in

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი ანნა გუგუტიშვილი

პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რა მიმართულებითაც აპირებ განვითარებას, ყველაზე ამაღელვებელია და ახალი შესაძლებლობებისთვის ბიძგის მიმცემი, იმდენად, რამდენადაც, სწორედ ეს შეიძლება გახდეს სხვა, უფრო მასშტაბური შემოთავაზებების საფუძველი.

ანნა გუგუტიშვილი, Watergunz, გრაფიკული დიზაინერი: ” სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და თითქოს მომავალი პროფესიაც განსაზღვული მქონდა, თუმცა ვფიქრობ, იმჟამინდელმა ჩემმა ჰობიმ – ფოტოგრაფიამ მაპოვნინა ჩემი საყვარელი საქმიანობა. თავიდაპირველად, გართობის მიზნით, ძირითად დროს ვუთმობდი ფოტოების გადაღებას, ღამეებს ვათენებდი, ტუტორიალების დახმარებით ვამუშავებდი ფოტოებს და ვაკეთებდი ფოტომანიპულაციებს, შემდეგ იყო პირველი ფოტო, რომელმაც პატარა წარმატება მომიტანა და ფოტოკონკურს “ქოლგას” ნამუშევრების გამოფენაზე მოვხვდი. ეს გახდა სტიმული, რომ უფრო მეტი დრო დამეთმო ჩემი ჰობისთვის და დავიწყე, ფოტოდან გამომდინარე, გრაფიკული ნახატების შექმნა. პირველი დიჯითალ ნახატი დავხატე ერთ-ერთი კონკურსისთვის ეკოლოგიური პრობლემებისა და ჰაერის დაბინძურების თემაზე, ორი ბრძენი ბუ აირწინაღებით.

ხოლო რაც შეეხება პირველ კომერციულ ნამუშევარს, მახსენდება ერთ-ერთი აფთიაქის ბრენდირება, რომელიც თავდაპირველად ძალიან რთული მომეჩვენა, არ მქონდა გამოცდილება ბრენდინგის კუთხით, თუმცა საინტერესო ბრიფიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესი ძალიან სახალისო გამოდგა და  ორივე მხარესათვის დამაკმაყოფილებელი შედეგი მივიღეთ.

ახლა რომ ვუყურებ ჩემს პირველ ნამუშევრებს, ხანდახან მეცინება, როგორი ბავშვური და სამოყვარულო დონისაა, თუმცა ისინიც იმ გზისა და განვითარების ნაწილია, რასაც ყველა შემოქმედი ადამიანი გადის. არასდროს მქონია იმის განცდა, რომ ესა თუ ის ნამუშევარი სრულყოფილია. ყოველთვის მეგონა და ახლაც ვფიქრობ, რომ უკეთესის გაკეთება შემეძლო. საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ და ამის გამო, სულ ვცდილობ განვვითარდე და ახალი ტექნიკა თუ გამოხატვის ხერხი ვისწავლო.”

„პუმას“ ახალი კოლექცია! ინსპირაციის წყარო – 1990-იანების „გეიმერები“

როგორ ვიმუშაოთ ლიდერთან, რომელსაც თვითშეგნება არ აქვს