ალბათ, ხშირად გიფიქრიათ და წარმოგიდგენიათ, რას შეუძლია, სამყარო საცხოვრებლად უფრო ადვილ ადგილად (სუბიექტურად) აქციოს — მაგალითად, ხომ გაცილებით მარტივი იქნებოდა ჩვენი ყოველდღიურობა, ძილის და ჭამის აუცილებელი მოთხოვნილება რომ არ გაგვაჩნდეს? ჯერჯერობით ეს დაუძლეველ ბარიერს წარმოადგენს, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ იმასაც ვერ ვიფიქრებდით, რომ მეცნიერები მცენარეების სრულ სიბნელეში გაზრდას შეძლებდნენ.
ახლა კი UC Riverside-ისა და დელავერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ მცენარეების სიბნელეში გასაზრდელად ორეტაპიანი პროცესი გამოიყენეს. ეს ნახშირორჟანგის, ელექტროენერგიისა და წყლის აცეტატად გადაქცევას ემსახურებოდა. შესაბამისად, მცენარე აცეტატს მოიხმარდა და სიბნელეში უპრობლემოდ იზრდებოდა.
მოხსენების თანახმად, ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის მზის პანელებთან ერთად, საკვების წარმოების ეს მეთოდი 18-ჯერ უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ბუნებრივი პროცესი. „ვცდილობთ, საკვების წარმოების ახალი გზა განვსაზღვროთ, რომელიც ბიოლოგიური ფოტოსინთეზის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გადალახავს“, — ამბობს რობერტ გინკერსონი, კვლევის ერთ-ერთი მონაწილე.
ამ ეტაპზე უცნობია, რა ეტაპამდე შეძლებს მცენარე გაზრდას — ნამდვილ საკვებად იქცევა თუ გარკვეულ ეტაპზე შეწყვეტს განვითარებას? მკვლევართა მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ჯერ მხოლოდ პომიდვრის პატარა მწვანე ყლორტები ჩანს, რომლებიც ლაბორატორიული ნიადაგიდან იზრდება. თუმცა სტრატეგია ნამდვილად იმედისმომცემია და, სავარაუდოდ, ეს მეთოდი დროთა განმავლობაში უფრო ეფექტურიც გახდება. ანუ, საკვების მოყვანის გზების რაოდენობის ზრდა ავტომატურად გაზრდის საკვების მარაგებს…