ხშირად საყვარელ ადამიანებს შორის დისტანცია ძალიან რთული გადასალახია — მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ რეალობაში კომუნიკაციის უამრავი მარტივი გზა არსებობს. მიზეზი მარტივია: ზოგჯერ მხოლოდ შეხება გვამშვიდებს და გვაგრძნობინებს, რომ მარტო არ ვართ.
ამ საკითხის გადასაჭრელად, City University-ის მკვლევრებმა შექმნეს კანზე დასაკრავი, ელექტრონული პლასტირები, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებლებს დისტანციურად გადაეცემათ შეხების შეგრძნება. თითოეულ წყვილში განლაგებულია 16 ამომრთველი, Bluetooth მოდული, ციფრული გადამყვანი და მოქნილი მიკროსქემის დაფა.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა დეტალის მეშვეობით, ელექტრული დენი ციფრულ სიგნალად გარდაიქმნება, როდესაც პლასტირს ვინმე ეხება. მიმღები კი საკუთარ სხეულზე ვიბრაციას იგრძნობს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ვიღაც ეხება. მომხმარებლებს შეუძლიათ, ე. წ. პაჩები სხეულის ნებისმიერ ადგილას დაიმაგრონ — ფეხებზე, მკლავებზე, ზურგზე, კისერზე და ა. შ.
ტექნოლოგიის ამგვარი განვითარება იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ერთ დღესაც მსგავსი პლასტირები კომუნიკაციის ახალ წყაროდ იქცეს — ისეთ გავრცელებულად, როგორც სმარტფონი და ინტერნეტია.
ამჟამად გუნდის მიზანია, ტექნოლოგია მათზე მორგებული გახადოს, ვისაც მხედველობის პრობლემები აქვს… მაგალითად, განიხილავენ ბრაილის შრიფტის ინტეგრირებასაც.