მართალია, თავად პლასტმასის პროდუქტების სიცოცხლის ციკლი 10 წელს შეადგენს, მაგრამ გარემოში მოხვედრა ჩვენს პლანეტას ძვირად უჯდება — მის დაშლას 500 წლამდეც შეიძლება, დასჭირდეს… ამიტომ, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხნების არსებობა. თუმცა მანამდე იდეა იყო — კი არ გადაეგდოთ, არამედ შეეკეთებინათ საყოფაცხოვრებო ნივთები. შემდგომ ომმა ადამიანები ნივთების ხელახლა გამოყენებასაც მიაჩვია. სავარაუდოდ, ძველი პრაქტიკიდან თქვენც გემახსოვრებათ, შუშის ბოთლითა თუ კონტეინერით რძის შეძენისას, ცარიელი ქილის დაბრუნებაც რომ გვევალებოდა…
თუმცა ეს ინდივიდუალური ქმედებები იყო, უმეტესად პირადი საჭიროებით ნაკარნახევი და არა, გარემოს დაცვისთვის გამიზნული. ამ მხრივ კი ყველაზე დიდი ნაბიჯი მეოცე საუკუნეში გადაიდგა. უშუალოდ პლასტმასის გადამუშავების ცნებაც გარემოსდაცვითი რეზოლუციის ფარგლებში 1960-იან წლებში გაჩნდა. ამ პერიოდში ადამიანებმა უკვე დაიწყეს იმის გაცნობიერება, თუ რა გავლენა ჰქონდა პლასტმასის ნარჩენებს გარემოზე და ასე მივედით მსოფლიოში პირველი პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხნის შექმნამდე — 1972 წელს ამერიკაში, პენსილვანიის პატარა ინდუსტრიულ ქალაქ კონშოჰოკენში გაიხსნა. როგორც ვიგებთ, საყოფაცხოვრებო პლასტმასას იბარებდნენ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ მწირი ინფორმაციები არსებობს.
ამგვარად, მანამდე თუ ეს ნარჩენები ნაგავსაყრელებს ავსებდა და დიდი საფრთხის წინაშე აყენებდა ჩვენს პლანეტას, ახლა მისი მართვის იდეა გაჩნდა. ასევე გაამყარა აზრი, რომ გარემოზე ზრუნვა ეკონომიკურად მოგებიანიც შეიძლებოდა, ყოფილიყო. ამას კი წინ უძღოდა 1900-იან წლებში გაჟღერებული ფრაზა: Waste as Wealth — ასე იმ მატერიალურ სარგებელს აღუწერდნენ მოსახლეობას, რომელსაც ნაგავში ნაპოვნი ნივთების დახარისხებისა და გაყიდვისგან იღებდნენ.
გამოდის, მაშინ მთავარ ამოცანას გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა, რისთვისაც ერთ-ერთი მეთოდი ვიზუალურად დასამახსოვრებელი ნიშნის შექმნა იყო და სწორედ ამ მიზნით 1965-1970-იან წლებში გარი ანდერსონმა საზოგადოებას Mobius Loop შესთავაზა: Reduce, Reuse, Recycle-ის სიმბოლო. შემდგომში დედამიწის დღეც დააწესეს, რითაც გლობალური პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღება მიაპყრეს.
საინტერესოა, რომ ცალკეულმა კომპანიებმაც პირველი გადამამუშავებელი ქარხნის გახსნამდე დაიწყეს გარემოსთვის სასარგებლო ნაბიჯების გადადგმა. ერთ-ერთი ასეთი კამპანია Bottle Bill-ის სახელითაა ცნობილი, რა დროსაც ლუდისა და გაზიანი სასმლის ქილის დაბრუნებისთვის ფასდაკლებას სთავაზობდნენ მომხმარებლებს.
თუმცა თავად გადამუშავების იდეა ახალი არ გეგონოთ. ქაღალდს იაპონიაში ჰეიანის პერიოდიდან, ანუ 1031 წლიდან ამუშავებენ. თუმცა თუ ისტორიის უახლოეს წარსულში გვსურს ჩახედვა, მაგალითად შეგვიძლია 1904 წელს ჩიკაგოსა და კლივლენდში გახსნილი ალუმინის ქილების გადამამუშავებელი ქარხანა მოვიყვანოთ.
საინტერესოა ომის გავლენაც — პირველი მსოფლიო ომის დროს ფედერალურმა მთავრობამ Waste Reclamation Service შექმნა გზავნილით Don’t Waste Waste – Save It. 1930-იან წლებში დიდ დეპრესიასაც ლითონისა და სხვა ნივთების ნარჩენების გაყიდვით გადაურჩნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს კი ამერიკელი მთავრობა მოსახლეობას პროდუქტების გადამუშავებასა და ხელახლა გამოყენებას სთხოვდა, მათი სია მოიცავდა საბურავებს, რკინასა და ნეილონს.
ასე მოსახლეობა უნებლიედ მიეჩვია მდგრად მოხმარებას, შემდგომ საჭიროებაც დაინახა და მასშტაბური ქმედებების აუცილებლობაც.
თუმცა პლასტმასის გადამუშავება ასე მარტივი არ გეგონოთ, მეტალისა და მინისგან განსხვავებით, პროცესი მრავალი ქიმიური ნაერთის დამატებას მოითხოვს. მანამდე წინასწარ დაწესებული შვიდი სიმბოლოს მიხედვით ხარისხდება, ზედმეტი ნარჩენები, მაგალითისთვის ქაღალდის სტიკერები, შორდება, პატარა ზომებზე ქუცმაცდება და დნება. აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, მარცვლების სახეს იღებს და მზადაა ხელახლა გამოსაყენებლად. სავარაუდოდ, ამ პროცესს მიმართავდნენ ისტორიაში პირველ პლასტმასის გადამამუშავებელ ქარხანაშიც, რომელზეც მართალია, ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ მთავარი აქ იდეა იყო, ეზრუნათ გარემოზე…
ავტორი: მაკუნა ჯუღელი