8
Jul
2019

როგორ ვადევნოთ თვალი თანამგზავრს, რომელიც დედამიწის ორბიტაზე მხოლოდ მზის ენერგიით მოძრაობს

8 Jul 2019

ჯერ კიდევ  XVII საუკუნეში, იოჰანეს კეპლერი გალიო გალილეისადმი მიწერილ წერილში ახსენებდა ხომალდებს, რომლებიც კოსმოსში მზის ენერგიით იმოძრავებდნენ. ოთხი საუკუნე დასჭირდა იმას, რომ კეპლერის იდეა კაცობრიობას რეალობად ექცია და დღეს, დედამიწის ორბიტაზე დაფრინავს მზის აფრა – LightSail 2. მიუხედავად ამ მიღწევისა, ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. ექსპერიმენტული თანამგზავრის მისიის წარმატებით დასრულებამ კი, შესაძლოა, ორბიტაზე თანამგზავრების გაშვება ბევრად ხელმისაწვდომი გახადოს. რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა კოსმოსის კვლევის განვითარებისთვის.

მზის აფრა ორბიტაზე 24 ივნისს, Space X-ის ხომალდ Falcon Heavy-ის დახმარებით აღმოჩნდა. კეპლერის შემდეგ, მსგავსი თანამგზავრის შექმნისა და ორბიტაზე გაშვების იდეა ცნობილ ამერიკელ ინჟინერს – ბილ ნაის ეკუთვნის და ეს არ არის პირველი ცდა, როცა ორბიტაზე მზის ენერგიაზე მომუშავე ხომალდის გატანა სცადეს. 2015 Planetary Society-მ დაბალ ორბიტაზე  პირველი ობიექტი LightSail 1 გაუშვა. ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ თანამგზავრის დისტანციურად მართვა შესაძლებელია და მან მზის აფრის გახსნაც მოახერხა. თუმცა, მასთან კავშირისას არაერთი ხარვეზი დაფიქსირდა. LightSail 2-ს უფრო ამბიციური პროექტია. თანამგზავრმა, წელიწადზე მეტი, მაღალ ორბიტაზე უნდა გაატაროს და მანევრირების გზით, მზის ენერგია დაიჭიროს. შემდეგ კი, მზის ენერგიის გამოყენებითვე, სხვა პლანეტების ორბიტებისკენაც გაუდგეს „გზას“. კოსმოსში და ორბიტებზე მისი მოძრაობისთვის თვალის მიდევნება სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით შეგვეძლება. ვებგვერდის, რომელის The Planetary Society-მ ცოტა ხნის წინ დააანონსა. სტატიის წერის მომენტისთვის, აფრა აფრიკის კონტინენტის თავზეა.

LightSail 2 Mission Control-ზე განთავსებული ინფორმაცია განახლდება ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც მზის აფრა კონტაქტს დაამყარებს დედამიწის სადგურებთან. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია კი მოიცავს თანამგზავრის ადგილმდებარეობას, ორბიტაზე გატარებულ დროს, ელემენტის დონეს, მოძრაობის სიჩქარეს და ა.შ. LightSail 2, სულ რაღაც, 5 კილოს იწონის.

Planetary Society-ს ცობით, 24 ივნისიდან, დაახლოებით, 2 კვირაში, მზის აფრა დროებით დაიკეცება და კაფსულის, საწყის პოზიციას დაუბრუნდება. როცა ეს მოხდება, შესაძლოა ის დედამიწიდანაც შესამჩნევი გახდეს. თუმცა, ამ მოვლენის ზუსტი დრო/საათი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. სანამ მზის აფრის დანახვას ეცდებით, ნახეთ ანიმაცია ამ ექსპერიმენტული თანამგზავრის შესახებ, რომელმაც, შესაძლოა, დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრების გაშვების პრაქტიკა შეცვალოს.

განხილვა