ლონდონში, სწავლასთან ერთად, მუშაობაც მიწევდა, რომ ცხოვრების ხარჯები დამეფარა. შესაბამისად, პირველი სამსახური ძალიან ცნობილ საერთაშორისო სასტუმროს ქსელ ,,მილენიუმში” დავიწყე მიმტანად, რომლის ფუნქციაშიც ჭურჭლის რეცხვაც შედიოდა. ვაკანსია ინტერნეტით მოვძებნე და მოკლევადიანი ტრენინგის გავლის შემდეგ, ამიყვანეს. არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ 17 წლის ქართველი ახალგაზრდისთვის მიმტანობა არ იყო ადვილი სამსახური. სამწუხაროდაც და საბედნიეროდაც, ქართველები ისე ვიზრდებით, რომ საკმაოდ დიდი “ეგო” გვიყალიბდება. ამიტომ, უხეშობას რესტორნის ნებისმიერი სტუმრის მხრიდან, საკმაოდ მძაფრად აღვიქვამდი და რა თქმა უნდა, ეს სტრესს იწვევდა. თუმცა, ყოველთის მქონდა განცდა, რომ მხოლოდ სირთულით და საკუთარ ეგოზე გადაბიჯებით ვითარდება ადამიანი და უამისოდ ზრდა, უბრალოდ, შეუძლებელია.
შემდეგ იყო, UNIQLO – ტანსაცმლის მაღაზია, სადაც კონსულტანტად ვმუშაობდი და ხშირად ღამისთევაც მიწევდა, რადგან მაღაზია საქონლით ღამით მარაგდება. ვმუშაობდი direct marketing-ის მიმართულებითაც და მიწევდა ისეთი პოტენციური მომხმარებლის კარზე დაკაკუნება, რომელიც ძალიან წყნარად ატარებდა საღამოს ოჯახთან ერთად. მე კი ვცდილობდი, მისთვის სხვადასხვა სერვისი მიმეყიდა. კარის მოჯახუნება ამ სამსახურის ჩვეულებრივი რუტინული ნაწილი იყო, რაც კიდევ უფრო მეტ სტრესს ნიშნავდა.
თუმცა, “რაც არ გკლავს, გაძლიერებს” პრინციპით ვაგრძელებდი მუშაობას. უკანასკნელი სტუდენტური სამსახური კი, სანამ უკვე უნივერსიტეტს დავამთავრებდი და რეალურ, სერიოზულ სამსახურს დავიწყებდი, ღონისძიებების ტექნიკური მხარდაჭერა იყო. საქმე საკმაოდ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას მოიცავდა, თუმცა საინტერესო იყო ძალიან ბევრი ცნობილი მომღერლის კონცერტის თუ ღონისძიების გამართვა, რამაც ამ მიმართულებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება მომცა.
შემდეგ, ვიმუშავე ძალიან მსხვილ სამშენებლო პროექტებზე, პროექტის მენეჯერად. ვიყავი ლონდონში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის “Shard Skyscraper” პროექტის უმცროსი მენეჯერი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აეროპორტის, დოჰას მშენებლობის პროექტის უფროსი მენეჯერი, კატარში.
დღეს კი ვმუშაობ სააგენტოში “აწარმოე საქართველოში”, სადაც ქვეყნისთვის ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ, ჩვენს გამორჩეულად პროფესიონალ და შრომისმოყვარე გუნდთან ერთად. ვთვლი, რომ ადამიანმა ყველა კარიერული საფეხური უნდა გაიაროს და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ის წარმატებული ლიდერი თუ გუნდის წევრი. რთულია გაიგო, რა უნდა ადამიანს, რა აძლევს მას მოტივაციას ყველაზე მეტად, ან რა უქმნის ყველაზე დიდ დისკომფორტს, თუ არასოდეს ყოფილხარ მის ადგილას. სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, მისასალმებელია ყველა ტკივილი თუ სირთულე, რომელიც სხვადასხვა საქმეს მოაქვს. თუ შენც ყოფილხარ მიმტანი, ან კონსულტანტი, არასოდეს შეხედავ ზემოდან ასეთ ადამიანს, და ყოველი შეკვეთისას, კარგად დაფიქრდები, ცოტა უხეშად ხომ არ მოიქეცი. ეს ეხება ყველა სფეროს, ყველა ადამიანს, ყველა ქვეყანაში. დღეს, ყველა გაკვეთილი, რაც საკუთარმა სამუშაო გამოცდილებამ მასწავლა, მეხმარება საქმის სწორად მართვაში. სხვადასხვა ეროვნების, ასაკისა და ინტერესების ადამიანთან მუშაობამ მომცა უნარი, ყოველთვის შევეცადო გავუგო მეორე მხარეს და ვიყო ემპათიური.
მიხეილ ხიდურელი – სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორი.










