წყლის სმა რომ ადამიანისთვის ძალიან სასარგებლოა, ვიცით, მაგრამ ყოველთვის იმის საშუალება არ გვაქვს, წყალი ჭიქაში ჩამოვისხათ, ამიტომ გვიწევს მისი ყიდვა პლასტმასის ბოთლებით, რადგან ასე უფრო პრაქტიკულია ჩვენთვის. ასევე სიცხეში, როცა გარეთ ვართ და მოგვწყურდება, უცებ შევდივართ მაღაზიაში და გამაგრილებელ სასმელს ვყიდულობთ, რომელიც ასევე პლასტმასის ბოთლშია ჩამოსხმული.
პლასტმასის ბოთლები ყველგან გვხვდება: მაღაზიის თაროებზე, კაფე-ბარებში, სახლში…როგორც გარემოსდაცვითი კვლევები გვამცნობს, ერთი ადამიანი წელიწადში საშუალოდ 156 ასეთ ბოთლს მოიხმარს. ისეთი სტატისტიკაც არსებობს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ გამოკითხულ ადამიანთა 15% წყალს მხოლოდ პლასტმასის ბოთლიდან სვამს. თუ ერთმანეთს შევადარებთ 2004 წლისა და 2016 წლის მონაცემებს, ვნახავთ, რომ პლასტმასის ბოთლის გაყიდვებმა საგრძნობლად მოიმატა, დღესდღეობით კი წუთში დაახლოებით მილიონი ბოთლი იყიდება.
ადამიანთა უმეტესობისთვის ეს ბოთლები მხოლოდ იმ პროდუქტის ჭურჭელია, რომელიც შიგნით ასხია, მაგრამ სად მიდის ამდენი გამოყენებული ბოთლი? ამაზე ალბათ ნაკლებად ვფიქრობთ. ჩვენი და ამ ბოთლების კავშირი ხომ მაშინ წყდება, როცა მას ბოლომდე დავცლით და გადავაგდებთ? რეალურად საქმე გაცილებით რთულადაა, რადგან პლასტმასის ბოთლები ჩვენს გარემოში რჩება და მას აბინძურებს. დღეს კი, როცა პლასტმასის მავნებლობის შესახებ ცნობიერება ნელ-ნელა იზრდება, ამაზე საუბარი აუცილებელია.
სანამ უშუალოდ პლასტმასის ბოთლის მავნებლობაზე ვისაუბრებთ, ორიოდე სიტყვა ვთქვათ თავად მის შემადგენლობაზე.
პლასტმასის ბოთლები
ისინი პოლიეთილენ ტერეფტალატისგან მზადდება, რომელიც მეორენაირად ცნობილია, როგორც PET. ის ნავთობის ნახშირწყალბადებისგან მიიღება. ბოთლების წარმოების ძირითადი მეთოდი უნივერსალურია. ისინი ძალიან მსუბუქია, თუმცა, ამის მიუხედავად, გამძლე და მყარია, არ ტყდება მარტივად და მოსახერხებელია სატარებლად.
ასეთი ბოთლების გამოყენება 1941 წლიდან დაიწყეს. მას შემდეგ, მომხმარებელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, წყლის ბოთლების წარმოება სტაბილურად იზრდება. შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ დღესდღეობით იმდენი პლასტმასა მივიღეთ, რომ მასთან გამკლავება უკვე რთული ხდება.
დაშლის პროცესი და მასთან დაკავშირებული სირთულეები
National Geographic-ის მიხედვით, PET პლასტმასის ბოთლის დაშლას 450 წელი სჭირდება. ამას ამძაფრებს ისიც, რომ კვლევის მიხედვით, თუ ეს ბოთლი ნაგავსაყრელზე დარჩება ქვიშის ან სხვა ნარჩენების ქვეშ, ის აღარც დაიწყებს დაშლის პროცესს, რადგან ამ მასალის დაშლას ულტრაიისფერი სხივები სჭირდება. ამას ფოტოდეგრადაცია ეწოდება – მზის სხივი ხვდება ბოთლის ზედაპირზე და მისი შემადგენლობის რღვევას იწყებს, თუმცა, თუ პლასტმასა სხივებისგან დაფარულია, ის მთლიანი დარჩება და ვერც 450 წელში დაიშლება.
არსებობს შემთხვევა, როცა არა მთლიანი ბოთლი, არამედ მისი ნაწილები რჩება გარემოში, რაც შემდგომ სხვა გართულებების წინაპირობაა. ის შეიძლება დარჩეს ნიადაგში ან წყალგაყვანილობის გზებში, რაც, საბოლოოდ, მაინც ნეგატიურ გავლენას მოახდენს გარემოზე – იმოქმედებს ხმელეთისა და წყლის ბინადარ ცხოველებზე და შესაძლოა ჩვენს საკვებშიც კი მოხვდეს.
„სიცოცხლის” რა გზას გადის პლასტმასის ერთი ბოთლი
პლასტმასის ბოთლის სასიცოცხლო ციკლი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი არის წარმოება – ის მომენტი, როცა მოიპოვებენ ნედლ ნავთობს, გადაამუშავებენ ქარხანაში და ქიმიური ნაერთების მეშვეობით პლასტმასის ბოთლად გარდაქმნიან. შემდეგ ბოთლები იგზავნება ჩამოსასხმელ ქარხანაში, სადაც ივსება და იფუთება. თავის მხრივ, ნავთობის მოპოვებაც უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე, რადგან ბუნებრივი რესურსების გადამეტებულად გამოყენება, ნელ-ნელა მის ამოწურვამდეც მიგვიყვანს.
მეორე ეტაპია მისი დისტრიბუცია, ის ნაწილი, რომელიც ყველამ კარგად ვიცით. ქარხნიდან ბოთლები მაღაზიებში რიგდება, შემდეგ კი მათ ჩვენ ვყიდულობთ. თავისი უარყოფითი გავლენა გარემოზე მოჭარბებულ დისტრიბუციასაც აქვს, რადგან ის ნახშირორჟანგის ემისიების გავრცელებას უწყობს ხელს. ის კი, თავის მხრივ, კლიმატურ ცვლილებებზე მოქმედებს და ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც ზიანის მომტანია.
მესამე და ჩვენთვის ამჯერად ყველაზე საინტერესო ეტაპია ნარჩენების განკარგვა. არსებობს ნარჩენების მართვის სპეციალური სამსახურები, რომლებიც იბარებენ ცარიელ ბოთლებს. ამის მიუხედავად, ბოთლების 90%-ამდე მიდის ნაგავსაყრელებზე ან ოკეანეში, სადაც დარჩება ასობით და ასეულობით წლის განმავლობაში.
მართვის სამსახურებში მოხვედრილი ბოთლები უფრო „კეთილშობილურ” გზას გადის. აქ ისინი სორტირდება, იჭრება, ირეცხება და გადადნობის პროცესისთვის მზადდება, იმისთვის, რომ მათი ხელახალი წარმოება იყოს შესაძლებელი.
პლასტმასის ბოთლს არ აქვს თვითგადამუშავების უნარი, ამიტომ ჩათვალეთ, ყველა ბოთლი, რომელიც სპეციალურ სამსახურში ვერ მოხვდა, საბოლოოდ ნაგავსაყრელზე დაიდებს ბინას, იქიდან კი ბუნების წიაღში.
ცნობილ ანიმაციაში, „ნემოს ძიებაში”, თევზი, სახელად – გილი ამბობს: „ყველა სანიაღვრე ოკეანეში ჩაედინება”. ეს შედარება პლასტმასის შემთხვევაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. გადაუმუშავებელი პლასტმასა აუცილებლად მოხვდ ება ნიადაგში, ოკეანეში და ყველგან, სადაც ცოცხალი ორგანიზმებია, ამიტომ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი შეხედვით უწყინარი ბოთლი, რომელიც გადავაგდეთ, შეიძლება მის მიერ გამოყოფილი ტოქსინების მეშვეობით უკან დაგვიბრუნდეს.
პლასტმასის ბოთლის მოხმარების შემცირება
მას მერე, რაც პლასტმასის ბოთლის წარმოებისა და დეგრადაციის უარყოფით მხარეებს მეტ-ნაკლებად შევეხეთ, რამდენიმე რჩევასაც გაგიზიარებთ, თუ როგორ უნდა შეამციროთ მათი მოხმარება.
პირველ რიგში, შეგიძლიათ გამოიყენოთ მრავალჯერადი ბოთლები. ეს ბიუჯეტსაც დაგიზოგავთ და პლასტმასის გავრცელებისგანაც დაიცავთ გარემოს.
ამას გარდა, როცა გამოიყენებთ პლასტმასის ბოთლს და მეორედ აღარ დაგჭირდებათ, პირდაპირ ნაგვის ურნაში ნუ მოათავსებთ, ჩააბარეთ ისინი ნარჩენების მართვის სამსახურებში, სადაც ისინი სხვა პლასტმასის ნაწილად გარდაიქმნება და არ მოხვდება ნიადაგსა და ოკეანეში.
სტატია მომზადებულია პროექტის „საზოგადოების გაძლიერება ცირკულარული გადაწყვეტების დანერგვისათვის საქართველოში“, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.
[R]