24
Jul
2018

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი დავით ჩანადირი

24 Jul 2018

პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რა მიმართულებითაც აპირებ განვითარებას, ყველაზე ამაღელვებელია და ახალი შესაძლებლობებისთვის ბიძგის მიმცემი, იმდენად, რამდენადაც, სწორედ ეს შეიძლება გახდეს სხვა, უფრო მასშტაბური შემოთავაზებების საფუძველი.

დავით ჩანადირი, გრაფიკული დიზაინერი, WINDFOR’S: ყველაფერი არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. 4 წლის წინ გავხდი სტუდენტი და პირველი გადადგმული ნაბიჯებიც სწორედ ამ წელს უკავშირდება. გრაფიკულ დიზაინში თითქოს ერთი კონკრეტული მიმართულება ამოვიჩემე და ასე დავიწყე ლოგოების კეთება. ნამუშევრებს ინსტაგრამზე ვტვირთავდი და პირველი შეკვეთებიც სწორედ აქედან მოვიდა. თავიდან, მახსოვს “Honey Bee”-ს შეკვეთა მივიღე ახლობლისგან. უნდა შემექმნა რაიმე სახელთან ასოცირებული სიმბოლო. მთელ დღეს ვფიქრობდი ვიზუალურ კინცეფციაზე, თუმცა იდეა პირველივე დღეს არ გაჩნდა. საბოლოოდ, ლოგო მეორე დღეს აკადემიის დერეფანში დავასრულე. სიმბოლოს სოციალურ ქსელში ატვირთვის შემდეგ, საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოყვა, რამაც დიდი მოტივაცია მომცა გამეგრძელებინა ლოგოებზე მუშაობა.

სტუდენტობის პერიოდში ძალიან კომფორტული იყო ამ კუთხით მუშაობა. თავისუფალი გრაფიკი და კლიენტებთან უშუალო კონტაქტი, თუმცა მოგვიანებით მივხვდი, რომ პროფესიული ზრდისთვის მეტი გამოცდილება მჭირდებოდა. მესამე კურსზე დავიწყე სამსახურის ძებნა ნახევარ განაკვეთზე. პირველმა 2-მა გასაუბრებამ წარუმატებლად ჩაიარა, სამაგიეროდ, მესამე აღმოჩნდა ჩემთვის ზედგამოჭრილი. თავიდან ვერ დავიჯერე, რომ ეს სტუდია საერთოდ საქართველოში იქნებოდა, მაგრამ გამოცდილების ძებნის კვალდაკვალ გადავწყვიტე კიდევ ერთხელ მეცადა ბედი. რატომღაც პირველი ორი წარუმატებელი გასაუბრების შემდეგ მესამეზეც იმედი გადაწურული მქონდა, რომ მიმიღებდნენ და ამის ფონზე ნერვიულობაც მომეხსნა. გასაუბრებამ საკმაოდ კარგად ჩაიარა, თუმცა სახლში იმედ გადაწურული დავბრუნდი. 2 კვირის შემდეგ მომივიდა მეილი (რომელსაც საერთოდ აღარ ველოდებოდი), რომ მიმიღეს გია ბოხუას სტუდიაში, რაც ჩემთვის სრულიად ახალი გამოცდილების დასაწყისი გახდა.

განხილვა