in

სუკულენტებითა და კაკტუსებით ნაყიდი ინსტრუმენტი – ამბავი მუსიკოსზე, რომელსაც მცენარეები უყვარს

Startauperi
Startauperi

ლევან შანშიაშვილი მუსიკოსია, რომელსაც მცენარეები უყვარს. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, ინტერიერის ჯუნგლებში გაიზარდა, ვინაიდან 90-იან წლებში, მის მშობლებს თბილისში სუკულენტებისა და კაკტუსების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექცია ჰქონდათ. კოლექცია, რომელიც მოგვიანებით, ლევანისთვის განათლების მისაღებად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდა. 

კონსერვატორიაში ჩაბარებისას დედამ და მამამ მცენარეების კოლექცია გაყიდეს.. გამომუშავებული თანხით კი – მუსიკალური ინსტრუმენტი მიყიდეს, – იხსენებს ლევან შანშიაშვილი

წლების შემდეგ, ლევანს მეგობარმა ფოთლოვანი მცენარე, „პილეა“ აჩუქა და ამგვარად, ერგო „პილეას“ მისი პირადი კოლექციის სულ, სულ პირველი წევრის სტატუსიც. ასე, ლევანში მცენარეების მიმართ ინტერესმა თავიდან გაიღვიძა. სხვადასხვა მცენარეზე ყოველდღიურმა დაკვირვებამ კი, მათ სამყაროსთან კიდევ უფრო დააახლოვა. იმდენად, რომ მცენარეები სრულად შეერწყა მის გარემოსა და ინტერიერს.

როგორც ჩანს, სუკულენტები და კაკტუსები მშობლებზე არ გაბრაზებულან, ვინაიდან ლევანი, დღეს, ქართული ალტერნატიული და ინდი-როკ ჯგუფი Kid Jesus-ის ვოკალისტი და გიტარისტია. ასევე, იშვიათი მცენარეების პირადი კოლექციონერიც – Plants Lover Tbilisi-ს ავტორი. 

ლევან შანშიაშვილი: Plants Lover Tbilisi – სახელი პირდაპირ პასუხობს საქმიანობის სფეროს.

სოციალური ქსელის მართვა მარტის თვეში დავიწყე, პირველი ლოქდაუნი რომ გამოცხადდა. კომუნიკაციის გარეშე, ყველას ძალიან გაგვიჭირდა. ცხოვრების სტილის შეცვლაც მოგვიწია და შედეგად, უმრავლესობა ონლაინ საქმიანობაზე გადავერთეთ. სწორედ ამ დროს, სურვილი გაჩნდა, ის სივრცე გვეჩვენებინა, სადაც ვმუშაობთ, ვცხოვრობთ, დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ… მცენარეების გარეშე კი, ეს სივრცეები წარმოუდგენელია.

ყოველდღიური აქტივობა და პირადი გამოცდილების, ხედვების გაზიარება აუცილებლად მივიჩნიე. მინდოდა, მცენარეების მოყვარულებისთვის შემეთავაზებინა სასიამოვნო გარემო, კომუნიკაციის ერთგვარი საშუალება, სადაც საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს ერთმანეთის გაცნობისა და დამეგობრების შესაძლებლობა გვექნებოდა. 

ფიზიკური შოურუმი – mariamagdalina-ს სივრცეში განთავსდა. 

M: რა პასუხისმგებლობები აიღო Plants Lover Tbilisi-მ საკუთარ თავზე? რა ჯანსაღ შესაძლებლობებს ხსნით თქვენი არსებობით?
მომსახურების სფერო დღითი დღე ვითარდება, შესაბამისად, ვცდილობთ, ჩვენს აუდიტორიას შევთავაზოთ მომსახურების სრული სპექტრი: მცენარე, ქოთანი, ნიადაგი, სასუქი და სხვა აქსესუარები – ყველაფერი, რაც ინტერიერის მცენარეებს სჭირდებათ.

ვთანამშრომლობთ კერამიკულ სტუდიებთან, ჩვენი დიზაინით სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქოთნები და დეკორატიული „კაშპოები“ (ქოთნის ჩასადებები) იქმნება. ასევე, ვთანამშროლობთ სანერგეებთან, კერძო კოლექციონერებსა და ნიადაგის მწარმოებლებთან. რაც ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ იშვიათ მცენარეებთან ერთად, საკმაოდ გავრცელებულებიც გვაქვს.

მოკლედ, მივისწრაფვით, რომ ერთ სივრცეში მოქცეული იყოს ყველა ის სერვისი, რომელიც მცენარეებს ეხებათ.

M: მცენარეების მოვლასთან დაკავშირებული ზუსტი რეკომენდაციების გაზიარებით, მცენარეც ბედნიერია, მისი მომვლელიც და დიდი ალბათობით, თავად თქვენც… რა როლი გაქვთ, ამ შემთხვევაში, Plants Lover Tbilisi-ს, როგორ გვეხმარებით მცენარეებთან თანაცხოვრების დაწყებამდე?
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აუდიტორიასთან ურთიერთობისას გავარკვიეთ, ჩვენი გამოცდილების გაზიარება აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მწვანე მეგობარს პირველად იძენენ – ვინაიდან მცენარეს მოჰყვება მოვლის რეკომენდაციები, რომელიც, მსოფლიო მასშტაბით, ცნობილია და ჩვენი კლიმატური პირობების გათვალისწინებით არის შედგენილი. 

გთავაზობთ, ვიზუალურად და ენერგეტიკულად შესაბამისი მცენარე შეარჩიოთ და ჩვენთან ერთად შეისწავლოთ მათი სამყარო. მცენარეების უმრავლესობა ინდივიდუალურ მოვლას საჭიროებს, ყურადღებას, ზრუნვას, ტემპერატურას, შესაბამის ქოთანსა და ნიადაგს, – ლევან შანშიაშვილი

დამწყებ plantslover-ებს შემოგთავაზებთ შედარებით ადვილად მოსავლელ მცენარეებს, გაგიზიარებთ მათი მოვლის რეკომენდაციებსა და ჩვენს ხედვას მათ ვიზუალურ მხარეზე, ანუ რომელ ქოთანსა თუ ქოთნის ჩასადებში უფრო მომხიბვლელად მოთავსდება… მცენარეები ცოცხალი ორგანიზმები არიან და თანამედროვე სამყაროში მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიზუალური მხარე, თუ როგორ არიან გეომეტრიულად ფორმირებული და ვიზუალურად გაფორმებული. სწორად შერჩეული ყველა ეს ფაქტორი კი, მათ ჯანსაღ და ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს. 

M: რა არის, ამჟამად, თქვენი მთავარი საზრუნავი?
როგორც ყველა მცენარე იბრძვის განვითარებისთვის ფესვთა სისტემასა და ბუნებაში, ჩვენც ვცდილობთ, განვვითარდეთ და დროთა განმავლობაში, შევქმნათ ისეთი მომსახურება, სადაც მცენარეების მოყვარულები სრულფასოვან პასუხებს მიიღებენ მათთვის, ჯერ კიდევ, ამოუცნობ სამყაროზე. მცენარეების სამყაროზე…ამავდროულად, მადლობას ვუხდით ყველა კოლექციონერსა თუ მოყვარულს, რომელიც უკვე გვენდობა, რჩევებს ითვალისწინებს და საკუთარ გამოცდილებასაც გვიზიარებს. 

Plantslover-ების გარეშე, ამ საქმიანობას აზრი დაეკარგებოდა.

M: როგორ ხვდებიან თქვენი მცენარეები მათ მომავალ პატრონებთან?
ამ ეტაპზე, რეგულაციების გამო, ჩვენს შოურუმ-კაფეში მცენარეების მოყვარულებს ვერ ვმასპინძლობთ. ჯერჯერობით, მხოლოდ სოციალური ქსელების საშუალებით გვაქვს მათთან კომუნიკაცია. საკურიერო მომსახურებას კი – Vdelivery გვიწევს. ამ დროისთვის ერთადერთი კომპანიაა, რომლის დამფუძნებლებსაც მცენარეები უყვართ და შესაბამისად, მათ უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ. ჯერჯერობით, თბილისის მასშტაბით, თუმცა ძალიან ბევრი მსურველია რეგიონებში და იმედი გვაქვს, მიწოდებას თბილისს გარეთაც მალე შევძლებთ. 

M: როგორ წარმოგიდგენიათ Plants Lover Tbilisi-ს ზრდა-განვითარება?
უახლოეს მომავალში, ვებგვერდის შექმნა გვინდა, სადაც მომხმარებელი შეძლებს, უფრო სწრაფად აარჩიოს პროდუქცია და შეძენის პროცესი გაიმარტივოს. რა თქმა უნდა, ვცდილობთ არჩევანის გამრავალფეროვნებას როგორც მცენარეების, ასევე აქსესუარების კუთხითაც, რადგან გემოვნება უსაზღვროა… მცენარეებისა და აქსესუარების სინთეზი მუდამ განიცდის ტრანსფორმაციას და ჰარმონიული ესთეტიკის სინთეზს ბადებს.

როგორც კი მოიხსნება შეზღუდვები, შევძლებთ, თბილისის მცხოვრებლებსა და კერძო კომპანიებს ინტერიერის გამწვანების, გადარგვისა თუ სხვა მომსახურებები შევთავაზოთ.გრძელვადიან პერსპექტივაში ულამაზესი სათბურის აშენებას ვგეგმავთ, სადაც წარმოდგენილი იქნება იშვიათი მცენარეები, მათთვის ხელსაყრელ პირობებში. სათბური შეითავსებს შოურუმისა და საგანმანათლებლო ფუნქციებს: დაიგეგმება ბოტანიკოსებთან შეხვედრები, მცენარეების მოყვარულთა შორის swap-ები, კლასიკური ტიპის ივენთები და სხვა აქტივობები. 

ავტორი: თიკა გეგენავა

„ამას ცუდი იღბალი მოაქვს, ხომ?“ – შავი ფისოს საშობაო ამბავი

კლასიკური და თანამედროვე ფორმების სინთეზით შექმნილი ხალიჩა