოიღო. თუმცა, მოგვიანებით იმპერიული ცენზურა შეეხო და მასში მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრების ქრონიკები დარჩა. 

საინტერესოა, რომ Acta Diurna ზოგჯერ Acta Popidi-ისა და Acta Publica-ს სახელითაც მოიხსენიებოდა. სწორედ მან გააცნო კაცობრიობას publicare et propagare, რაც რაღაცის გასაჯაროებასა და პროპაგანდას ნიშნავს. ეს გამოთქმა ტექსტების ბოლოს ან თავში ეწერა ხოლმე და იმაზე გვაუწყებდა, რომ ინფორმაცია რომაელი მოქალაქეებისა და სხვა პირებისთვისაც უნდა გამოსულიყო.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 59 წელს დაწყებული ამბავი კი ქრისტეს შობიდან 222 წლამდე გაგრძელდა. შედეგად, Acta Diurna ისტორიაში პირველ ყოველდღიურ გაზეთად შემოგვრჩა, თუმცა, ზოგიერთი მას თანამედროვე ჟურნალის პროტოტიპადაც თვლის…

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

რის მიხედვით უნდა დავგეგმოთ ცვლილებები ორგანიზაციაში

როგორ გვეხმარება ტვინი შიშის დაძლევაში?