in

წითელი პლასტმასა თეთრზე სწრაფად იშლება — და რას ნიშნავს ეს?

ნებისმიერი პლასტმასის შეფუთვა საბოლოოდ მიკროპლასტმასად გადაიქცევა, თუმცა ახლა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფერადი პლასტმასა, ანუ წითელი, მწვანე და ლურჯი  მეტად აბინძურებს გარემოს, ვიდრე თეთრი, შავი და ვერცხლისფერი პლასტმასები… 

M2
M2

ლესტერის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ფერადი პლასტმასის ნიმუშები უნივერსიტეტის ლაბორატორიის სახურავზე მოათავსეს და 3 წლის მანძილზე შეისწავლიდნენ, რა დაემართებოდათ მათ მზისა და წვიმის ზემოქმედების შედეგად. აღმოაჩინეს, რომ უფრო პასტელური ფერების პლასტმასა დიდად არ შეცვლილა, კაშკაშა მკვეთრი ფერები კი დანაწევრდა. თანაც ეს შედეგი გაერთიანებული სამეფოს ღრუბლიანი ამინდის პირობებში მიიღეს.

პლასტმასის ნიმუშები სამხრეთ აფრიკის სანაპიროდან აიღეს, რომლის ქვიშაც სავსე იყო ფერადი მიკროპლასტმასით. თუმცა აქ იყო ერთი თეთრი და შავი ფერის ძველი პლასტმასის ნაჭერიც, რომელსაც 30 წლით ათარიღებენ — იგი თითქმის უცვლელად იყო შემონახული…

და როგორ მოქმედებს ფერი პლასტმასის დაშლაზე? როგორც ვიგებთ, შავი პლასტმასა ნახშირბადისგან მზადდება, თეთრი და ვერცხლისფერი კი ტიტანის ოქსიდით. აღნიშნული ქიმიკატები პლასტმასს მზისგან იცავს, როცა სხვა ფერები გაცილებით მეტ შუქს შთანთქავს — ეს ძირითადად იწვევს მათ უფრო მეტად დეგრადაციას, რადგან პლასტმასის დაშლა მთლიანად ულტრაიისფერ რადიაციას ეხება. ხოლო ნახშირბადი და ტიტანის ოქსიდი პლასტმასისთვის მზისგან დამცავ ფუნქციას ასრულებს.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შავი და თეთრი პლასტმასა არ დაიშლება, იმის გამო, რომ უფრო დიდხანს ძლებს, მისი დასუფთავება, პირიქით, უფრო მარტივი იქნება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეორე მხარეს პლასტმასის ფრაგმენტები გვაქვს მიკროპლასტმასისა და უფრო პატარა ნანოპლასტმასების სახით, რომელთა გარემოდან ამოღება ბევრად უფრო რთულია და ადამიანის ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება. 

თანაც მიკროპლასტმასა ახლა ყველგან გვხვდება, იქნება ეს მარილი, ლუდი თუ არქტიკული თოვლი და ღრუბლები. ველურ ბუნებამდეც კი მიაღწია — როგორც ვიგებთ, ვეშაპი დღეში მიკროპლასტამასის 10 მილიონ ერთეულს ჭამს… ადამიანის დედის რძეშიც კია, გულში, სისხლში, ფილტვებსა თუ სხვა ორგანოებში. თანაც ტოქსიკური ქიმიკატები ახლავს თან, რომლებიც კანში შეიწოვება და ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება… 

ამგვარად, აღნიშნული კვლევა მწარმოებლებისთვის კიდევ ერთი მიზეზი უნდა გახდეს იმისა, რომ შეფუთვის დიზაინზე დაფიქრდნენ. ფერზე არჩევანი კი იმის მიხედვით უნდა გააკეთონ, თუ რამდენად მარტივად გადამუშავდება. აქვე, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გადამუშავების მაჩვენებლები ძალიან დაბალია, საუკეთესო ვარიანტი მაინც ერთჯერადი პლასტმასას მოხმარებაზე უარის თქმა უნდა იყოს.

თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს მუდმივი შეთავაზებები დაემატა

1-ელი ივნისის სადღესასწაულო ფასდაკლება სტეპში