პირველად საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, სექტემბერში თბილისში, ბათუმში, ქობულეთსა და ქუთაისში გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე პარამედიკოსები ივლიან. სამედიცინო მოტოციკლებით უზრუნველყოფა მსოფლიო ბანკის, Covid-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში, საპროექტო მომსახურების გაეროს ოფისთან (UNOPS) და Pitstop Moto-სთან პარტნიორონით მოხდა.
პროექტი სასწრაფო დახმარებისთვის განკუთვნილი მოტოციკლეტებისა და ეკიპირების (მოტო ჩაფხუტები, ქურთუკები, შარვლები, მუხლის დამცავები) შესყიდვას ითვალისწინებდა. უმოკლეს ვადაში, 90 დღეში, „პიტსტომ მოტომ“ საქართველოში 41 ერთეული, უახლესი მოდელები — Piaggio MP3 ჩამოიყვანა.
2022 წლის მარტში, 41 ერთეული ტრიციკლი ჯანდაცვის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს გადაეცა და დაიწყო მძღოლების მოძიებისა და გადამზადების პროცესი. Pitstop Moto-ს დამფუძნებლების თქმით, „პიტსტოპ აკადემიას“ მძღოლების გადამზადების პროცესში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. კომპანიის ინიციატივით, პარამედიკოსებისთვის საჩუქრად მოტოს მართვის შესახებ სპეციალური საინფორმაციო ვიდეო მომზადდა, ასევე, „პიტსტოპ აკადემიამ“ 41 ტრიციკლის თითოეულ, 120 მძღოლს, საჩუქრად მოტოს მართვის 5 პრაქტიკული გაკვეთილი და სხეულის დამცავი გადასცა.
რა უპირატესობები აქვს სასწრაფო დახმარების ტრიციკლებს მანქანებთან შედარებით?
- სტაბილურობა და უსაფრთხოება
გარანტირებულია, როგორც დამუხრუჭებისას, ასევე, მოსახვევებში, მოცურებულ გზებსა და ვიწრო ხევში მართვისას.
- მართვის მოწმობა
შესაძლებელია მართოს B კატეგორიის ავტომობილის მართვის უფლების მქონე მძღოლმა.
- Roll Lock სისტემა
ელექტრომექანიკური მოწყობილობა, რომელიც მძღოლს საშუალებას აძლევს მოტოციკლი გააჩეროს სასურველ ადგილას და არ საჭიროებს სპეციალურ სადგომს, განსხვავებით, სასწრაფო მანქანებისა. ეს კი, გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისას, დროს მნიშვნელოვნად დაზოგავს.
- აღჭურვილობა
ტრიციკლი აღჭურვილია სპეციალური სასწრაფო დახმარების აღჭურვილობით, როგორიცაა მოციმციმე ნათურები, სირენები, ECU და კაბელები.
- მინიმალური დანახარჯი
საწვავის დაბალი მოხმარების წყალობით მოტოციკლეტების საექსპლუატაციო ხარჯები ბევრად ნაკლებია.
- ამინდისგან დაცვა
აღჭურვილია საუკეთესო ხარისხის ხელის დამცავითა და ძლიერი საქარე მინით.
სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც ტრიციკლებში თავსდება.
Piaggio MP3 სამბორბლიანი სკუტერები აღჭურვილია ყველა იმ ხელსაწყოთი, რაც აუცილებელია პირველადი დახმარების აღმოსაჩენად. მასში გათვალისწინებულია:
- დეფიბრილატორები;
- მედიკამენტების სრული ნაკრები;
- საყელოები იმობილიზაციისთვის;
- პორტატიული ასპირატორი;
- მოზრდილთა/ბავშვთა რესპირატორული ნაკრები;
- პორტატიული ჟანგბადის ბალონი;
- საინფუზიო კომპლექტი;
- სფიგმომანომეტრი;
- სტეტოსკოპი;
- სისხლში გლუკოზის დეტექტორი მოწყობილობა;
- სხვა სამედიცინო მოწყობილობები;
- მოსახსნელი ტოპ-ბოქსი 50ლ;
- სავარძლის ქვემოთ შესანახი განყოფილება 50 ლიტრიანი საცავით;
პროექტი, საქართველოში მიზნად ისახავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის გაუმჯობესებას და პირველადი დახმარების ოპერატიულად აღმოჩენის უზრუნველყოფას. სამბორბლიანი სკუტერები, რომლებიც მალე ბათუმის, ქობულეთისა, ქუთაისისა და თბილისის ქუჩებში გამოჩნდება, ეფექტური იქნება ვიწრო და რთული გამავლობის ქუჩებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საკურორტო ზოლებში. პარამედიკოსები შეძლებენ სწრაფ რეაგირებას ისეთ გადაუდებელ შემთხვევებზე, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობა, ტრავმები, გულის გაჩერება. სანამ შემდგომ სამაშველო განყოფილებას გადაეცემა ინფორმაცია დამატებითი დახმარების აღმოჩენის საჭიროებასთან დაკავშირებით, პარამედიკოსების ოპერატიული რეაგირება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შანსებს გაზრდის.
პარამედიკოსების პრაქტიკა, ტრადიციულ სასწრაფო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან ერთად, საკმაოდ წარმატებით დაინერგა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ისრაელსა და იტალიაში. დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და დუბაიში კი, სამთვლიანი ტრანსპორტი გამოიყენება როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის, ასევე, პოლიციის სისტემაშიც.
Pitstop Moto-ს დამფუძნებლები იმედს გამოთქვამენ, რომ პარამედიკოსების პრაქტიკა საქართველოშიც წარმატებული იქნება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სწრაფად მიღებასა და მეტი სიცოცხლის გადარჩენაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს.
[პარტნიორის კონტენტი]