26
მაი
2018

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი გიორგი ბრეგვაძე

26 მაი 2018

პირველი მნიშვნელოვანი შეკვეთა იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რა მიმართულებითაც აპირებ განვითარებას, ყველაზე ამაღელვებელია და ახალი შესაძლებლობებისთვის ბიძგის მიმცემი, იმდენად, რამდენადაც, სწორედ ეს შეიძლება გახდეს სხვა, უფრო მასშტაბური შემოთავაზებების საფუძველი. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ რუბრიკა #პირველინამუშევარი, სადაც თავისი საქმის ოსტატები თავიანთ პირველ ნამუშევრებზე გიამბობენ.

გიორგი ბრეგვაძე, Leavingstone, გრაფიკული დიზაინერი:სამხატვრო აკადემიაში სწავლისას ძირითად დროს მეგობრებთან ერთად ვატარებდი, ვერთობოდი და ნაკლებად ვფიქრობდი მომავალ პროფესიაზე. პატარა სახელოსნოში ვიკრიბებოდით და კომპიუტერთან უაზროდ გაგვყავდა დრო.

ერთხელ, Facebook-ზე შემთხევით აღმოვაჩინე ჯგუფი WEAREDESIGNERSGE, სადაც ქართველი დიზაინერები საკუთარ ნამუშევრებს უზიარებდნენ ერთმანეთს, მეც ძირითადად მათი თვალიერებით ვკმაყოფილდებოდი.

ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე შემექმნა ისეთი რამ რომლის ატვირთვაც მომინდებოდა. თავიდანვე ვიფიქრე ქართული დამწერლობის გამოყენებაზე, ამით ნამუშევრის უნიკალურობისთვის რომ გამესვა ხაზი. ჩემი ინსპირაცია გახდა უცხოურ საიტზე ნანახი ილუსტრაციები, სადაც ცხოველები ლათინური ასოებით იყო გამოსახული. ფურცელზე ძაღლის სილუეტი დავხატე და დაკვირვებისას მივხვდი, რომ ძაღლის გარდა, კიდევ ერთი სიტყვა დამჭირდებოდა, ამიტომ ავიღე მეორე სიტყვა ჭკვიანი“, რომელიც ამ ცხოველის ერთ-ერთ თვისებას გამოხატავს. არ იყო ისეთი მარტივი, როგორც თავიდან წარმოვიდგინე, ბევრი ჩანახატის გაკეთება დამჭირდა, ბოლოს ერთი ავარჩიე და ილუსტრატორში დავამუშავე.

დასრულების შემდეგ, დიდხანს ვუყურებდი, ვფიქრობდი ამეტვირთა თუ არა. საბოლოო ჯამში, გამბედაობა მოვიკრიბე და ჯგუფში გავაზიარე, რასაც კარგი გამოხმაურება მოყვა. ამან თავდაჯერებულობა შემმატა და მომცა ბიძგი შემდეგი განვითარებისთვის.

ახლა რომ ვუყურებ ჩემს პირველ ნამუშევარს, ბევრ რამეს შევცლიდი, თუმცა მისი ნახვა ამ ჯგუფში ყოველთვის საიამოვნო ემოციებს მახსენებს.

განხილვა