in

სოფო ბალავაძე – #პირველისამსახური

პირველი სამსახური დავიწყე, დღევანდელი მიდგომებით, შედარებით გვიან – 23 წლის ვიყავი. მანამდე ვფიქრობდი სამეცნიერო საქმიანობას და წიგნებში თავჩარგული, არ ვჩქარობდი ოფისურ გარემოში აღმოჩენას. როდესაც საბოლოოდ მივხვდი, რომ მარტოდ ჯდომა და ნაშრომების გარჩევა ჩემი საქმე არაა, დავიწყე MBA-ზე ფიქრი და სამუშაო გამოცდილების მიღების დროც მოვიდა. თუმცა, ყველაზე დიდი გავლენა ჩემს გადაწყვეტილებაზე სამსახური მეძებნა, ჩემმა ორმა ახლო მეგობარმა იქონია. მათ კარგა ხანს მიყურეს, შემდეგ ვეღარ მოითმინეს, დამიძახეს და მითხრეს – ასე აღარ შეიძლებაო. ყველა მონაცემი გაქვს, რომ კარგი სამსახური გქონდეს და არასწორია, რომ არ მუშაობო. ახლა უნდა დაიწყო გამოცდილების მიღება და შეუერთდე შრომის ბაზარსო. მითუმეტეს, კარგი ვაკანსიაა იმ ორგანიზაციაში, სადაც ვმუშაობთ და აუცილებლად შემოიტანე განაცხადიო. იმოქმედა ჩემზე მათმა შეგონებამ. გარდა ამისა, საკუთარი შემოსავლის ქონა ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო – უბრალოდ არ მიყვარს კი არა, მეზიზღება ვინმესთვის ფულის თხოვნა.

 

შედეგად, პირველი სამსახური დავიწყე საერთაშორისო ორგანიზაციაში, ანუ იქ, სადაც იმ დროისთვის ყველაზე კარგი პირობები იყო მათთვის, ვინც „ინგლისური და კომპიუტერი“ იცოდა. ეს იყო ამერიკული ადვოკატთა ასოციაციის აღმოსავლეთ ევროპის პროგრამა. სანამ თქვენ დამიკავშირდებოდით, არასოდეს მიფიქრია ამაზე და ახლა რომ მომიწია გახსენება, აღმოვაჩინე, როგორი სიმბოლური ყოფილა ჩემი პირველი სამსახური! ჩემს ფუნქციებში ძირითადად პრესის მონიტორინგი, დღის მიმოხილვის მომზადება და აქტუალური სტატიების თარგმნა შედიოდა. მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ წლების მერე სწორედ ამ ტიპის მოვალეობა შეადგენდა ჩემი საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს.

რა მომცა პირველმა სამსახურმა? მასწავლა სამუშაო ეთიკა, საქმიანი ურთიერთობის აწყობა, სამუშაო დისციპლინა, გუნდური მუშაობა. რაც შეეხება პირველ დაბრკოლებას, ვერაფრით ვიხსენებ. ალბათ, იმიტომ, რომ მე დაბრკოლებას ასეთად არ აღვიქვამ და გამოწვევას ვუწოდებ. პირველი მნიშვნელოვანი გამოწვევა, სამსახურებრივ კონფლიქტს ეხებოდა – ჩემს ორ კოლეგას შორის, რომლებთანაც ერთნაირად მჭიდრო შეხება მქონდა, უთანხმოება იყო და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ასეთ სათუთ საკითხთან მომიწია შეხება. საკმაოდ რთული აღმოჩნდა ამ  სიტუაციაში „ნავიგაცია“, თუმცა კარგი გამოცდილება გამოდგა იმ თვალსაზრისით, რომ მსგავსი გარემოების შექმნას ჩემდა თავად ვერიდებოდი მომავალში.

სოფო ბალავაძე – „ვიონი საქართველო“, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.

„სტარტაპ გრაინდის“ ლონდონში ვიზიტი დასრულდა! ზაქ კოელიუსი კი 25 ივნისს, თბილისს ეწვევა

როგორ დავიმსახუროთ თანამშრომლების პატივისცემა?