პიტნა ის მცენარეა, რომელსაც განსაკუთრებული, თან მძაფრი და თან ნაზი სურნელით, ადვილად გამოარჩევთ სხვებისგან. მისი პიკანტური არომატი და გამაგრილებელი ეფექტი მსუბუქად აღიზიანებს ჩვენი გემოვნების რეცეპტორებს და ჩაის სმას უფრო სასიამოვნოს ხდის.
თუმცა პიტნა, ისევე როგორც ჩაის სხვა სახეობები, არ არის მხოლოდ გემრიელი სასმელი. მას, როგორც მცენარეს ოდითგანვე იყენებენ სამკურნალოდ სხვადასხვა სიტუაციაში. იგი მდიდარია მენთოლის ეთერზეთებით, რომლებიც აღვიძებს გრძნობებს და ამშვიდებს სულს. სწორედ ამიტომ, არაა გასაკვირი, რომ პიტნა ერთ-ერთი ყველაზე ფართო მოხმარების პროდუქტია მსოფლიოში.

ცოტა რამ პიტნის შესახებ…
ეს მცენარე ტუჩოსანთა ოჯახს მიეკუთვნება და შეიძლება ყველა ერთნაირი გვგონია, მაგრამ რეალურად, მას 25 სახეობა ჰყავს ოჯახში, თუმცა ჩვენთან, საქართველოში, მხოლოდ 4 სახეობის პიტნას ვხვდებით. პიტნა გავრცელებულია ევროპისა და აზიის ქვეყნებში.
უძველესი დროიდან პიტნას სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ. მაგალითად, ძველ რომსა და საბერძენთში ის ჰაერის არომატიზატორად გამოიყენებოდა. მისგან გამოწურული წვენი კი ხელების დასაბანად ან იატაკის მოსაწმენდადაც კი შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული.
პიტნა ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ესენია: ორგანული მჟავები, ვიტამინები A, B, C. ასევე მის შემცველობაშია ფოსფორი და კალციუმი. გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები.

პიტნის ჩაის დალევა ყველას შეუძლია. მის უკუჩვენებებში არაა გამოვლენილი რამე, რაც ვინმეს ხელს შეუშლის ამ სითხის მიღებას, თუმცა ერთი უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვებისთვის არაა რეკომენდებული კონცენტრირებული ნაყენის მიცემა, რადგან მასში მენთოლის რაოდენობა ძალიან მაღალია.
პიტნას ზოგი უშაქროდ, ზოგი კი სხვადასხვა დამატკბობლით სვამს, გემოვნების მიხედვით. ყველაზე მეტად პიტნას თაფლით მოიხმარენ და უნდა ითქვას, რომ ამ ორი სასარგებლო პროდუქტის ნაზავი ერთადაც კარგია ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით გულისთვის.
აქვს თუ არა პიტნას უკუჩვენებები?
სანამ სარგებლიანობაზე მოგიყვებოდით, ჯერ გადავწყვიტეთ, გადაგვეთვალიერებინა, რა გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს პიტნას ადამიანისთვის. ეს კითხვა საკმაოდ აქტუალური აღმოჩნდა და გარკვეული პასუხებიც ვიპოვეთ.
ზოგიერთი ექიმი გვეუბნება, რომ პიტნის ცოცხალი სახით მიღება 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კატეგორიულად აკრძალულია, რადგან იგი აგდებს წნევას და აქვეითებს სისხძარღვების ტონუსს. ასევე ამბობენ, რომ ვისაც დაბალი არტერიული წნევა აქვს, მან თავი უნდა შეიკავოს პიტნის ხშირი მოხმარებისგან. ეთერზეთების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო კი ის დიდად რეკომენდებული არც ორსულებისთვის არის.

პიტნის სასარგებლო მხარეები
- კვლევების მიხედვით, პიტნა კარგად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. იგი ამშვიდებს მას და ჭამის შემდეგ კომფორტულ შეგრძნებას უზრუნველყოფს. იგი აქტიურად გამოიყენება მცირეწლოვნებში ნაწლავური სპაზმის დროს. ამ დროს მსუბუქი, მკრთალი ფერის პიტნის ჩაის მიღებაა რეკომენდებული.
- პიტნას, ორგანიზმისთვის საჭირო სხვა თვისებებთან ერთად, გონების გასახსნელადაც იყენებენ. მას აქვს ე.წ. ლიფტინგის ეფექტი, რაც დადებითად მოქმედებს ტვინზე, კონცენტრაციასა და შემოქმედებითობაზე.
- თავისი დამაწყნარებელი ეფექტის გამო პიტნას შეუძლია შეშუპებების ჩახრობაც, რის გამოც იგი აქტიურად გამოიყენება რესპირატორული ინფექციების დროს.
- კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც პიტნის სასარგებლო თვისებებში იკითხება, შედარებით მსუბუქ ნარკოტიკებთან მისი დამოკიდებულებაა. მაგალითად, თუ ვინმეს სიგარეტის მოწევაზე თავის დანებება სურს, პიტნა ამ დროს საუკეთესო გადაწყვეტაა. ერთი დამოკიდებულების მეორეთი ჩანაცვლება ხდება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ პიტნას “კეთილ ნარკოტიკს” უწოდებენ. მისი მიღება დღეში რამდენჯერმე არ იწვევს ზიანს.
- პიტნის ჩაი ხშირად გამოიყენება თავის ტკივილის საწინააღმდეგოდაც, რადგან აქვს გამაყუჩებელი ეფექტი.
- ამ ფოთლების ნაყენი არაჩვეულებრივად წმენდს სახის კანს. იგი ახაალაგაზრდავებს მას და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.
- პიტნით ინჰალაციის გაკეთება ასუფთავებს სასუნთქ სისტემასა და ფილტვებს.
- თუ მასაჟს იკეთებთ, სპეციალურ ზეთში შეგიძლიათ პიტნის ნაყენიც გაურიოთ. ის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ბოლომე მოგიხსნით.
- პიტნას სეზონური გაციებების დროსაც დიდი ეფექტურობით იყენებენ. იმ თვისებების გამო, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ – გამაყუჩებელი ეფექტი და სასუნთქი გზების მკურნალი, პიტნა გაციების დროს კარგად გვეხმარება.
- ხშირად გაიგონებდით, რომ პიტნის ჩაის ძილის წინ დალევა ხელს უწყობს ჩაძინებას. როგორც აღმოჩნდა, ამის დამადასტურებელი მეცნიერული საბუთი არ არსებობს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პიტნას, როგორც ზემოთაც ვთქვით, დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, არაა გამორიცხული, რომ ნამდვილად გეხმარებოდეთ ძილის პრობლემების მოწესრიგებაში.
გვინდა, აქვე ვთქვათ, რომ ეს პიტნის სიკეთეების სრული სია არ არის, თუმცა ის ძირითადი მხარეებია, რომლებიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ეს უძველესი მცენარე, რომელიც ჩვენს ბაღებშიც იზრდება და ადვილი მოსაპოვებელია, თავისი გემოთი და თვისებებით, ბუნების საჩუქარია.
რუბრიკის წარმდგენია მანნა.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი














