in

ყველაზე ცნობილი ისტორიების შემქმნელის ისტორია – Pixar

Toy Story, Finding Nemo, Cars, Ratatouille…შეიძლება ერთი სტატია არ გვეყოს, სანამ Pixar-ის ყველა ანიმაციას ჩამოვთვლით; ანიმაციებს, რომლებიც ყველას ყოველთვის გვეყვარება, რადგან მათი გადაყვარება შეუძლებელია. გაცოცხლებული სათამაშოების, დაკარგული თევზის, ყველაზე სწრაფი მრბოლელი მანქანისა თუ მზარეული თაგუნას ამბები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია, თუმცა როგორია თავად მათი შემქმნელი ბრენდის ისტორია, ამას ჩვენ მოგიყვებით…

istoriebi
istoriebi

ბრენდის ზოგადი აღწერა

2006 წლიდან ის Disney-ს შვილობილ კომპანიად იქცა, თუმცა მანამდე, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის დასაწყისში კომპიუტერული ანიმაციური ფილმების შემუშავებასა და წარმოებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა. მისმა სრულმეტრაჟიანმა ანიმაციებმა დიდ კომერციულ წარმატებას მიაღწიეს. ისინი აღიარეს არა მხოლოდ ვიზუალური ინოვაციების გამო, არამედ ინტელექტუალური და ემოციური თხრობის ფორმებისთვისაც. დღეს კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს კალიფორნიაში, კერძოდ, ემერივილში. 

Pixar-ის დაუჯერებელი ისტორია

Pixar-ის ფესვები პირველად 1970-იან წლებში ნიუ-იორკის ტექნოლოგიის ინსტიტუტში ჩნდება, სადაც კომპიუტერული მეცნიერების ჯგუფმა დაიწყო გრაფიკული პროგრამების შექმნა და დამუშავება. მათ შორის იყო ედ კეტმელი, რომელიც 1979 წელს შეამჩნია და დაიქირავა მაშინდელმა კინოკომპანია Lucasfilm-მა. ეს კომპანია რეჟისორ ჯორჯ ლუკასს ეკუთვნოდა და მან კეტმელს ახალი, კომპიუტერული განყოფილების მართვა შესთავაზა. კეტმელმა თავისთან სამუშაოდ რამდენიმე კოლეგა მოიწვია ნიუ-იორკის ინსტიტუტიდან და საქმეს შეუდგა.

Pixar Image Computer

გრაფიკული ტექნოლოგიის გაუმჯობესების მიზნით, განყოფილებამ შეიმუშავა Pixar Image Computer, რომელიც მაღალი გარჩევადობის სამგანზომილებიანი ფერადი სურათების შექმნას შეძლებდა. სახელი Pixar მომდინარეობდა ესპანური სიტყვიდან, რაც ნიშნავდა „სურათების შექმნას”. 1984 წლისთვის Lucasfilm-მა დაიქირავა ჯონ ლასეტერი, რომელიც მუშაობდა დისნეის ანიმატორად. ის შეუერთდა ჯგუფს და მათთან ერთად მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების კეთება დაიწყო. 

ახალი კომპანია

1986 წელს ჯორჯ ლუკასის კომპიუტერული განყოფილება დაიშალა და ცალკე კომპანიად ჩამოყალიბდა, რომლის წილიც Apple-ის თანადამფუძნებელმა, სტივ ჯობსმა შეიძინა. ედ კეტმელი ახალდაარსებული ბიზნესის დირექტორად დაინიშნა, ხოლო სტივ ჯობსი საბჭოს თავმჯდომარედ. კომპანიას ეწოდა Pixar და მის მარკეტინგზე დიდწილად თავად ჯობსი ზრუნავდა. 

1990 წლისთვის კომპანიამ დაიწყო წარმატებისკენ სვლა და გაყიდა თავისი ტექნოლოგიები. 1989 წელს Pixar-მა დაიწყო კომპიუტერული ანიმაციური სატელევიზიო რეკლამების გადაღება და, ამავდროულად, დაიწყო მოლაპარაკება Disney-სთან. ორი წლის შემდეგ მათ დადეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, გაერთიანებული ძალებით უნდა გადაეღოთ სამი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. 

Toy Story

მომდევნო რამდენიმე წელი გუნდმა მთლიანად „სათამაშოების ისტორიის” შექმნას დაუთმო. ფილმი კინოთეატრებში 1995 წელს გამოვიდა და პოზიციონირდა, როგორც პირველი სრულად კომპიუტერული ანიმაცია. საოჯახო, იუმორისტული ჟანრისა და ინოვაციური ტექნიკით შექმნილმა ფილმმა, რომლის რეჟისორიც ჯონ ლასეტერი იყო, მალე მოიპოვა აღიარება და ოსკარის ჯილდოც კი.

წარმატება, როგორც მოტივაცია

მას შემდეგ, რაც წარმატება უკვე აშკარა გახდა, სტივ ჯობსი კიდევ უფრო მეტად ჩაერთო Pixar-ის განვითარების საქმეში. Toy Story-ის გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ, Pixar-მა დაიწყო აქციების შეთავაზება მსურველებისთვის. 1997 წელს კი სტუდიამ მოლაპარაკება დაიწყო დისნეისთან პარტნიორობის გახანგრძლივებაზე. 

პარალელურად, მას არ შეუწყვეტია ფილმებზე მუშაობა. 90-იანების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში გამოვიდა ისეთი ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ანიმაციები, როგორებიცაა: A Bug’s Life (1998), Toy Story 2 (1999), Finding Nemo (2003) და The Incredibles (2004).

დიდი ცვლილებები

2006 წელს კეტმელი გახდა არა მარტო Pixar-ის, არამედ Walt Disney Animation Studios-ის პრეზიდენტი, ხოლო ლასეტერი მთავარ შემოქმედებით ოფიცრად დაინიშნა. ამ პერიოდში გამოვიდა ყველასთვის ნაცნობი რობოტის ისტორია – WALL∙E (2008), ყველაზე მამაცი გოგო – Brave (2012), Inside Out (2015) და სხვები. პარალელურად, გრძელდებოდა სათამაშოების ისტორიაც და ფილმის მეოთხე ნაწილი მაყურებელმა 2019 წელს იხილა. 

წლების მანძილზე პიქსარის სახელი არაერთხელ მოხვდა ოსკარის ნომინანტების სიაში. მას ასევე მიღებული აქვს, თანაც ორჯერ, ანიმაციისთვის იშვიათი წოდება – საუკეთესო ფილმის ნომინაციის გამარჯვებული. პირველად ამ კატეგორიაში გაიმარჯვა ფილმით UP 2009 წელს, მეორედ კი Toy Story 3-ით. 

ასე დაიწერა იმ ბრენდის ამბავი, რომელმაც თავად არაერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი ისტორია შექმნა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ბოლო, გახმაურებული და პოპულარული ნამუშევარია Soul, 2020 წელს გამოსული ემოციური ანიმაციური ფილმი. ის კვლავ აგრძელებს ახალი ისტორიების შექმნას ჩვენთვის და ჩვენი ოჯახებისთვის.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

უჩვეულო კამპანია კლიმატის ცვლილებების საშიშროებებზე

თიბისის განათლების სივრცე – თიბისის ახალი პროექტი ახალი თაობისთვის