ჩვენს ვენებში, არა მარტო სისხლი, არამედ პლასტმასის მტვერიც კი მიედინება… ალბათ, ეს არც ისე კარგად ჟღერს, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ დედამიწა პლასტმასის ნარჩენებით სავსეა, ნამდვილად ბუნებრივი მოვლენაა.
კონკრეტული შედეგი ამსტერდამის უნივერსიტეტების მკვლევრებმა 22 დონორის სისხლის გაანალიზებით მიიღეს. ორი განსხვავებული მეთოდით კი 17 ნიმუშში პლასტმასის რამდენიმე სახეობა აღმოაჩინეს. საუბარია პოლიეთილენის ტერეფტალატზე, რომელიც ტანსაცმლისა და ბოთლების შესაქმნელად გამოიყენება და მანქანის ნაწილებისთვის, ხალიჩებსა თუ საკვების კონტეინერების დასამზადებლად საჭირო სტიროლის პოლიმერზე.
საშუალოდ, სისხლის ერთ მილილიტრში 1.6 მიკროგრამი პლასტიკური მასალა იყო, მაქსიმალური რაოდენობა კი 7 მიკროგრამს აღწევდა. ვარაუდობენ, რომ 700-ნანომეტრიან ზღვარს მიახლოებულ პატარა ნაწილაკებს ორგანიზმი უფრო სწრაფად აითვისებს, ვიდრე უფრო დიდ ნაწილაკებს, რომელიც 100 მიკრომეტრს აღემატება.
მართალია, ჩვენ ჯერ ზუსტად არ ვიცით, რა გავლენა აქვს ამას ჯანმრთელობაზე, მაგრამ ფაქტია, რომ 2040 წლისთვის პლასტმასის ნარჩენების რაოდენობა გაორმაგდება.
„ჩვენ ვიცით, რომ ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები ქიმიური ნაწილაკების ზემოქმედების მიმართ უფრო დაუცველები არიან“, — ამბობს დიკ ვეტააკი, ეკოტოქსიკოლოგი.
ხოლო იმისათვის, რომ უკვე კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა შევძლოთ, ჯერ უნდა გავიგოთ პლასტმასის ნაწილაკები პლაზმაში თავისუფლად მოძრაობს თუ სისხლის თეთრი უჯრედებით შთაინთქმება.