27
აპრ
2018

#პირველინამუშევარი – გრაფიკული დიზაინერი სალომე ხაზარაძე

27 აპრ 2018

პირველი მნიშვნელოვანი შეკვეთა იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რა მიმართულებითაც აპირებ განვითარებას, ყველაზე ამაღელვებელია და ახალი შესაძლებლობებისთვის ბიძგის მიმცემი, იმდენად, რამდენადაც, სწორედ ეს შეიძლება გახდეს სხვა, უფრო მასშტაბური შემოთავაზებების საფუძველი. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ რუბრიკა #პირველინამუშევარი, სადაც თავისი საქმის ოსტატები თავიანთ პირველ ნამუშევრებზე გიამბობენ.

BOG xelfasi

სალომე ხაზარაძე, Redberry, გრაფიკული დიზაინერი: “სანამ გრაფიკული დიზაინით დავინტერესდებოდი, კინო-მხატვრობაზე ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში. თავიდან არ მქონდა სახატავი ტაბლეტი, ამიტომ ხელით ვხატავდი. ნელ-ნელა ციფრული ხატვით დავინტერესდი, დასკანერებულ ნამუშევრებს Photoshop-ში ვამუშავებდი. შემდეგ მეგობრებმა მაჩუქეს Wacom-ის ტაბლეტი. მაშინ არ ვმუშაობდი და მთელი დღე ჩემთვის ვხატავდი. ეს ნახატები მეგობრებმაც ნახეს და მითხრეს, რომ შემეძლო შეკვეთები ამეღო – მეხატა პორტრეტები.

ასე დავიწყე ილუსტრაციების ხატვა და ნელ-ნელა შეკვეთებმაც იმატა, მომხმარებელიც კმაყოფილი იყო ნამუშევრებით. მე ძალიან ვნერვიულობდი ხოლმე, მაგრამ მომწონდა ამ საქმის კეთება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ილუსტრაციები იყო ჩემი პირველი ნამუშევარი.

ამის შემდეგ მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ Facebook-ზე შეგვექმნა გვერდი, სადაც ჩვენს ნამუშევრებს განვათავსებდით. აქ გამოჩნდა ჩემი პირველი ნამდვილი „შეკვეთა“ – ჩვენი ბრენდის ლოგო. მაშინ გრაფიკულ დიზაინში არაფერი გამეგებოდა, არც გრაფიკული პროგრამები ვიცოდი კარგად, ამიტომ ისევ ილუსტრაციისკენ წავედი და გავაკეთე ჩვენი გვერდის – Ferny-ის – ლოგო. რადგან ჩვენი პატარა ბრენდი სთავაზობდა მომხმარებელს როგორც ნახატებს, ასევე ფლორისტულ სერვისს, გადავწყვიტეთ მცენარეები დაგვეხატა, მარტივად და ლამაზად. კლიენტებიც ჩვენ თვითონ ვიყავით, ამიტომ ცოტა ძნელი იყო ნამუშევრის ობიექტურად შეფასება.

ახლა რომ ვუყურებ, ალბათ სულ სხვანაირ ლოგოს შევქმნიდი, მაგრამ იმ დროს ძალიან მომეწონა და ვფიქრობ ბრენდის სტილსაც კარგად გამოხატავდა. ამის შემდეგ გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსები CES – ში და დავიწყე სააგენტო Redberry-ში მუშაობა, სადაც სულ სხვა თვალით შევხედე ამ სფეროს და მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება.”

განხილვა