22
Nov
2018

პოლიეთილენის ნარჩენებისგან შექმნილი აქსესუარები

22 Nov 2018

Startauperi
Startauperi


„დაახლოებით, 20 წლის წინ, იმას, რომ ქვეყნის მომავალი, გარემოს დაცვა თითოეულ ადამიანზე იყო დამოკიდებული, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი… მაშინ, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ახალი ცნება იყო. თუმცა, გამიმართლა და ისეთ ადამიანებთან მოვხვდი, რომლებმაც მიმახვედრეს, რომ დიახ, სწორედაც ჩვენ უნდა გვაწუხებდეს და ვზრუნავდეთ იმ გარემოზე, სადაც ვცხოვრობთ“, – ეკა ასათიანი PlasticWatcher-ის ავტორია. კომპანიის, რომელიც პოლიეთილენისა და პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებით, სხვადასხვა პროდუქციას ქმნის.

იმის გამო, რომ დღეს, მისი ხედვა ასეთია, მასწავლებლებს: გელა ჩარკვიანს, დათო ცხადაძესა და საკუთარ დას, ქეთი ჩაჩიბაიას ემადლიერება. ასევე, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის გუნდის წევრებს: ლევან ბუთხუზს, ზურა გურიელიძეს, ნათია კოპალიანს, ლაშა ბაბუაძეს, ბეჟან ლორთქიფანიძეს, კახა არცივაძეს. ამ ადამიანებს ეკას ინტერესის სფეროების ფორმირებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით.

 ჩვენი ქვეყანა და განსაკუთრებით, თბილისი იმდენად დაბინძურებულია ყველანაირად, ჰაერით, რასაც ვსუნთქავთ, ნაგვით… ფაქტობრივად, თვალებში სულ პოლიეთილენის პარკები, პლასტმასის ბოთლები, ალუმინის ქილები მაქვს. ეს კი, ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს. განწყობის ადამიანი ვარ და ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ ამ ყველაფერს.

ეკას ცხოვრებაში იდეები სულ პროტესტის შედეგად ჩნდება. PlasticWatcher-იც ერთგვარი გამოსავალია, კომუნიკაციის ფორმა პრობლემაზე სასაუბროდ. თავიდან, სახლში რაც პოლიეთილენი ჰქონდა, დაშალა, თერმულად დაამუშავა და დაპრესვის მეშვეობით, სხვადასხვა სისქისა და ფაქტურის მიღება სცადა. აღმოაჩინა, რომ პოლიეთილენის პარკისგან, მდგრადი გამოყენების მოდური ნივთების შექმნა იყო შესაძლებელი. მეგობარს, ნათია ბაღათურიას, რომელიც მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობს და საკუთარი სამკერვალო-სახელოსნო აქვს, იდეა გაუზიარა, მერე მაიკა გელაშვილიც ჩაერთო საქმეში და დღეს, ერთობლივად აკეთებენ: ჩანთებს, საწვიმრებს, სკოლის ზურგჩანთებს, კომპიუტერების ჩასადებებს, პენლებსPlasticWatcher, ანუ ის, რასაც ეკა, მეგობრებთან ერთად აკეთებს, ცირკულარული ეკონომიკის ბიზნესმოდელია, რომელიც გულისხმობს არსებული რესურსების, ნარჩენების ხელახლა გამოყენებას.

ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, არის ის ნაგავი, რასაც ადამიანები ქუჩაში ყრიან, არ იხრწნება, გარემოში რჩება ასე ზედაპირზე, რაც მიწის გამოფიტვას, დეგრადაციასა და ბიომრავალფეროვნების ჯაჭვის რღვევას იწვევს.

PlasticWatcher-ის როლი დღეს ნორმად ქცეული ქცევის შეცვლაა: ქუჩასა თუ ბუნებაში ნაგვის დაყრა, ვაჭრობისას, პოლიეთილენის პარკების არასაჭიროებისამებრ გამოყენება და ა.შ. კომპანია სარეკლამო სააგენტო ElSako-სთან თანამშრომლობს და გარდა ფერადი პარკებისა, პროდუქტის დიზაინში უკვე გამოყენებული ბანერებისგან შექმნილ სხვადასხვა გზავნილსაც იყენებს.
ძალიან ბევრი ადამიანის მხარდაჭერას ვგრძნობ. მგონი, ჩემ გარშემო, აღარავინ ყრის პარკებს და ყველას მე ვახსენდები ხოლმე. ჩემი მეგობრები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო ლამაზად დაკეცილ და ბევრ პარკს მომიტანს“.

PlasticWatcher-ის საიტზე, რომელიც ეკა ასათიანს მეგობარმა აჩუქა, უახლოეს მომავალში, ადამიანები შეძლებენ არა მხოლოდ პროდუქციის შეძენას, არამედ ინფორმაციის მიღებას პოლიეთილენსა და პლასტიკურ ნაგავზე, მათ მავნებლობაზე. მანამდე კი, პოლიეთილენის პარკებისგან დამზადებულ პროდუქციას Dalood მოდის სახლში, „ფაბრიკაში“, „პროსპეროს წიგნებში“… იპოვნით.

გვინდა, PlasticWatcher-ის დახმარებით, ჩვენი როლი გავიაზროთ გარემოსდაცვის საკითხებში – ნაკლები პოლიეთილენის პარკი გამოვიყენოთ და ერთ დღესაც, გარეთ რომ გავალ, ვეღარ ვნახო პლასტიკური ნაგავი.

განხილვა