ცხოველები რომ ბუნებრივ პირობებში უნდა ცხოვრობდნენ, ეს თანამედროვე სამყაროსთვის ურყევი ჭეშმარიტებაა, თუმცა წარსულისთვის თვალის გადავლება საინტერესო ფაქტებს გვთავაზობს. საუკუნეების წინ ძველი ეგვიპტელები ცხოველებს განსაკუთრებულ სულიერ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და მათ თაყვანისცემასაც კი მიმართავდნენ. ეს რწმენა ცხოველებისთვის ტაძრების აგებაშიც გადაიზარდა და ასე შეიქმნა მაგალითად, კატების თაყვანისცემისთვის ბასტეტის ტაძარი ბუბასტისში…
თუმცა თუ დღეს ზოოპარკების არსებობას შემეცნებითი ხასიათით ხსნიან, ადრე ფარაონებისთვის ცხოველების ყოლა ძალაუფლებისა და სიმდიდრის ჩვენების საშუალება იყო. ეგზოტიკური საჩუქრების სახითაც კი იღებდნენ მას და პირადი კოლექციის ნაწილად აქცევდნენ. ფიქრობენ, რომ სწორედ მსგავსი მიზეზის გამო შექმნა დედოფალმა ჰატშეფსუტიმ ძვ. წ 1500 წელს ზოოპარკი (menageries) და იყო პირველი, ვინც იგი საჯაროდ ხელმისაწვდომიც გახადა. ისტორიულ წყაროებში Garden of Intelligence-ზეც საუბრობენ, რომელიც უკვე ჩინეთის იმპერატორს ეკუთვნოდა…
2009 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების თანახმად კი, ჰიერაკონპოლისი მსოფლიოში პირველი ზოოპარკი უნდა იყოს. საუბარია პრედინასტიური პერიოდის ეგვიპტის დედაქალაქზე, ანუ დღევანდელ ლუქსორზე, სადაც ქვიშიანი ზედაპირის ქვეშ არქეოლოგებმა ცხოველის უამრავი ძვალი იპოვეს — ბაბუინის, ანუ მაიმუნის ერთ-ერთი სახეობის ძვლები, კოსმეტიკით დაფარული სპილოს ძვლები, მათ შორის ამეთვისტოს მძივი და სპილოს ძვლის სამაჯური, უამრავი კატა და ძაღლი, ლეოპარდი, ორი ნიანგი, გარეული ხარი, ჰიპოპოტამი და სხვა ცხოველები…

როგორც ამბობენ, სახეობების მრავალფეროვნება ამ ადგილს ყველა სხვა ეგვიპტური სივრციდან განასხვავებს — ვარაუდობენ, რომ იგი კერძო საკუთრება უნდა ყოფილიყო, რადგან ცხოველები ელიტარულ სასაფლაოზეა დაკრძალული. მეცნიერთა ვარაუდით, აქ ცხოველებს განსხვავებული როლიც ენიჭებოდათ, ისინი უფრო მეტად ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავალ რგოლად ითვლებოდნენ…
დღეს კი ერთ-ერთ უძველეს ზოოპარკად ვენის Schönbrunn Zoo ითვლება, რომელიც 1752 წელს დაარსდა. ეს ზოოპარკი იმით არის ცნობილი, რომ იყო პირველი, რომელმაც მრავალი ინოვაცია შემოგვთავაზა, რაც ცხოველების ბუნებრივ გარემოში მოთავსებსა და რამდენიმე სახეობის ერთ სივრცეში გაერთიანებასაც გულისხმობს.
რაც შეეხება თანამედროვე, საჯარო ზოოპარკის მოდელს, იგი პოპულარული მე-18 საუკუნეში, განმანათლებლობის ხანაში გახდა. ამ დროს ადამიანებს ცხოველების შესწავლა მეცნიერული მიზეზების გამო სურდათ. უნდოდათ, დაჰკვირვებოდნენ მათ ქცევასა და ანატომიას, რისთვისაც ცხოველები მათთან ახლოს მყოფ სივრცეებში უნდა ჰყოლოდათ ან ისეთ ადგილებში, რომლებიც ცხოველთა ბუნებრივ საცხოვრებლებს ჰგავდა. პირველი თანამედროვე ზოოპარკი კი პარიზში 1793 წელს გააკეთეს. ფრანგი არისტოკრატების კოლექციებში არსებული ცხოველები, მათ შორის მეფისა და დედოფლის, საფრანგეთის რევოლუციის ლიდერებმა Ménagerie du Jardin des Plantes-ში გადაასახლეს…
ის, რომ დღეს ადამიანები ზოოპარკის იდეის წინააღმდეგ მიდიან, მრავალი მიზეზის გამო სამართლიანია, მაგრამ აქვე, საინტერესოა, ზოოპარკების როლი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გადარჩენაში. მაგალითად შავი რბილჯავშნიანი კუ, რომლის სამშობლოდ ინდოეთი და ბანგლადეში ითვლება, ველურ ბუნებაში გადაშენებულია, მაგრამ მათი პოვნა მსოფლიოში არსებულ რამდენიმე ზოოპარკში შეგვიძლია — ამ უკვე იშვიათი კუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა კი დღეს მთავარი პრიორიტეტია.
საინტერესოა ისიც, რომ ზოოპარკებში ხშირად აქვთ კონსერვაციის პროექტები ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებლებში — „ზოოპარკებისა და აკვარიუმების მსოფლიო ასოციაციამ“ ხის კენგურუების გადასარჩენად პარტნიორობა დაიწყო პაპუა-ახალ გვინეაში მცხოვრებ ადამიანებთან. იმის გამო, რომ სოფლის მაცხოვრებლები კენგურუებზე ნადირობდნენ, კონკრეტულ ადგილებში ნადირობა აკრძალეს, ადგილობრივებს კი კვების საჭიროების დაკმაყოფილება ალტერნატიული მეურნეობის პროგრამის დანერგვით შესთავაზეს.
დაბოლოს, თუ ვინმე ზოოპარკის იდეის მომხრეა, ალბათ, მხოლოდ ზემოთ მოცემული ცხოველთა გადარჩენის მიზეზით თუ გაამართლებს მას… და თან ისეთი პირობებით, სადაც ცოცხალი არსებები გალიებში არ იქნებიან გამოკეტილნი.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი