13
Jul
2019

ნარჩენები, როგორც გადასახადი – ინდოეთის სკოლის ინოვაციური იდეა

13 Jul 2019

სკოლა ის ინსტიტუტია, რომელიც ადამიანის განვითარებაზე უდიდეს გავლენას ახდენს. გავლენას ახდენს როგორც განათლებაზე, ისე – პიროვნების ჩამოყალიბებაზეც. ყველაზე ხშირად კი, სკოლები შემდეგ პრობლემას აწყდებიან: უფრო მეტი ყურადღება ექცევა კონკრეტული საგნების ცოდნას, ვიდრე იმას, რაც ამ საგნების მიღმა დგას – ე.ი ადამიანურ/ჰუმანურ საკითხებს. თუმცა, ზუსტად ასეთ, სამაგალითო სკოლას ინდოეთში, კერძოდ, პამოჰის დასახლებაში შეხვდებით, რომელმაც სახელი იმით გაითქვა, რომ მოსწავლეების მშობლებს სკოლის საფასურის გადახდის სანაცვლოდ ბავშვებისთვის ნარჩენების გამოტანება ევალებათ.

ეს სკოლის კეთილი ნებაა, თუმცა, ნარჩენების პრობლემა ინდოეთში მართლაც მწვავედ დგას. ფაქტობრივად, აქ დღიურად 26 000 ტონამდე ნარჩენი გროვდება. ერთადერთი, რაშიც მოსახლეობა ამ ნარჩენებს იყენებს, ცივი ზამთრების გადატანაა – ისინი ამ ნარჩენებს წვავენ.

3 წლის წინ მფრინავი ტექნიკის ინჟინერი პარმიტა სარმა და სოციალური მუშაკი მაზინ მუქთარი აქშარის სახელობის სკოლის დაარსებისთვის გაერთიანდნენ, თანაც – ინოვაციური იდეით. ამ სკოლაში მოსწავლეებს გადასახადის მაგივრად პლასტმასას ნარჩენები უნდა მოეტანათ, რამაც საკმაოდ წარმატებული განვითარება ჰპოვა. დღესდღეობით სკოლაში 100-მდე მოსწავლე სწავლობს და მათ კვირაში 25 ამგვარი ნივთის მოტანა ევალებათ. აღნიშნული სკოლა საქველმოქმედოა და სხვადასხვა შემოწირულობის შედეგად ფუნქციონირებს. მას აქვს თავისი პატარა გადამამუშავებელი ცენტრი, სადაც ზემოთ აღნიშნული ნარჩენები მუშავდება, შემდეგ კი – ბოთლები მზადდება. სკოლის დამაარსებლების აზრით, ყველაფერი ეს არა მხოლოდ გარემოს აუმჯობესებს, არამედ საზოგადოებაში გარემოზე ზრუნვას და მსგავს საკითხებზე ფიქრს ავითარებს.

ამ სკოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსებად უნდა ჩავთვალოთ ისიც, რომ იგი ხელს უწყობს მოზარდების დასაქმებასაც. კერძოდ, როგორც წესი, ინდოეთში მოსწავლეები რაღაც პერიოდის შემდეგ სწავლას თავს ანებებენ და იმისთვის, რომ დღეში 2.5 დოლარამდე იშოვონ და ოჯახებს მატერიალურად მხარში დაუდგნენ, მათთვის არასასარგებლო სამუშაოს იწყებენ. ეს კი პირდაპირ მოქმედებს მათ განათლების დონეზე და დიდ წილად განსაზღვრავს მათ მომავალ ცხოვრებასაც. სკოლა კი ამგვარ უფროსკლასელებს სთავაზობს, აქ დასაქმდნენ და უმცროსკლასელებს ასწავლონ – ამით შემოსავალიც ექნებათ და არც აკადემიურ სივრცეს მოშორდებიან. შემდეგ კი, რაც უფრო მეტად პროგრესირდებიან, მით მეტ შემოსავალსაც იღებენ. სწორედ ამ გზით, მშობლები აღწევენ იმას, რომ მათი შვილი სკოლაში დიდ ხანს რჩება.

აქშარის სკოლის დამფუძნებლების დიდ შთაგონებას წარმოადგენს მაჰათმა განდი და მისი ფილოსოფია. სწორედ ამიტომ, აქ მოსწავლეები თანაბრად ეზიარებიან აკადემიურ საგნებსა და ფილოსოფიას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსწავლეები ამ სკოლაში მზის პანელების გამოყენებასა და ფუნქციონირებასაც  სწავლობენ. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ აქშარის სახელობის სკოლაში მოსწავლეებს ხშირად უწევთ ცხოველებზე ზრუნვაც. სკოლაში დაზიანებულ ცხოველთა თავშესაფარიც არსებობს, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, მოუარონ და გამოაჯანმრთელონ ისინი.

აქშარის სახელობის სკოლის გაკვეთილების ცხრილი

ერთი სიტყვით, აქშარის სახელობის სკოლაში ყველანაირი პირობაა იმისთვის შექმნილი, რომ ბავშვები ისეთ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც გარემოზე აქტიურად იზრუნებენ. რეალურად კი, ამ ყველაფერს ჩვენ სოციალური პასუხისმგებლობა ისედაც გვავალდებულებს. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ამგვარი სკოლა ინდოეთის ერთ-ერთ არც ისე ნაცნობ დასახლებაში მდებარეობს. ეს კი სწორედ ის ადგილებია, რომლებიც გამუდმებით ბევრ პრობლემას აწყდებიან და თითქოს ეს სკოლა ერთგვარი “გამონათებაა” აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის..

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა