15
Oct
2019

ასტროფოტოგრაფიის რეჟიმი და არავერბალური კომუნიკაცია შეხების გარეშე – Google-მა Pixel 4  წარადგინა

15 Oct 2019

Alta
Alta


Pixel 4 არის სმარტფონი, რომლის ოფიციალურ წარდგენამდე უპრეცედენტოდ ბევრმა ინფორმაციამ გაჟონა. რამდენიმე წუთის წინ კი Google-მა, ნიუ-იორკში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე, სხვა მოწყობილობებთან ერთად, მრავალთვიანი ინტერესის ობიექტი – Pixel 4 წარადგინა.

სმარტფონს ახალი, Motion Sense ფუნქცია აქვს, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს სმარტფონი ხელის მოძრაობით, შეხების გარეშე მართოს. მაგალითად, თუ მაღვიძარას რეკვისას სმარტფონს ხელს მიუახლოვებთ, დაბალ ხმაზე დაიწყებს რეკვას, ხელის დაქნევით კი მის გამორთვას შეძლებთ. ხელის დაქნევითვე შეგიძლიათ გადართოთ მუსიკა, ან უპასუხოთ ზარს.

აღსანიშნავია ასტროფოტოგრაფიის რეჟიმი, რომელზეც არაოფიციალური წყაროები ბევრს საუბრობდნენ, თუმცა, Google-მა პრეზენტაციაზე დეტალურად ახსნა, თუ როგორ მუშაობს Pixel 4-ის 3 კამერა. მათ შორის ერთ-ერთი და Pixel-ის სერიის სმარტფონებისთვის ახალი – ტელეფოტო კამერაა, რომელსაც 2x ზუმი და ასევე, ოპტიკური და ციფრული ფოკუსის ჰიბრიდი აქვს. სმარტფონის ორი კამერა 12 მეგაპიქსელიანია, ტელეფოტო კი 16 მეგაპიქსელიანი. ასტროფოტოების გადაღების შესაძლებლობის საიდუმლო კი სმარტფონის პროგრამულ ნაწილშია.

იმისათვის, რომ ღამის გადაღების რეჟიმი გაუმჯობესებულიყო, უფრო კონკრეტულად კი, სმარტფონით ასტროფოტოების გადაღება ყოფილიყო შესაძლებელი, Google-მა Pixel 4-ის პროგრამულ მხარეზე იმუშავა. სმარტფონით შესაძლებელია რეალურ დროში HDR+ რეჟიმში გადაღება (რაც RAW-ზე კარგ ხარისხს გვაძლევს). ეს უკანასკნელი, გადაღების პროცესში, ანუ გადაღებამდე ფოტოს დამუშავების საშუალებას გვაძლევს. ასევე, ახალი ფუნქცია Dual Exposure, ფოტოს გადაღების პროცესში, განათებისა და ჩრდილების გასწორების საშუალებას გვაძლევს, რაც საგრძნობლად ზოგავს ფოტოს გადაღებასა და დამუშავებაზე დახარჯულ დროს. ის, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ Pixel 4-ის კამერები სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის, ასტროფოტოგრაფიისთვის, შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ წაიკითხოთ.

Pixel 4-ის შემქმნელებმა აუდიო ჩამწერზეც გააკეთეს აქცენტი. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, Voice Recorder რეალურ დროში შეძლებს თქვენი საუბრის ტექსტად ქცევას. შესაბამისი ჩანაწერის/ტექსტის მოძებნა კი, საძიებო ველში, საუბრისას წარმოთქმული კონკრეტული სიტყვების, ან სიტყვათა შეთანხმებების ჩაწერის გზით შეგეძლებათ. აღსანიშნავია, რომ ეს ოპერაციები ტელეფონშივე ხდება, ე.წ. ქლაუდის დაუხმარებლად.

Pixel 4-სა და მის მოზრდილ ვერსიას – Pixel 4 XL-ს მსგავსი მონაცემები აქვთ. ორივე მათგანი Qualcomm Snapdragon 855 SoC-ის პროცესორზე მუშაობს, აქვს 6GB შიდა და 64, ან 128GB ოპერატიული მეხსიერება. აღსანიშნავია, რომ მოდელებს ყურსასმენის ჯეკი არ აქვს. რაც შეეხება ელემენტს, Pixel 4-ს 2,800mAh-იანი ელემენტი აქვს, ხოლო Pixel 4 XL-ს 3,700mAh. აღსანიშნავია, რომ დისპლეი, რომელიც Pixel 4-ს აქვს 90Hz-იანია, რაც, ერთი მხრივ, ძალიან კარგ გამოსახულებას და ვიზუალურ გამოცდილებას გვთავაზობს, თუმცა, ასე ვთქვათ, დრამატულად მოქმედებს ელემენტზე.

Pixel 4-ის გაყიდვა აშშ-ში უკვე დაიწყო და მისი ფასი 799 დოლარიდან იწყება.

განხილვა