პოლიეთილენის ნარჩენებს გარემოზე ნეგატიური გავლენა აქვს, რაც მწვავე პრობლემების წინაშე გვაყენებს. აქედან გამომდინარე, მის წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით აქტუალურია. საზოგადოება გამუდმებით ცდილობს, ამ ნარჩენებისგან გამოწვეული შედეგები შეამციროს და მათი მავნებლობა აღმოფხვრას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება Plastic Watcher – ქართული სოციალური საწარმო, რომელიც პოლიეთილენის გამოყენებული პარკების შეგროვება/გადამუშავებასა და მდგრადი გამოყენების ნივთების შექმნაზეა ორიენტირებული.
საწარმოს შექმნას რამდენიმე მიზეზი უდევს საფუძვლად, მათ შორის პირველი სწორედ ის პროტესტია, რომელიც ხალხის ქცევის, გარემოზე ნეგატიური კვალის დატოვების მიმართ არსებობს. ყველაფერი 2019 წელს დაიწყო, როდესაც ეკა ასათიანს, შემდგომში უკვე საწარმოს დამფუძნებელს, ადამიანებში გარემოსადაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და შეგნებული ქცევის სტიმულირებისკენ ორინტირებული იდეების განხორციელების სურვილი გაუჩნდა.
“უნდა აღვნიშნო, რომ Plastic Watcher პლასტმასს, როგორც ნეგატიურ რესურსს არ განიხილავს, არამედ პირიქით, მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია. მთავარი პრობლემა იმ ქცევაში მდგომარეობს, რომელსაც ადამიანები პლასტმასთან მიმართებით ავლენენ” – ამბობს ეკა ასათიანი.
საწყის ეტაპზე ყველაფერი პოლიეთილენის პარკებზე ჩატარებული რამდენიმე ექსპერიმენტით დაიწყო.იმ პარკებზე, რომლებიც თითოეული ჩვენგანის ოჯახში მრავლადაა – მაღაზიიდან ხელსამოყოლებულ პოლიეთილენის პარკებს ან ვყრით, ან თავად მას ვიყენებთ ნარჩენების მოსაგროვებლად. ეკამ კი რამდენიმე წარმატებული ცდის შედეგად ერთგვარი ნაჭერი მიიღო. “ამის შესახებ ჩემს მეგობარ ნათია ბაღათურიას (ახლა უკვე წარმოების ხელმძღვანელს) ვუამბე, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს სამკერვალო საქმეში და სწორედ მისი დადებითი რეაქცია იქცა ჩემი იდეების განხორციელების ერთ-ერთ მთავარ სტიმულად და ერთად დავიწყეთ მის სამკერვალოში ამ ახლად მიღებული, პოლიეთილენის ნარჩენებისგან დამზადებული ნაჭრისგან კერვა” – იხსენებს ეკა ასათიანი.
რა თქმა უნდა, ამ ინოვაციური ხასიათის საქმის მიმართ ყველას არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდა – ნაწილი აღფრთოვანდა, როგორ შეიძლება ერთი შეხედვით უსარგებლო ნარჩენებმა, რომლებიც მავნეა ჩვენი გარემოსთვის და ადამიანების ჯანმრთელობისთვის, ახალი სიცოცხლე შეიძინოს. ნაწილმა კი უბრალოდ ვერ გააცნობიერა, როგორ შეიძლება “არაფრისგან” რაიმე ღირებულის შექმნა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდანვე Plastic Watcher სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში იღებს მონაწილეობას. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველი საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებული სოციალური საწარმოებისთვის განკუთვნილი საგრანტო კონკურსი იყო, რომლის ფარგლებშიც თითო პროექტი 50 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსა. სწორედ ამ ხუთეულში მოხვდა Plastic Watcher-იც, რამაც საწარმოს პროდუქციის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი – “ამ თანხით შევიძინეთ მაღალი ხარისხის სამკერვალო დანადგარები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი საქმიანობისთვის”.
იმავე წელს საწარმომ მილანში გამართულ საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც ფინალში აღმოჩნდა, როგორც ორიგინალური მასალის შემქმნელი. საბოლოოდ კი Plastic Watcher-ის ნივთები Rossana Orlandi-ის გალერეაში იყო გამოფენილი. “ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი წარმატებაა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველო ერთადერთი იყო, რომელიც ამ გალერეაში გამოფენილ ექსპოზიციებს შორის აღმოჩნდა” – აღნიშნავს ეკა ასათიანი.
დღეისათვის უკვე მრავლად არიან ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც პლასტმასს სხვადასხვაგვარი დატვირთვით იყენებს და სასარგებლო ნივთად გარდაქმნის. შეიძლება ითქვას, რომ Plastic Watcher ერთ-ერთი მნიშნელოვანი ბიძგიც კი აღმოჩნდა საქართველოში ამ საკითხის გააქტიურების თვალსაზრისით, რადგან სწორედ ეს არის ერთადერთი დაწესებულება, რომელიც პოლიეთილენის ნარჩენებისგან ნაჭერს ქმნის და 2019 წლიდან პირველი საწარმო იყო, რომელმაც დიდი ინტერესი დაიმსახურა საერთაშორისო მასშტაბით.