in

პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული წყალი იმაზე 10-ჯერ უფრო საზიანოა, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ!

ბაზარზე არსებული პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული წყალი დიდი ხანია მიიჩნევა ონკანის წყლის უსაფრთხო ალტერნატივად, თუ, რა თქმა უნდა, მას პირდაპირ მთის წყაროდან არ იღებთ… თუმცა ახლა კოლუმბიისა და რატგერსის უნივერსიტეტების მეცნიერთა ახალი კვლევა ამბობს, რომ ბოთლებში ჩამოსხმული წყალი ძალიან ცუდი შეიძლება იყოს, როცა საქმე მიკროსკოპულ პლასტმასის დამაბინძურებლებს ეხება, იმათ, რომლებიც ჩვენს სისხლშიც კი აღწევს. 

M2
M2

ამ ნაწილაკების ზომები 5 მილიმეტრიდან 1 მიკრომეტრამდეც შეიძლება იყოს. აქამდე არსებული კვლევებიც გვაფრთხილებდა, რომ წყალი ათასობით პლასტმასის ნაწილაკს შეიცავდა, მაგრამ ეს კვლევები, უმეტესად, ტექნოლოგიური შეზღუდვების გამო 1 მიკრომეტრზე შეჩერდა… თუმცა ამჯერად ბიოფიზიკოსისა და კვლევის თანაავტორის ვეი მინის ახლად განვითარებული ლაზერის ტექნოლოგია გამოიყენეს, რათა კიდევ უფრო მცირე ფრაგმენტები აღმოეჩინათ — დადგინდა, რომ ერთ ლიტრ ჩამოსხმულ წყალში პლასტმასის 240 000 ფრაგმენტია!

ამათგან 90% ნანოპლასტმასადაა მიჩნეული, რომლებიც, როგორც სახელი გვეუბნება, 1 მიკრომეტრზე მცირე ზომისაა. მიკროპლასტმასასგან განსხვავებით, ნანოპლასტმასებს ნაწლავებისა და ფილტვების გავლით სისხლში მოხვედრა შეუძლია. აქედან გულის კუნთსა და სხვა ორგანოებში დაბინავება, არსებული ბარიერების გარღვევა და ტვინში მოხვედრაც. ეს ნივთიერებები პლაცენტის გარღვევით დაუბადებელი ჩვილების სხეულშიც კი აღწევს… 

მეცნიერებმა სამი პოპულარული ბრენდის წყალზეც ჩაატარეს ექსპერიმენტი, მართალია, სახელებს არ გვიზიარებენ, მაგრამ გვეუბნებიან, რომ მათში ყველაზე გავრცელებული ნანოპლასტმასას ტიპი PET იყო — ის, რომელსაც ბოთლებში ჩამოსხმული წყლის ინდუსტრიაში გამოიყენებენ. კიდევ ერთი გავრცელებული ნივთიერება ნეილონი აღმოჩნდა, რომელზეც ვარაუდობენ, რომ წყალში ფილტრებიდან აღწევს.

დიახ, მრავალი კვლევა ადასტურებს იმას, რომ პლასტმასას წარმოებისას გამოყენებული ქიმიკატები საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, აზიანებს ჩვენს ძირითად ორგანოებს, იქნება ეს თირკმელი, ღვიძლი, გული, რეპროდუქციისა თუ ნერვული სისტემა… თუმცა ნანოპლასტმასების უზარმაზარი სამყაროა ჯერ კიდევ შესასწავლი და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც უფრო პატარაა ეს ნივთიერებები, მით უფრო მარტივად აღწევს ჩვენს სხეულშიც.

Get Ready! — Apple Vision Pro 2 თებერვალს გამოდის

„ოპტიმო” უზბეკეთის ბაზარზე შევიდა – მაღაზიების ქართული პროგრამის წარმატება