in

ცირკულარული ეკონომიკის როლი პლანეტარული საზღვრების დაცვაში

ცირკულარული ეკონომიკა ის მოდელია, რომელიც ბევრნაირად იყოფა, გარემოს დაცვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას პლანეტარული საზღვრების დაცვაშიც ასრულებს. 

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ, თუ რა არის პლანეტარული საზღვრები და როგორ ზემოქმედებს მასზე ცირკულარული ეკონომიკის მოდელი. 

რა არის პლანეტარული საზღვრები

პლანეტარული საზღვრები არის მეცნიერული კონცეფცია, რომელიც ადგენს იმ საზღვრებს, რომელთა ფარგლებშიც კაცობრიობას შეუძლია, უსაფრთხოდ იმოქმედოს და შეინარჩუნოს პლანეტის მდგრადობა. პლანეტარული საზღვრების განსაზღვრა 2009 წელს დაიწყეს შვედმა მეცნიერებმა. თავიდან ექვსი საზღვარი გამოიკვეთა, 2023 წლიდან კი მეცნიერები ცხრა პლანეტარულ საზღვარს ითვლიან. ეს არის პროცესები, რომლებიც არეგულირებს დედამიწის სტაბილურობასა და მდგრადობას.

იმავე, 2023 წელს მეცნიერულად დადგინდა, რომ ცხრა საზღვრიდან ექვსი დარღვეულია, რაც ზრდის რისკებს ჩვენი ეკოსისტემისთვის. რა თქმა უნდა, მკვეთრი ცვლილებები ერთ დღეში არ შეინიშნება, მაგრამ დროთა განმავლობაში თავს იჩენს გამოწვევები, რომელთა დაძლევაც საგანგაშოა ჩვენი პლანეტისთვის.

ისიც უნდა დავძინოთ, რომ პლანეტარული საზღვრები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, ანუ თუ ერთი მათგანი მაინც დაირღვევა, ის გავლენას დანარჩენებზეც მოახდენს. შესაბამისად, მდგრადობასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას პლანეტარული საზღვრები განიხილება არა ცალკეულად, არამედ ერთობლივად.

ფოტოზე ნაჩვენებია ცხრა პლანეტარული საზღვარი, საიდანაც ექვსი უკვე გადაკვეთილია

ცხრა პლანეტარული საზღვარი და მათი სტატუსი

კლიმატის ცვლილება

კლიმატის ცვლილებაში ვგულისხმობთ დედამიწაზე შემომავალი და გამავალი ენერგიის თანაფარდობის ცვლილებას, რაც გამოწვეულია სათბურის გაზებისა და აეროზოლების ატმოსფეროში დაგროვებით. როცა დედამიწა მზისგან უფრო მეტ ენერგიას იღებს, ვიდრე გასცემს, ეს იწვევს გლობალური ტემპერატურის ზრდასა და  კლიმატური ბალანსის დარღვევას.

ახალი ნივთიერებები

აქ მოიაზრება სინთეზური ქიმიკატები და ნივთიერებები, როგორებიცაა: მიკროპლასტმასები, ენდოკრინული დისრუპტორები, ორგანული დამაბინძურებლები, რადიოაქტიური მასალები და სხვები. ადამიანის ჩარევით სხვადასხვა პროცესში, ატმოსფეროში ვრცელდება ახალ-ახალი ნივთიერებები, რომელთა დიდი რაოდენობით დაგროვებაც უსაფრთხო დონეს აღემატება.

ოზონის შრის დაშლა

ოზონის შრე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს სიცოცხლეს დედამიწაზე. ზედა ატმოსფეროში ოზონის შრის გათხელება, ძირითადად, ადამიანის მიერ შექმნილი მავნე ნივთიერებების გამო ხდება. შრის გათხელება კი, თავისთავად, საშუალებას აძლევს უფრო მეტ მავნე ულტრაიისფერ გამოსხივებას, რომ მიაღწიოს დედამიწის ზედაპირს. მეცნიერები მაინც გვამშვიდებენ და გვიხსნიან, რომ ამ ეტაპზე შრის სისქე უსაფრთხო ნიშნულზეა და, პარალელურად, მიმდინარეობს მისი აღდგენა.

ატმოსფერული აეროზოლების კონცენტრაცია

ადამიანის საქმიანობითა და ზოგჯერ ბუნებრივი წყაროებითაც, ჰაერში ნაწილაკების რაოდენობა იზრდება, რაც გავლენას ახდენს კლიმატზე და ამას ვგრძნობთ ტემპერატურისა და ნალექის ცვლილებებით. ამჟამად ეს საზღვარი უსაფრთხო დონეზეა, თუმცა მუდმივად სჭირდება მონიტორინგი.

ოკეანეების მჟავიანობა

ოკეანის მჟავიანობა არის მის წყალში pH-ის შემცირება ატმოსფერული CO2-ის შთანთქმის გამო. ეს პროცესი ზიანს აყენებს ცოცხალ ორგანიზმებს, გავლენას ახდენს საზღვაო ეკოსისტემებზე და ამცირებს ოკეანის მიერ ნახშირბადის შთანთქმის ეფექტურობას. ამ ეტაპზე ოკეანეების მჟავიანობაც არ სცდება ნიშნულს, თუმცა ისიც ყოველთვის საყურადღებო იქნება.

ბიოგეოქიმიური ციკლები

ისეთი ბუნებრივი ციკლების დარღვევაა, როგორიცაა აზოტი და ფოსფორი. ორივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობისთვის და ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნებისთვის.

მტკნარი წყლის დეფიციტი

მტკნარი წყლის ციკლების ცვლილება, მათ შორის მდინარეებისა და ნიადაგის ტენიანობის, გავლენას ახდენს ბუნებრივ ფუნქციებზე, როგორიცაა ნახშირბადის შთანთქმა და ბიომრავალფეროვნება. ადამიანის ჩარევით გამოწვეული ცვლილებები მოქმედებს როგორც მდინარეებისა და ტბების, ისე ე.წ. მწვანე წყლის, ანუ ნიადაგისეულ ტენიანობაზე, რამაც უკვე უსაფრთხოების ზღვარს გადააჭარბა.

მიწის სისტემის ცვლილება

ბუნებრივი ლანდშაფტები ხშირად გადის ცვლილებას ადამიანის მიერ ტყეების გაჩეხით, ხანძრებით, სოფლის მეურნეობის გაფართოებითა, ურბანიზაციით და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ამცირებს ეკოლოგიურ ფუნქციებს, როგორიცაა ნახშირბადის შთანთქმა, წყლის ცირკულაცია და ველური ბუნების ჰაბიტატები. თითოეული მათგანი კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ადამიანებისთვის, ისე ბუნებრივი გარემოსთვის. დღესდღეობით, სამწუხაროდ, ეს ნიშნული უსაფრთხოების ზღვარს სცდება.

ბიოსფეროს მთლიანობა

ბიოსფეროს აქვს უნარი, დაარეგულიროს პლანეტის მდგომარეობა დედამიწაზე, დაიცვას ენერგეტიკული ბალანსი და ზეგავლენა მოახდინოს ქიმიურ ციკლებზე. თუმცა, ცოცხალი ორგანიზმებისა და ეკოსისტემების მრავალფეროვნების შემცირება ართმევს მას ამ უნარს და დღესდღეობით ეს ზღვარი მორღვეულია, იგი უსაფრთხოების დონეს აცდენილია.

რა როლი აქვს ცირკულარულ ეკონომიკას პლანეტარული საზღვრების უსაფრთხოებაში

2023 წელს გამოცემული ანგარიშის მიხედვით, გლობალური წრიული ეკონომიკა საშუალებას მოგვცემს, დავაკმაყოფილოთ ადამიანების საჭიროებები მხოლოდ იმ მასალების 70%-ით, რომლებსაც ამჟამად ვიყენებთ, რაც პლანეტას თავის უსაფრთხო საზღვრებში დააბრუნებს. ანალიზი აჩვენებს, რომ ცირკულარულ გადაწყვეტილებებს შეუძლია იმ ცდომილების შემცირება, რაც დღეისათვის არსებობს.

ანგარიშის შეფასებით, საჭიროა გლობალური მასალების მოპოვებისა და მოხმარების ერთი მესამედით შემცირება. ეს მარტივი ამოცანა არ არის, მაგრამ ცირკულარული ეკონომიკის მეშვებით, მიღწევადია. 

აუცილებელია ჩვენი ქცევა ოთხი ძირითადი მიმართულებით შევცვალოთ: შევამციროთ გამოყენება, გავზარდოთ თითოეული პროდუქტის გამოყენების ხანგრძლივობა, გადავამუშაოთ და ხელახლა გამოვიყენოთ. რამდენიმე მნიშვნელოვან სექტორს, რომელსაც ცირკულარულობის დიდი პერსპექტივა აქვს, ქვემოთ გაგაცნობთ. 

სოფლის მეურნეობა – დღეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა იკავებს პლანეტის მოსახლებადი ზედაპირის დაახლოებით ნახევარს. იგი პასუხს აგებს გლობალური სათბური აირების ემისიების მესამედზე და მოიხმარს მსოფლიოში ხელმისაწვდომი მტკნარი წყლის 70%-ს. მოსახლეობის ზრდის ფონზე, აუცილებელია, სურსათის წარმოების ფორმები შევცვალოთ იმგვარად, რომ წრიული გადაწყვეტილებები კვების სისტემებში გახდეს მთავარი მიდგომა.

დიდი მნიშვნელობა აქვს საკვები ნარჩენების მართვას. უნდა გამოვიყენოთ ადგილობრივი, სეზონური და ორგანული პროდუქტები. ეს შეამცირებს ტოქსიკური სასუქების, საწვავის და ტრანსპორტირების საჭიროებებს, საბოლოო ჯამში კი, შეამცირებს ემისიებს და ზედმეტი მასალების გამოყენებას.

სამშენებლო სექტორი – სამშენებლო სექტორს გლობალური ემისიების 40%-ში შეაქვს წვლილი. ამ სექტორში ჯერ-ჯერობით უგულებელყოფილია მეორეული სამშენებლო მასალების გამოყენება ან გადამუშავების  წახალისება. თუ ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმ მასალებს, რაც უკვე არსებობს, მნიშვნელოვნად შევამცირებთ ბუნებრივ რესურსებზე მოთხოვნას და წვლილს შევიტანთ ისეთი პლანეტარული საზღვრების დაცვაში, როგორიც არის კლიმატის ცვლილება, ახალი ნივთიერებების წარმოება და სხვა. არსებულ შენობებში ტონობით ისეთი მასალაა ჩადებული, რომლის ხელახლა გამოიყენება, გადააკეთება და განახლება მეორადი მასალებით სრულიად შესაძლებელია. 

ინდუსტრიული წარმოებისა და მოხმარების მასალები – ინდუსტრიული სისტემა მასალების უზარმაზარ სპექტრს მოიცავს, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, თუმცა აზრის გასაგებად გეტყვით, რომ ეს შეიძლება იყოს: ქაღალდი და მუყაო, ქიმიკატები, ფოლადი, ტექსტილი და სხვა. მათი წარმოება გლობალური სათბურის გაზების ემისიების დაახლოებით ერთ მესამედს განაპირობებს. გადაჭრის გზა კი შეიძლება იყოს მხოლოდ საჭიროების მიხედვით შეძენა, ანუ გადადით პასუხისმგებლიან შესყიდვაზე. თავის მხრივ, კომპანიებმა უნდა იფიქრონ ინდუსტრიულ თანამშრომლობებზე, რაც ნიშნავს, რომ ერთი ინდუსტრიის ნარჩენი, მეორე ინდუსტრიის მასალად შეიძლება იქცეს. 

როგორც ხედავთ, სამყაროში ყველაფერი კავშირშია. ჩვენ, ადამიანებიც ბუნებრივი ჯაჭვის ნაწილი ვართ და ყველაზე მთავარი პასუხისმგებლობა იმაში, რომ პლანეტარული ცხრა საზღვარი დაცული იყოს, ჩვენ გვეკისრება. ცირკულარული ეკონომიკა კი ის გამოსავალია, რომელიც განაპირობებს როგორც მდგრად ეკონომიკურ ზრდას, ისე ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას.  

სტატია მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით, ცირკულარობის კამპანიის ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. ცირკულარობის კამპანია „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ პროგრამის ნაწილია, რომელსაც CENN ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს.

[R]

მოგზაურობას აპირებთ? — 5 აპლიკაცია, რომლებიც Google Maps-ის ნაცვლად გამოგადგებათ

ნახეთ: AUDI-ის თეატრალური დადგმა