in

რა ზიანს აყენებს გარემოს პლასტმასა და რამდენი წელი რჩება მისი ნარჩენები ბუნებაში

ჭურჭლით დაწყებული, სათამაშოებითა და ერთჯერადი მოხმარების ნივთებით დამთავრებული – მსოფლიოს გარშემო უამრავი საგანია, რომლებიც პლასტმასისგან მზადდება. სტატისტიკური მონაცემებით, 1950 წლიდან დღემდე ადამიანებმა 8,3 მილიარდი ტონა პლასტმასა გამოუშვეს, საიდანაც 6,3 მილიარდი უკვე ნარჩენებად არის ქცეული. აქედან მხოლოდ მცირე, 9% გადამუშავდა, დანარჩენი მოხვდა ნაგავსაყრელებზე, ველურ ბუნებაში, ზღვაში და სხვაგან.

მიუხედავად იმისა, რომ ფართო გამოყენების ეს პროდუქტი საკმაოდ მოსახერხებელია და მასზე დიდი მოთხოვნა შედარებით დაბალი ფასის გამოც მაღალია, გარემოსდამცველები გვაფრთხილებენ, რომ პლასტმასის ნარჩენები სერიოზულად აბინძურებს ბუნებას. ამას კი ნეგატიური შედეგები მოჰყვება. ცხადია, პლასტმასის მოხმარებას ერთი ხელის მოსმით არავინ შეწყვეტს. მაშ რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ იმისთვის, რომ გარემო არ დაზარალდეს? ამ კითხვაზე პასუხია – ნარჩენების შემცირებაზე აქტიური მუშაობა.

პლასტმასის გამძლეობა და მისი მოხმარების სტატისტიკა

თქვენ შეიძლება მარტივად გატეხოთ პლასტმასისგან დამზადებული სათამაშო, მაგრამ იცოდით, რომ მის ნარჩენებს ათასწლეულობით შეუძლია დედამიწაზე დარჩენა? პლასტმასის უმეტესობა თავის მოლეკულურ ფორმას განუსაზღვრელი ვადით ინარჩუნებს.

ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები წელიწადში დაახლოებით 50000 პლასტმასის ნაწილაკს მოიხმარენ და ანალოგიურ რაოდენობას შეისუნთქავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს სხეულში ყოველწლიურად პლასტმასის დაახლოებით 100 000 ნაწილაკი აღწევს.

სხვადასხვა პლასტმასას დაშლის განსხვავებული დრო აქვს, ზოგს მეტი სჭირდება, ზოგს – ნაკლები, თუმცა ჯამში მაინც იმ აზრამდე მივდივართ, რომ მათი დაშლის პროცესი ნელა მიმდინარეობს და ეს ხანგრძლივობა საკმარისია გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის მოსახდენად.

დაშლის პროცესის ზოგადი სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

პლასტიკური სასურსათო ჩანთები: 10-დან 20 წლამდე

სენდვიჩის პარკები: 1000 წლამდე

პლასტმასის ჩალა: 100-500 წელი

პლასტმასის ბოთლები: 450 წელი

პლასტიკური საფენები: 450 წელი

პლასტიკური სანიტარული ბალიშები: 450-დან 1000 წლამდე

ყავის პაკეტები: 150-დან 500 წლამდე

ერთჯერადი ჭიქები: 50 წელი

წვენის დასალევი საწრუპები: 200 წელი

პლასტმასის ჯაგრისები: 500 წელი

პლასტმასის ტიპები და მისი დაშლის პროცესი

პლასტმასა არაბიოდეგრადირებადი მასალაა. დროთა განმავლობაში მისი დაშლის გზა არის მზის ულტრაიისფერი სხივები, თუმცა ისიც არა ბოლომდე, არამედ მცირე, მოლეკულურ ნაწილაკებად შლის მას, რაც მიკროპლასტიკს წარმოშობს. ეს უკანასკნელი კი ველურ ბუნებას საფრთხეში აგდებს. საზღვაო გარემოში ის ტოქსინებს გამოყოფს, რაც საზიანოა წყალქვეშა სამყაროს ბინადრებისთვის.

პლასტმასის ნარჩენი ასევე აღწევს ნიადაგში. მისი დაშლის პროცესში უაღრესად ტოქსიკური სითხე წარმოიქმნება, რომელიც წვიმის დროს შეიძლება მოხვდეს ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებში. ამასთან, პლასტმასის ნარჩენის დაწვის შედეგად, ის ხშირად აღწევს ჰაერში და იწვევს კლიმატურ კრიზისს. ეს კი იმითაა გამოწვეული, რომ წვის დროს პლასტმასა ნახშირორჟანგსა და სხვა სათბურის გაზებს გამოყოფს.

პლასტმასის რამდენიმე ტიპი არსებობს. მათგან ზოგიერთი უფრო საშიშია გარემოსთვის, ზოგი კი შედარებით ნაკლებად. მაგალითად, პოლიეთილენი, რომელსაც ერთჯერადი ჭურჭლისა და პლასტიკური პაკეტებისთვის გამოიყენება, გადამუშავებას ექვემდებარება, მაგრამ რაც შეეხება პოლისტირონს, რომელიც გამოიყენება სამრეწველო საქმიანობაში, როგორებიცაა: სამზარეულოს ჭურჭელი, ყუთები, კალმები და სათამაშოები, მომწამვლელ ტოქსინებს შეიცავს და მისი გადამუშავება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მოყვანილი მაგალითების გარდა, პლასტმასის სხვა ტიპებიც არსებობს, რომლებიც ასევე იყოფა დეგრადირებად და სახიფათო მასალად.

შეფუთვა, რომელიც გვეხმარება გადამუშავებადი პლასტმასის ამოცნობაში

შეფუთვის ინდუსტრია სამკუთხა პიქტოგრამას იყენებს თხელი ხაზებით. ეს არის ერთგვარი ბეჭედი, რომელიც იმაზე მიგვანიშნებს, რომ შეფუთვა, რომელსაც ასეთი სიმბოლო აქვს, შეიძლება გადამუშავდეს. გარდა ამისა, შეფუთვაში შეიძლება იყოს ინფორმაცია პლასტმასის ტიპის შესახებ. პლასტმასებზე განთავსებულ სიმბოლოებს განსხვავებული ტექსტი და ნომერი აქვს იმის ამოსაცნობად, თუ რომელი ტიპია ის და ექვემდებარება თუ არა გადამუშავებას. მაგალითად:

2-HDPE ნიშნავს მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენს;

3-PCV ნიშნავს პოლივინილ ქლორიდს;

4-LDPE ნიშნავს დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენს.

ასევე შეიძლება შეგხვდეთ 5-PP (პოლიპროპილენის შეფუთვა) და 6-PS (პოლისტიროლის შეფუთვა). მათზე მოთავსებული ბეჭედი მიუთითებს, რომ ისინი შეგვიძლია ჩავყაროთ ნარჩენების ურნაში.

რომ შევაჯამოთ, ცოტა ირონიულად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ ნივთები, რომელთაც ხშირად ერთჯერადი გამოყენებისთვის ვყიდულობთ, სამუდამოდ რჩება ბუნებაში და აგრძელებს მასზე ზემოქმედებას, ამიტომ მეცნიერები მოგვიწოდებენ, რომ ყველამ ერთად ვიზრუნოთ ნარჩენების შემცირებაზე.

სტატია მომზადებულია პროექტის „საზოგადოების გაძლიერება ცირკულარული გადაწყვეტების დანერგვისათვის საქართველოში“, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.

[R]

რამდენად გვეხმარება ხატვა კონცენტრირებაში?

ნესტან მიქელაძის ნამუშევრები ნიუ-იორკში გამოფინეს