in

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი ლაშა გიორგაძე

პირველი მნიშვნელოვანი შეკვეთა იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რა მიმართულებითაც აპირებ განვითარებას, ყველაზე ამაღელვებელია და ახალი შესაძლებლობებისთვის ბიძგის მიმცემი, იმდენად, რამდენადაც, სწორედ ეს შეიძლება გახდეს სხვა, უფრო მასშტაბური შემოთავაზებების საფუძველი. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ რუბრიკა #პირველინამუშევარი, სადაც თავისი საქმის ოსტატები თავიანთ პირველ ნამუშევრებზე გიამბობენ.

ლაშა გიორგაძე, Saatchi&Saatchi Tbilisi, გრაფიკული დიზაინერი: “სულ ახალი გადაწვეტილი იყო, რომ ბედი გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მეცადა – ორი კვირის დაწყებული მქონდა მუშაობა “პალიტრა L”-ში, როცა პირველად მომეცა შესაძლებლობა წიგნის ყდაზე მემუშავა. დამკვეთი “პალიტრა მედია” იყო და ჩემი ნამუშევრის შერჩევის შემთხვევაში 50 ლარს მიხდიდნენ. ბრიფი, როგორც ასეთი, არ არსებობდა. თუ რამე ითავსებდა ბრიფის როლს, ალბათ თვითონ წიგნი: ქეთრინ სთოქეთის „მოსამსახურე“. სიუჟეტი გვიყვება 60-იანი წლების ამერიკაზე და შავკანიანი მოახლის პერსპექტივიდან გვიჩვენებს სირთულეებს, რომელიც მის ყოველდღიურ ყოფას უკავშირდება. ამ სირთულეებიდან ერთ-ერთი ტრივიალური, თუმცა მთავარი გმირისთვის იდეურად მნიშვნელობანი მომენტი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არის საპირფარეშო. შავკანიან მოახლეს, თეთრკანიანთა სახლის საპირფარეშოს გამოყენება არ შეუძლია და საჭიროების შემთხვევაში, წვიმასა და ქარში, გარეთ გასვლა და სპეციალურად შავკანიანებისთვის აგებული ტუალეტის გამოყენება უწევდა.

ეს ყოფითი და ერთი შეხედვით, უმნიშვნელო წვრილმანი, ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან კარგად უკეთებდა ილუსტრაციას ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ შავკანიანთა რასულ სეგრეგაციას. ამიტომ გადავწვიტე, რომ წიგნის ყდაზე 2 უნიტაზის საფარი გამეკეთებინა, თეთრი და შავი ზედაპირით. ორივე ერთი და იგივე ნივთია, ერთადერთი, რაც განასხვავებთ, კანის ფერია. ამ მხრივ, ალბათ ავტორის სათქმელის ის ნაწილიც გადმოიცემა, რომ რასის მიხედვით ადამიანთა დაყოფა ლოგიკასა და გონიერებას მოკლებულია.

საბოლოო პროდუქტი, ალბათ კარგი გამოვიდა, რაკი რედაქტორმაც და უშუალოდ წიგნის ავტორმაც არჩიეს წიგნი ამ ყდით გამოეშვათ. ჩემი აზრით, ამ ყდის იდეამ დროის ტესტს გაუძლო, რამდენადაც დღესაც მომწონს. ვიზუალს რაც შეეხება, დღეს შესაძლოა ოდნავ სხვანაირად გამეკეთებინა, მაგრამ მეორეს მხრივ, დარწმუნებული ვარ, რამოდენიმე წლის მერე ჩემ ამჟამინდელ ნამუშევრებზეც იმავეს ვიტყვი, ასე რომ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.”

ჯოშ დუჰამელის სახიფათო გამოძიება – Taco Bell-ის ვიდეორგოლი თრილერის სტილში

დრონი, რომელიც ქათმის მენიუს მოყვება საჩუქრად! – KFC-ის კამპანია ინდოეთისთვის